skip to content
ახალი ამბები

„ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეების მასობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე

მედიის ცნობით, დღეს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები მინიმუმ 20-მდე ჟურნალისტს დაესხნენ თავს და მათი ტექნიკა დააზიანეს.

ბოლო ცნობებით, თავს დაესხნენ „ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულას“, „რუსთავი 2-ის“ „იმედის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „მთავარი არხის“, ასევე ინტერნეტ გამოცემა on.ge-ს, „ნეტგაზეთისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებს.

„ტელეკომპანია პირველის“ ცნობით, დამტვრეულია მათი აპარატურა, „ტაბულას“ განცხადებით, გამოცემის ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას თავში კეტი ჩაარტყეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევებზე გამოძიება პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა (154) და ძალადობის (126-ე) მუხლებით უკვე დაწყებულია.

„რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე“, შსს მოუწოდებს „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს, „უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე“.

„დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას – ეს მიუღებელია!“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

„შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენმა სამართალდამცველ ორგანოებს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირების საჯარო სივრცეებიდან დროულად განრიდებისთვის „სამართლებრივი მექანიზმების“ გამოყენებისკენ მოუწოდა. მანვე ხელისუფლებას შეახსენა, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, „მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით“.

მედიის თემაზე მომუშავე არასამთავრობოების გამოხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტების დასაცავად ეფექტიანი ზომების მიღებისკენ მოუწოდა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც ათზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. უფლებადამცველებმა ყურადღება იმაზეც გაამახვილეს, რომ ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა დაკავების შესახებ ცნობები ამ დრომდე არ გავრცელებულა და რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს „აგრესიის დაგმობისა და შეჩერების მიზნით“ განცხადებები არ გაუკეთებიათ.

ხელისუფლებას ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

სარედაქციო შენიშვნა: მასალა განახლებულია პარლამენტის თავმჯდომარის, ომბუდსმენისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების შესაბამისად. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button