skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა 14 დეკემბერს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 430 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 52-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.  

ქვემოთ მოცემულია ძირითადი პუნქტები რეზოლუციიდან:  

პოლიტიკური დიალოგი და არჩევნები 

ევროპარლამენტი სინანულს გამოხატავს საქართველოს პოლიტიკურ გარემოში არსებული „ღრმა პოლარიზაციის“ გამო და მოუწოდებს პოლიტიკურ მხარეებს, რომ თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკისგან და გაერთიანდნენ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მთავარი მიზნის შესასრულებლად, ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით.  

ევროპარლამენტი პოლიტიკურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ 19 აპრილის შეთანხმება წარმოადგენს გზას „საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ“.   

პარტია „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასამართლებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტმა აღნიშნა, რომ „სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის პარლამენტის მანდატის ჩამოსართმევად პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მკაფიო გამოხატულებაა“.  

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ შეწყვიტონ „აგრესიული სიტყვიერი თავდასხმდები“ ევროპარლამენტარებზე და ევრო-ატლანტიკური პარტნიორების წარმომადგენლებზე, როგორიც ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია, ასევე „უსაფუძვლო და საზიანო რიტორიკა“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობების შესახებ.   

არჩევნებთან დაკავშირებით, რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას დაასრულოს საარჩევნო რეფორმა ქვეყანაში და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ყველა ხარვეზი აღმოფხვრას ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.   

ევროპარლამენტმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ქართულმა ოცნება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას საარჩევნო რეფორმებზე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის გაგრძელების უფლება არ მისცა და მმართველ პარტიას ჯგუფში ორგანიზაციის ჩართვისკენ მოუწოდა.  

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ საჭიროა “აღმოიფხვრას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენა”, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესაბამისად, და ამ კონტექსტში ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი “ოლიგარქადაა” მოხსენიებული. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ სათანადო ზომები მიიღონ, მათ შორის პერსონალური სანქციები დააკისრონ ივანიშვილს და ყველა იმ პირს, რომლებიც დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე არიან პასუხისმგებელნი.  

ევროპარლამენტი მიესალმა დე-ოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის გადაწყვეტილებას და პარლამენტს მათი რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

ქართული ოცნება „დეოლიგარქიზაციაზე“ კანონპროექტს ვენეციის კომისიას გაუგზავნის

მიხეილ სააკაშვილი

რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს  ამერიკელი ექსპერტებისა და ექიმების მიერ გამოქვეყნებული ტოქსიკოლოგიური დასკვნის გამო, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის პათოლოგიური სიმპტომების უმეტესობა მძიმე მეტალებით მოწამვლის შედეგია, რამაც „მისი ჯანმრთელობის მდგომაორეობის სწრაფ გაუარესებას შეუწყო ხელი“. ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და „თუ მას რამე მოუვა, მათ პასუხი უნდა აგონ“.

რეზოლუცია მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოიყენოს საკუთარი საკონსტიტუციო უფლება და შეიწყალოს სააკაშვილი. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს, რომ „აქტიურად ჩაერთოს“ სააკაშვილის გათავისუფლებაში, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებისკენ მოუწოდებს.  

კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა და მედიის თავისუფლება  

ევროპარლამენტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ სასამართლო რეფორმა „შეჩერდა და რამდენიმე ძირითად სფეროში რეგრესიც განიცადა“. მან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ყველა დონეზე, და განსაკუთრებით უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესში ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები აღმოფხვრას.  

მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „ყოვლისმომცველი რეფორმა“ განახორციელოს, სანამ მისი დარჩენილი წევრები დაინიშნებიან, და რომ პროცესი გამჭვირვალე, დამსახურებაზე-დაფუძნებული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს.  

ევროპარლამენტმა იმ ფაქტის გამოც გამოთქვა სინანული, რომ უზენაეს სასამართლოში დანიშვნები რეკომენდაციების გათვალისწინებამდე განხორციელდა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამის გაკეთებისკენ არაერთხელ მოუწოდეს.  

ევროპარლამენტმა ხელისუფლებას კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის გაძლიერება, კერძოდ „მაღალი დონის კორუფციის საქმეებთან მიმართებით“.  

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას „ეფექტურად გამოიძიოს“ 2021 წლის სექტემბერში გავრცელებული უკანონო ჩანაწერების საქმე და  ამასთან შეშფოთებას გამოთქვამს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო, რომლის მიხედვითაც იზრდება იმ დანაშაულების რაოდენობა, რომლებზეც ფარული საგამოძიებო ქმედებების განხორციელება ნებადართულია. ამავე ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა ექვსიდან ცხრა თვემდე იზრდება.

პრესის თავისუფლება

რაც შეეხება პრესის თავისუფლებას, ევროპარლამენტმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა იმის გამო, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გააჩნია „მყარი“ სამართლებრივი ჩარჩო გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, „2021 წელს მედიაგარემო და ჟურნალისტების უსაფრთხოება გაუარესდა“.

ევროპარლამენტმა დაგმო ჟურნალისტების წინააღმდეგ დაშინების, მუქარებისა და ძალადობის შემთხვევები, ასევე მედიის მუშაკთა და მფლობელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებების რაოდენობის ზრდა, და მოუწოდა ხელისუფლებას მედიის საქმიანობაში „უკანონი ჩარევისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებების ეფექტური გამოძიება ჩაატაროს“.

მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მედიის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, როგორიცაა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი, საერთაშორისო სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შეუსაბამოს. ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, მათ შორის სარედაქციო დამოუკიდებლობა, გამჭვირვალე მედია მფლობელობა და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტური და მიუკერძოებელი გაშუქება როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ მაუწყებლებში, განსაკუთრებით კი არჩევნების დროს.  

ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას შეწყვიტოს მედიის წინააღმდეგ „პოლიტიკურად მოტივირებული“ სისხლის სამართლის საქმეები. ამ კონტექსტში, მან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას საქმე, ასევე „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ ხელმძღვანელების საქმეები გაიხსენა, და პრეზიდენტ ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას და უზრუნველყოფს იმ პირთა უსაფრთხოებას, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმებისგან თავშასაფარს ეძებენ. ეს განცხადება იმ ინფორმაციას მოყვა, რომლის მიხედვითაც არაქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს საზღვარზე ადგილი ჰქონდა შევიწროებას და ხელისუფლების ჩარევას.  

ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა

ლგბტქ თემი და ქალთა უფლებები

რეზოლუცია გმობს 2021 წლის 5-6 ივლისის ჰომოფობიურ დარბევას, ისევე როგორც  ძალადობის ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირთა საქმეების გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ნაკლებობას. მან პროკურატურას საქმის ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც „მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის მიერ უამრავი მტკიცებულება შეგროვდა“.

წლევანდელ „პრაიდზე“ საუბრისას, ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ის შენობაში გაიმართა და რომ პოლიცია დროულად ჩაერია, რათა ძალადობრივი ჯგუფების ჩარევა აღეკვეთა. რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება და უზრუნველყოს დემონტრანტების უსაფრთხოება.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებები, მათ შორის ლგბტქ თემისა და ეთნიკური უმცირესობების, და სრულად განახორციელოს ადამიანის უფლებებისა და ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა. ევროპარლამენტმა ხელისუფლებას 2021-2030 წლების ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღებისკენ მოუწოდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სახალხო დამცველი

რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებელი ზედამხედველობის მნიშვნელობას და ამ კუთხით „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის საქმეში აწ უკვე ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას დადებითი როლია ხაზგასმული.

რაც შეეხება სახალხო დამცველს, რეზოლუცია გმობს ხელისუფლების მუდმივ მცდელობებს, რომ „ძირი გამოუთხარონ“ ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობას და „ეჭვი შეიტანონ ამ სამსახურისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერებაში“.

რეზოლუცია ხაზს უსვამს დემოკრატიულ ზედამხედველობაში არასამთავრობო ორგანიზაციების „გადამწყვეტ როლს“ და ევროკომისიას და წევრ სახელმწიფოებს არასამთავრობოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება

ომი უკრაინაში

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობას და სოლიდარობას მოითხოვს, რაც „ასევე გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ არ დაიცვა საკმარისი ძალით 2008 წელს“.

იგი მიესალმა უკრაინის მხარდასაჭერად ქართული საზოგადოების „ძლიერ პასუხს“, პატივი მიაგო უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროებს და მოუწოდა ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს ევროკავშირის წარმომადგენელთა შესაბამის განცხადებებს და ევროკავშირის სანქციებს.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნვეყოფს, რომ საქართველოს მეშვეობით არ მოხდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ევროპარლამენტმა შეშფოთება გამოხატა იმ ინფორმაციის გამო, რომ „რუსი ხალხი და კომპანიები, სავარაუდოდ, საქართველოს იყენებენ დასავლეთის სანქციებისთვის თავის ასარიდებლად“. ამ კუთხით, მან მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ შეამოწმონ ასეთი ინფორმაცია, მათ შორის უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს ინფორმაცია „რუსეთთან ივანიშვილის კავშირების შესახებ“. თუ ასეთი კავშირები დადასტურება, სანქციები ივანიშვილს და მის თანამზრახველებს უნდა შეეხოთ, ნათქვამია რეზოლუციაში.

ივანიშვილთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი იხსენებს, რომ „ივანიშვილის ოჯახს და მის ახლობლებს უკრაინამ სანქციები დაუწესა კრემლთან კავშირების გამო, რომელიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გაურკვეველი პოზიციის უკან დგას“.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია

რეზოლუცია ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და რუსეთის ოკუპაციის დასრულებისთვის შესაბამისი ძალისხმევის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის თანახმად, საქართველომ კონსტრუქციული დიალოგი უნდა გამართოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან „ნდობის დამყარებისა და კონფლიქტის მდგრადი მოგვარების“ მიზნით.

ევროპარლამენტი გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას, მიმდინარე „ბორდერიზაციას“, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ „მძიმე“ მდგომარეობას, ასევე გალელი და ახალგორელი ქართველების დისკრიმინაციას. ევროპარლამენტი ასევე გმობს დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების შელახვას.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საკუთარი სამხედრო ძალების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანისკენ.

ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები

ევროპარლამენტის რეზოლუცია მიესალმება საქართველოს მიერ ფუნციონირებადი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობას და ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მიერ უზრუნველყოფილი შესაძლებლობების გამოყენებისკენ მოუწოდებს, რაც თავის მხრივ, „ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრირებისთვის საჭირო დინამიური და მყარი ეკონომიკის შექმნას დაეხმარება“. ევროპარლამენტი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს მთლიანი ვაჭრობის 21% სწორედ ევროკავშირზე მოდის.    

ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკომისიას, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოტენციალს გადახედოს, რათა გაზარდოს ვაჭრობის მოცულობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button