skip to content
ახალი ამბები

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი მიგნებები და დასკვნები

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარი მიგნებები და დასკვნები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „კენჭისყრის დღემ დამკვიდრებული პოლარიზაცის ფონზე ჩაიარა, რომელსაც  ბოლო დროს მიღებული კანონის და ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი ზეგავლენის გამო მზარდი შეშფოთება  აზიანებდა“. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტებს, ზოგადად, ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა, „ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე“

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მართალია საკანონმდებლო ბაზა უზრუნველყოფს სათანადო საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, „ბოლო დროს განხორციელებული ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც შეშფოთებას ზრდის კანონმდებლობის პოტენციურად პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენების კუთხით“.

მისია აღნიშნავს, რომ „ფინანსურ რესურსებს შორის არსებული მნიშვნელოვანი დისბალანსი და დაკავებული თანამდებობით სარგებლობის შეუსაბამო უპირატესობა ისედაც უთანასწორო საასპარეზო პირობებს კიდევ უფრო უთანასწოროს ხდიდა. პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით ინსტრუმენტალიზაცია უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ახალი ამბების გაშუქებაზე, რაც ამომრჩევებს ხელს უშლიდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ  წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის ეფექტურობა დაზიანდა შეზღუდული აღსრულებითა და ზედამხედველი ორგანოს მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის კუთხით არსებული შეშფოთებით.

არჩევნების დღე ზოგადად პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ „ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, და ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე“. 

მისია აცხადებს, რომ „საკანონმდებლო ჩარჩოს ხშირი ცვლილება (20-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება 2020 წლის შემდეგ) მათ შორის არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე და ფართო პარტიათაშორისი მხარდაჭერის გარეშე მიღებული ზოგიერთი ცვლილებები ძირს უთხრიდა მის სტაბილურობას და შეშფოთების საფუძველს ზრდიდა სავარაუდოდ პოლიტიკური სარგებლის მისაღებად მისი ბოროტად გამოყენების გამო“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართულ მხარეთა უმრავლესობა ნდობას უცხადებდა საარჩევნო ადმინისტრაციას მისი ტექნიკურ და ორგანიზაციული კომპეტენციების გამო, „გამოითქვა წუხილი ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევისა და წარდგენისა პროცესის კონტროლზე უფლებამოსილების სახელისუფლებო პარტიისთვის გადაცემას, გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და ასევე, არაპარტიულ წევრებსა და სახელისუფლებო პარტიას შორის სავარაუდო კავშირების თაობაზე, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის მიმართ არსებულ აღქმაზე“.   

აღნიშნავს რა, რომ ელექტრონული მოწყობილობების შემოღებას დაინტერესებულ მხარეთა უმეტესობა მხარს უჭერდა, მისია აცხადებს, რომ „ძირითადი დაინტერესებული მხარეები, როგორებიც არიან პოლიტიკური პარტიები და ადგილობრივი დამკვირვებლები, არ დაუშვეს აუდიტის პროცესზე დასასწრებად და მათ შეზღუდულად მიუწვდებოდათ ხელი რელევანტურ დოკუმენტაციაზე, რაც ზღუდავდა გამჭვირვალობას და არ შეესაბამებოდა საერთაშორისო კარგ პრაქტიკას“.

„ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართულ მხარეთა უმრავლესობას განსაკუთრებული შეშფოთება არ გამოუთქვამს ამომრჩეველთა სიის სიზუსტესა და ინკლუზიურობასთან დაკავშირებით. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა ეჭვი შეიტანა რეგისტრაციის ლეგიტიმურობაში, როდესაც ერთ მისამართზე რეგისტრირებული იყო არაერთი ამომრჩეველი, რომლებიც უცნობ პირებს წარმოადგენდნენ ფაქტობრივი მაცხოვრებლებისთვის“, – ნათქვამია შეფასებაში.

წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად მიმდინარეობდა; საარჩევნო სუბიექტებს ზოგადად შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანიები, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა „დაშინების, იძულებისა და ზეწოლის“ შესახებ.

დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მმართველი პარტიის უპირატესობა, მათ შორის ფინანსური უპირატესობა ოპონენტების მიმართ. ამავე დოკუმენტის თანახმად, ახლად ჩამოყალიბებული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ საკანონმდებლო ნორმების გამოყენება შერჩევითი იყო და არ იყო თანმიმდევრული, რაც ნეგატიურად აისახებოდა ბიუროს დამოუკიდებლობაზე.

მისია აცხადებს, რომ მედია მრავალფეროვანი, მაგრამ „ძალზედ პოლარიზებულია“ და დაფინანსების თვალსაზრისით დამოკიდებულია პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული კერძო პირებზე, რაც ძირს უთხრის დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას. „ჟურნალისტების უსაფრთხოება ბოლო დროს მათ წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი თავდასხმისა და დაშინების აქტებისა და ზეწოლის გამო  კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია“, – ნათქვამია მისიის შეფასებაში.

დავების გადაწყვეტის ეფექტურობა კვლავაც შეზღუდული იყო „ამომრჩეველთათვის კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების, პროცედურული ხარვეზების, კანონმდებლობის ორაზროვნებისა და მისი გამოყენების არათანიმდევრულობის გამო“. მისია აღნიშნავს, რომ „კენჭისყრის დღემდე საარჩევნო კომისიებში 220-ზე მეტი საჩივარი დაიწერა საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობისა და მათი წევრების დანიშვნის, ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო ბოროტად გამოყენების და წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის შესახებ. გადაწყვეტილებათა უმრავლესობა საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა მიიღეს და არა კომისიათა სრულმა შემადგენლობებმა, რაც ძირს უთხრის კოლეგიალობას და ამცირებს გამჭვირვალობას და ეწინააღმდეგება ODIHR-ის მიერ წარსულში გაცემულ რეკომენდაციებს“. მისიის თქმით, ბევრ საჩივარს დაუსაბუთებლობის გამო ეთქვა უარი, თუმცა საჩივრების არსი ადეკვატურად გამოძიებული არ ყოფილა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ძალოვანი სტრუქტურების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა, რომ პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხები ეფექტიანად და მიუკერძოებლად იქნება გადაწყვეტილი, კვლავაც დაბალია“.

რაც შეეხება თავად არჩევნების დღეს, მისია აცხადებს, რომ ის „ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობთით, ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ინციდენტით და ამომრჩეველთა და ასევე, ადგილობრივი დამკვირვებლების დაშინებით“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების 25 პროცენტში საარჩევნო ბიულეტინების ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარების გამო“.

 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხშირად მიუთითებდნენ ამომრჩევლებზე ზეწოლისა, საარჩევნო უბნებზე მოქალაქეთა სიჭარბისა და ასევე პროცედურების არათანმიმდევრული დაცვის ფაქტებზე. ბევრ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხმის მიცემის პროცესის ვიდეოგადაღებას ახორციელებდნენ ან აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს, რაც შეშფოთებას ზრდის სავარაუდო დაშინების თაობაზე.

„ადგილობრივი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელ დამკვირვებელთა მონაწილეობა საარჩევნო პროცესში ზრდის გამჭვირვალობას, თუმცა ბევრი ადგილობრივი დამკვირვებელი საარჩევნო სუბიექტის სახელით მოქმედებდა“, – ნათქვამია შეფასებაში. „ხმების დათვლის დროს, პროცედურის გარკვეული ეტაპების უგულვებელყოფა ხდებოდა, მათ შორის გამოუყენებელი ბიულეტინებს არასათანადოდ ეპყრობოდნენ, არ ხდებოდა გაკეთებული არჩევანის ხმამაღლა გამოცხადება და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ ასევე აღნიშნა, რომ ბიულეტინის ნამდვილობის განსაზღვრის დროს თანმიმდევრულობა არ იყო დაცული. დაჯამება დადებითად შეფასდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების ოქმების სიზუსტე და სისრულე არ იყო თანმიმდევრულად გადამოწმებული, რა დროსაც საოლქო საარჩევნო კომისიები განმარტავდნენ, რომ ოფიციალური შედეგების გაფორმება ეროვნულ დონეზე ხდება“.   

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია შედგება ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებისგან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button