სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას სააპელაციო საჩივარი და იგი პატიმრობაში დატოვა.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა „მთავარი არხის“ დირექტორისთვის მისჯილი პატიმრობის ვადაც. კერძოდ, გვარამიას სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლი (მე-2-ს „ა“ და „დ“; მე-3-ს „ბ“ ) 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დამნაშავედ ორ ეპიზოდში ცნო. სასამართლომ მას სასჯელის საბოლოო სახედ კვლავ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.
ერთი ეპიზოდი 2019 წლის თებერვალში, კომპანია „პორშეს ცენტრთან“ გაფორმებულ სარეკლამო ხელშეკრულებას ეხება, რომლის თანახმადაც, პროკურატურის მტკიცებით, ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა საკუთრებაში ძვირადღირებული (76 700 ევრო) ავტომობილი მიიღეს, „რუსთავი 2“-ს კი – „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“ მიადგა.
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ის 2015 წელს ნიკა გვარამიას მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება, რა დროსაც, ასევე პროკურატურის ვერსიით, კომპანია „ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებით ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ 6 763 510 ლარის ზარალი მიიღო. საგულისმხმოა, რომ საქალაქო სასამართლომ ბრალის ამ ნაწილში ნიკა გვარამიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, სააპელაციომ კი – მას ამ ეპიზოდისთვისაც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის მსგავსად, ნიკა გვარამია სრულად გაამართლა სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე (მე-3), 194-ე (მე-3; „გ“) და 362 (მე-2; „ბ“) მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში, რაც კომერციულ მოსყიდვას, ფულის გათეთრებასა და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს.
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დღეს ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირის – კომპანია „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის – ზურაბ იაშვილისა და „რუსთავი 2-ის“ მაშინდელი ფინანსური დირექტორის, კახაბერ დამენიას განაჩენებიც გამოაცხადა.
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მსგავსად, იაშვილი წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ ცნო. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას (362-ს, მე-2 მუხლის, „ბ“) და კომერციულ მოსყიდვას (221-ს, I მუხლი) ედავებოდა.
რაც შეეხება კახაბერ დამენიას, ასევე საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სააპელაციომ მას თანხის მითვისების ან გაფლანგვის (182-ს, მე-2-ს „ა“ და მე-3-ს „დ“) მუხლი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით (220-ე) გადაუკვალიფიცირა და ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ნიკა გვარამიას ადვოკატის შეფასება
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნიკა გვარამიას ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვარამიას უდანაშაულობა სააპელაციო სასამართლოშიც გამოიკვეთა და „აბსოლუტურად ყველასთვის ნათელია, რომ ის გაყალბებული განაჩენით იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში“, მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა „უკანონო განაჩენი“.
მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება „თავისუფლებას ართმევს არა მხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ ქვეყანას და ხელს უშლის მას ევროპული ინტეგრაციის გზაზე“. საძაგლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სიმართლე აუცილებლად დადგინდება და გაირკვევა, თუ „როგორ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, ვინ დირიჟორობდა ამ პროცესს და ვის რა როლი ჰქონდა, ამ უკანონო განაჩენის გამოტანის პროცესში“.
რაც შეეხება, 2015 წლის ეპიზოდის „მთავარი არხის“ დირექტორისთვის მსჯავრის დამძიმებას, საძაგლიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან სტკიოდა ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია ციხეში იჯდა [კომპანიის კუთვნილი] ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის“.
„ამიტომ გადაწყვიტეს, რომ უსამართლობა კი არ გამოესწორებინათ [და] გაეთავისუფლებინათ ნიკა გვარამია, არამედ სხვა ეპიზოდზეც გამოეყენებინათ პატიმრობა“, – ანიშნა მან და დასძინა, რომ „ამ სასამართლოს არ აინტერესებს სამართალი, ის არის უბრალოდ დავალებების შემსრულებელი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)