ახალი ამბები

სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი გაამტყუნა, თუმცა მათ არ დაიჭერენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს „თიბისი ბანკისს“ დამფუძნებლებს და ახლა უკვე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების საქმეზე წაყენებული ბრალი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მათ არ დაიჭერენ.

მოსამართლემ აგრეთვე გააუქმა სამივე მათგანის მიმართ შეფარდებული გირაო და პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვა და მათ ქონებაზე დადებული ყადაღაც მოხსნა.

ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და წერეთელს ფულის გათეთრების მუხლით ბრალი 2019 წელს წაუყენეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა კომპანიებმა – შპს „სამგორი M“-მა და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი თანხების შევსების მიზნით, დაახლოებით 17 მლნ ამერიკული დოლარის ოდენობის სესხი აიღეს. კომპანიებმა მიღებული თანხა იმავე დღეს სესხის სახით ფიზიკურ პირებზე – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე გასცეს. პროკურატურისვე ცნობით, 2012 წელს აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებებისგან სრულად გაათავისუფლეს.

მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ ისინი გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

„ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც ჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ცხადია, არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების ან რაიმე დანაშაულის“, – ხაზი გაუსვა მან.

მამუკა ხაზარაძის ვერსიით კი – მოსამართლე ვერდიქტის გამოტანისას 2012 წელს „თიბისი ბანკის“ მიერ ხსენებული კომპანიებისთვის სესხის ჩამოწერას დაეყრდნო და დასძინა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ არაერთი სხვა ვალდებულება ჩამოწერეს.

მანვე აღნიშნა, რომ თაღლითობის მიმართულებით გამოძიება არ ჩატარებულა, არც დაზარალებული დადგენილა და არც მომჩივანი არსებობს. „ეს არის ნონსენსი“, – თქვა ხაზარაძემ და „ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟი უნდა მოვახდინოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და მთელმა საზოგადოებამ“.

მისივე მტკიცებით, სასამართლო სისტემა ქართული ოცნებისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშაა და „ასეთი სასამართლოს, ასეთი სამართლიანობის პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა“.

თავის მხრივ, საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა თქვა, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, უბრალოდ ბრალდებას „კვალიფიკაციის ნაწილში სხვა შეფასება მისცა“.

გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

დღესვე, არასამთავრობო ორგანიზაცი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ განაცხადა, რომ საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ საქმე „ცალსახად არის პოლიტიკურად მოტივირებული“ და, შესაძლოა, ემსახურებოდეს ერთის მხრივ, პოლიტიკური ოპონენტის დასჯასა და დისკრედიტაციას, მეორეს მხრივ კი – ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობის შეჩერებას.

„დღეს, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების მომსწრე“, – განაცხადა ორგანიზაციამ და ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი არ დაიჭირეს, „სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი და მათ მიადგათ სერიოზული რეპუტაციული ზიანი“.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 12 იანვარს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადების შესაბამისად განახლდა.

„თიბისი ბანკის“ საქმეზე მეტი დეტალისთვის აგრეთვე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button