skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა

მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა, რომლებიც დღემდე საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში რჩებიან, საკანონმდებლო ორგანოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ინიციატივა დაარეგისტრირეს. კანონპროექტზე 27 თებერვალს ბიუროზე იმსჯელეს და განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გადასცეს.

ალტერნატიული ვერსიით, „უცხოური ძალის აგენტი“ შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მათ შორის, ფიზიკური, რომელიც: უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე: ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში; მოქმედებს როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი; საქართველოში აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტებს, სესხად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას; წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დროს. კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან 5-წლამდე პატიმრობით.

კანონპროექტის ინიციატორი „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა დღეს ბიუროზე განმარტა, რომ ამერიკული კანონის „ზუსტი თარგმანი“ პარლამენტში იმისთვის წარადგინეს, რომ კომიტეტებში მოსმენისას, საზოგადოება დარწმუნდეს თუ „რამდენად სჯობს“ მათ მიერ წარდგენილი თავდაპირველი ვარიანტი. მისივე განმარტებით, ორივე კანონპროექტს პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან და საბოლოო ვარიანტს, „მათი რეკომენდაციების შესაბამისად“, სავარაუდოდ, ივნისის თვისთვის მიიღებენ.

ბიუროს სხდომის დაწყებამდე „რუსული კანონის“ გასაპროტესტებლად მისული ჟურნალისტთა ნაწილი დღეს პარლამენტში არ შეუშვეს. პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ „პარლამენტის შენობა, როგორც ადმინისტრაციული შენობა, არ არის ადგილი, სადაც დაშვებულია შეკრება და აქციის გამართვა“.


უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკვე მოჰყვა ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკა. 26 თებერვალს, გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში განაცხადა, რომ კანონის მიღებამ „შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი“. მანამდე კანონპროექტი გააკრიტიკეს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში, ასევე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერებმა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი – თქვა, რომ „ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. მიუხედავად მოწოდებებისა, რომ არ მიიღონ „აგენტების“ შესახებ კანონი, მმართველი გუნდი მის მხარდასაჭერად აქტიურ კამპანიას ახორციელებს.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button