skip to content
ახალი ამბები

საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტისთვის ევროკავშირი 2.3 მლრდ ევროს გამოყოფს   

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ 12 დეკემბერს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკავშირი 17 მილიარდ ევროს გამოყოფს, საიდანაც 2.3 მილიარდი ევრო საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის მშენებლობას მოხმარდება.  

ელექტროენერგიის კაბელი საქართველოს და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთს დაუკავშირებს, რაც “ევროპაში მწვანე ენერგიის ექსპორტს და ორმხრივი მედეგობის გაძლიერებას უზრუნველყოფს”.   

ევროკომისრის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის გეგმა მოიცავს სატრანსპორტო პროექტებს, მწვანე რკინიგზის მშენებლობას, ევროკავშირთან სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას, ციფრული კომუნიკაციების პროექტებს , როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შავი ზღვის ფსკერზე და ასევე ზემოთხსენებული ელექტროენერგიის კაბელი.  

შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დააკავშირებს, ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად ამჟამად იგეგმება.  

ნოემბერში საქართველოში ვიზიტის დროს, ევროკომისარმა ვარჰეიმ პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, „გვჭირდება სანდო პარტნიორები“ უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში. “საქართველო შეიძლება იყოს ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი”, – დასძინა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button