skip to content
ახალი ამბები

სადამკვირვებლო მისია არჩევნების გაყალბების სქემაზე საუბრობს და 189 უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს

ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“, რომელიც ათობით ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, არჩევნების გაყალბების სქემა გამოავლინა, და გამოძიებისა და 300 000-ზე მეტი ხმის ბათილად ცნობისკენ მოუწოდა.

მისიის წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გაყალბების სქემა განმარტა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით არჩევნების გაყალბების სხვა მრავალი მეთოდი გამოიყენებოდა. მისი თქმით, აღნიშნული სქემა დასტურდება დამკვირვებლების მიერ მოწოდებული 370-ზე მეტი ფოტო და ვიდეო მასალით, დამკვირვებელთა დაწერილი საჩივრებით და თვითმხილველების ჩვენებებით. „აღნიშნულის გარდა, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენ მოვაგროვეთ საარჩევნო დარღვევების ამსახველი ასობით ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა. აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას ჩვენ ვასაჯაროებთ, გადავცემთ მედიას, ასევე, გავუზიარებთ საერთაშორისო საზოგადოებას“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისი თქმით, მისიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოქმედებდა წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული გაყალბების სქემა, რისთვის მზადებაც დაიწყო არჩევნებამდე. მნიშვნელოვან დარღვევებს განმეორებითი, განგრძობადი და სისტემური ხასიათი ჰქონდა, რასაც არჩევნების შედეგებზე არსებითი ხასიათის გავლენა აქვს.

ცესკოს მიერ საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის ცვლილების თანახმად, ნაცვლად იმისა, რომ რეგისტრატორების ფუნქცია არჩევნების დღეს წილისყრით გამოვლენილიყო, აღნიშნული წილისყრის ჩატარების ვადად განსაზღვრა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე. აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის შეუძლებელი იყო.

თოლორაიას თქმით, არჩევნების გაყალბების სქემა სარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღეს იყო შემდეგი:

– საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ნაწილს პასპორტში მოთავსებული ჰქონდა ან ID ბარათზე დაკრული ჰქონდა ფურცელი, რომელზეც დაწერილი იყო სხვა პირის პირადი ნომერი; ასევე, ამომრჩეველი ხმის მიცემას ტელეფონში არსებული ID ბარათის ფოტოასლის საშუალებით ახერხებს;

– გამყალბებელ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე ჰყავდათ მოკავშირე რეგისტრატორები, რომლებსაც: ა) სწრაფად უნდა შეეყვანათ ვერიფიკაციის აპარატში ფურცელზე დაწერილი პირადი ნომერი; ბ) და არ უნდა გაეკეთებინათ ან უხარისხოდ უნდა გაეკეთებინათ მარკირება. აღსანიშნავია, რომ ცესკომ საჯარო განხილვებისა და ჩართულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, ერთპიროვნულად და თვითნებურად შეცვალა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი და ნაცვლად იმისა, რომ რეგისტრატორების ფუნქცია არჩევნების დღეს წილისყრით გამოვლენილიყო, აღნიშნული წილისყრის ჩატარების ვადად განსაზღვრა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე.

– გაყალბების ამ სქემაში გამყალბებელს სჭირდებოდა ბიულეტენის მისაღებად მარკირებისაგან თავის მაქსიმალურად არიდება, რათა მას ჰქონოდა იგივე სქემით სხვა უბანზე მისვლისა და არჩევნებში კვლავ მონაწილეობის შესაძლებლობა; კერძოდ: მარკირების შემოწმების გარეშე ხდებოდა ამომრჩეველთა შეშვება საარჩევნო უბნებზე, არ გამოიყენებოდა მარკირების სითხე, დაფიქსირდა ასევე მარკირების გაკეთების დროს მანიპულაცია – მარკირების გაკეთების დროს თითის ან ხელსახოცის დაფარების გზით ამომრჩეველს ხელზე არ ხვდებოდა მარკირების სითხე. რიგ შემთხვევებში მარკირების სითხე და ფანრის ხარისხი არ იყო სათანადო: არ რჩებოდა მარკირების კვალი ან მარტივად იშლებოდა იგი, ხოლო ფანრები გამოსული იყო მწყობრიდან.

– გამყალბებელს და რეგისტრატორს ხელს უწყობდა კენჭისყრის ოთახში რეგისტრატორების მაგიდების იმგვარი განლაგება, რაც შეუძლებელს ხდიდა პროცესის დაკვირვებას. ასეთი ინფრასტრუქტურის პარალელურად, კომისიის წევრები და თავმჯდომარე კატეგორიულად უკრძალავდნენ დამკვირვებლებს რეგისტრატორების მაგიდებთან მიახლოებას. მაგიდასთან მიახლოებისას ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების უბნიდან გამოძევების არაერთ შემთხვევას,

– არჩევნების გაყალბების პროცესში მოკავშირეებად გვევლინებიან ე.წ. გონგო ორგანიზაციის დამკვირვებლები, რომლებსაც ჰქონდათ სამი ამოცანა: დამატებით გაენეიტრალებინათ დამკვირვებლები; მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად უბანთან მობილიზებული გამყალბებლები შეეყვანათ უბნებზე; საჭიროების შემთხვევაში შეექმნათ უბანზე ქაოსი, რაც რეგისტრატორსა და გამყალბებელს აძლევდა საშუალებას ყურადღების მიღმა განეხორციელებინათ ვერიფიკაციის პროცესი და გამყალბებლისთვის შეუფერხებლად გადაეცათ ბიულეტენი.

„ყოველივე ზემოაღნიშნული, გამყალბებელს აძლევდა საშუალებას მიღებული ბიულეტენით მიეცა ხმა“, – განაცხადა თოლორაიამ და დასძინა, რომ „გაყალბების ეს სქემა არ იწვევს დისბალანსს, რაც ახასიათებს სხვა ისეთ კარუსელებს, რომლებსაც სჭირდება უბნიდან ბიულეტენის გატანა“.

თოლორაიამ დამკვირვებელთათვის რთულ სამუშაო გარემოზე ისაუბრა, რადგან მათ არაერთხელ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და აიძულებდნენ დაეტოვებინათ უბნები.

„უკიდურესად შეზღუდული დაკვირვების, მტრული გარემოს შექმნის, ფიზიკური, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობისა და დაშინების მცდელობის მიუხედავად, დამკვირვებლებმა მაინც მოახერხეს ამ სქემის ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება და მტკიცებულებების დოკუმენტირება, რამაც გამოააშკარავა გაყალბების ეს სქემა და მისი მასშტაბი“, – განაცხადა თოლორაიამ.

მისი თქმით, ამ დროისთვის მომზადებულია და საოლქო საარჩევნო კომისიებს წარედგინება 189 უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩივრები სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. აღნიშნულ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 300 000-ს. „ჩვენი იურისტები აგრძელებენ მუშაობას შედეგების ბათილობის მოთხოვნით დამატებითი საჩივრების წარდგენაზე და შესაბამისად, ეს რიცხვი გაიზრდება“, – დასძინა მან.

მან ასევე მიმართა საგამოძიებო უწყებებს, დაიწყონ გამოძიება არჩევნების გაყალბების კვალიფიკაციით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button