მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა 1 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მიმართეს კანონმდებლობის შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან ალტერნატივის სახით სასჯელის გადავადების შუამდგომლობით.
შუამდგომლობა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ წარადგინა და განმარტა, რომ 15 ტომის მოცულობის შუამდგომლობა მოიცავს ექსპერტიზის დასკვნას, დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და ექსპერტების მიერ გამოკვლევების პროცესში მიხეილ სააკაშვილისთვის გადაღებულ ფოტოსურათებს.
ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ შუამდგომლობის განსახილველად სასამართლო მოკლე ვადაში მოახერხებს 25-მდე მოწმის დაკითხვას. ხაჭაპურიძის თქმით, „წარმოუდგენელია ამ შუამდგომლობაზე და მასალებზე, რომლებიც დართული აქვს საქმეს, სასამართლომ მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე ან გადავადებაზე არ მიიღოს გადაწყვეტილება. მაშინ იქნება აშკარა უკანონობა და მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა.“
„ემპათიას“ დასკვნა
დღესვე ფსიქორეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული 2 980-გვერდიანი დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც 1 ივნისიდან 28 ნოემბრამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმოხილვას მოიცავს. ცენტრის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი დაუდგინდა, რომელთაგან „წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის მის მდგომარეობას პატიმრობასთან“.
კონკრეტული დიაგნოზი ცენტრს არ გამოუქვეყნებია, თუმცა ექპერტიზის დასკვნით, სააკაშვილს აღენიშნება ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, და კუნთების განლევა, რომელიც, შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც.
ცენტრის თქმით, ამჟამად საქართველოში არ არსებობს მისი მდგომარეობის კომპლექსური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალება, განსაკუთრებით ინფექციური ან/და ინტოქსიკაციის ეჭვების გამოსარიცხად, რადგანაც არსებული დინამიკის განვითარებამ, შესაძლო ინტოქსიკაციის შემთხვევაში, „მოსალოდნელია გამოიწვიოს კომა და სიკვდილი“.
„ემპათიას“ განცხადებას უნდობლობა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ „ორგანიზაცია „ემპათია“ პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და მისი ხელმძღვანელი ამას არასდროს მალავდა, ამიტომ ამ ორგანიზაციის „სანდოობა არის ნულის ტოლი“.
რას ამბობს კანონმდელობა?
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, პატიმრისთვის სასჯელის გადავადება შესაძლებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუკი მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. შესაძლებელია სასჯელი გადავადება პატიმრის სრულ გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
ამავე კოდექსის 284-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებული სასჯელისგან გაათავისუფლოს, თუკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.
ექიმებმა სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა მიზანშეწონილად არ მიიჩნეს
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიის ყურადღების ცენტრში 28 ნოემბერს დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი მისსავე სასამართლო პროცესზე არ მიიყვანეს, სადაც მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმე იხილებოდა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკა “ვივამედის” ექიმებმა, სადაც ის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით მკურნალობს, მისი ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. შესაბამისად, მან სასამარლო სხდომა გადადო. მოსამართლეს მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღი არ დაუსახელებია.
მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენმა მოინახულა
28 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მოინახულა. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ლომჯარიამ განაცხადა, რომ იგი ყოფილ პრეზიდენტს 10 წუთის განმავლობაში ესაუბრა, რადგან „უფრო დიდხანს უჭირს, არ შეუძლია საუბარი“.
ომბუდსმენის თქმით, რომელიც ბოლოს სააკაშვილს შარშან შეხვდა პირადად, „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ვიზუალურადაც ეტყობა“. მისი თქმითვე, სააკაშვილმა მკვეთრად დაიკლო წონაში და კლინიკის ექიმებმაც დაუდასტურეს, რომ „პრაქტიკულად, მუდმივად წევს.“
ნინო ლომჯარია 30 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
იუსტიციის მინისტრის გამოხმაურება
ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას 29 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ბრიფინგით გამოეხმაურა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან „სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული“ და „დღემდე იმყოფება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ“.
თუმცა, მინისტრმა იქვე აღნიშნა, რომ „გამომდინარე იმ მაღალი პასუხიმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება“, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს, რომ „ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში“.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას, რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ „მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია“.
მანვე განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მოთხოვნით დაცვის მხარემ შესაბამისი დასკვნის საფუძველზე სასამართლოს უნდა მიმართს.
„იმსჯელებს სასამართლო, გადაუვადდეს სასჯელი თუ გათავისუფლდეს სასჯელისგან, სხვა ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს“, – ხაზი გაუსვა მან.
რას ამბობენ ქართულ ოცნებაში?
სასამართლოში პრეზიდენტ სააკაშვილის გამოუცხადებლობის პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ პატიმარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სიმულირებდა. „სააკაშვილის მეგობარი, იულია ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა, მაგრამ მეორე დღეს წამოხტა ეტლიდან, სიმულაცია იყო – ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე?“ – ამბობდა პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
დღეს გაკეთებულ განცხადებებში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მთავარი ყურადღება ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილეს, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ლობისტური კომპანია“ იქირავა სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის აუცილებლობის დასასაბუთებლად.
ირაკლი კობახიძის თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას „ჰქონდათ ყველანაირი მცდელობა, რომ ხელი შეეწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, მათ შორის, ისინი თავად მოუწოდებენ სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ“.
„ახლა ჩართეს ახალი ხერხი – ეს არის პიარკომპანიის* დაქირავება და პიარის თემა უნდა იყოს რა, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი იმისათვის, რომ რაღაც ფონი შექმნან მისი გათავისუფლებისთვის“, – განაცხადა, მან დასძინა, რომ „ეს არის პრინციპულად არასწორი – პატიმარი უნდა იხდიდეს სასჯელს კანონის შესაბამისად“.
კობახიძის მტკიცებით, ნაციონალურ მოძრაობას სააკაშვილის გათავისუფლებით ქვეყანაში პოლიტიკური „ვითარების არევა“ სურს, „რაც არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“. „ვერავითარი ლობისტური კამპანია ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას ვერ დაარწმუნებს იმაში, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე და მისი გათავისუფლება არის მიზანშეწონილი“, – ხაზი გაუსვა მან.
რაც შეეხება ცენტრ „ემპათიას“ მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს გასაჯაროებულ ექსპერტიზას, ქართული ოცნების თავმჯდომარემ თქვა, რომ „ემპათია“ პირდაპირ არის დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან, და მათი დასკვნის მიმართ „სანდოობა არის ნულის ტოლი“.
„ალბათ, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ავადმყოფობას ჰყავს ლობისტი, როდესაც პიარკომპანია ლობირებს ავადმყოფობას და ამ ეგიდით ადამიანის გათავისუფლებაზე იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის რწმენით კი – „[მიხეილ] სააკაშვილის მომხრეებისთვის მთავარი ამოცანა არის არა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, არამედ ამ მდგომარეობის იმგვარად წარმოჩენა, რომ მათთვის განხორციელებადი გახდეს პოლიტიკური ამოცანა, რომელიც მდგომარეობს სააკაშვილისთვის სასჯელის არიდებაში“.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელებმა თავადაც „კარგად იციან, რომ არ არის კრიზისული მდგომარეობა და განსაკუთრებული სირთულე“. „ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, შეუგუებლობა საკანთან, მაგრამ ამის გამო არსად, არცერთ ცივილიზაციაში პატიმრები არ თავისუფლდებიან“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
თანაგუნდელებისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, დავით სერგეენკომ და თქვა, რომ რომელიმე სამედიცინო დასკვნაში „შეიძლება ეჭვი შეიტანოს ან შეიძლება არ შეიტანოს მხოლოდ ექიმმა-კლინიცისმტა და არა პოლიტიკოსმა“. „პოლიტიკური ანგაჟირება ამ საკითხის, მხოლოდ ვნებს ამ ადამიანის [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობას“, – ხაზი გაუსვა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)