
პოლიციამ რუსთველის გამზირზე ათობით ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 22 ოქტომბრის საღამოს პოლიციამ 20-მდე ადამიანი დააკავა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა მორიგი ყოველდღიური აქციის დროს რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თუმცა, აქტივისტები ამბობენ, რომ დაკავებულთა რიცხვი უფრო მაღალია და 30-მდე პირს შეადგენს.
დაკავებულთა შორის არიან ლიკა ბასილაია-შავგულიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრი, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და ცნობილი აქტივისტი ილია ღლონტი. ერთ ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
22 ოქტომბრის აქცია ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად გაიმართა მას შემდეგ, რაც დაპატიმრებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა და რაც „გზის გადაკეტვის“ ბრალდებით ტელეკომპანია „ფორმულას“ სამი ჟურნალისტი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მომიტინგეები არაერთხელ გააფრთხილეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა მოწოდება არ გაითვალისწინეს“.
„შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, „საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მათ ღირსებასა და მუნდირს, ასევე საზოგადოებას – ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს“.
This post is also available in: English