skip to content
ახალი ამბები

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ მას და მის ოპერატორს თავს დაესხნენ

„ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი, ნანუკა ქაჯაია აცხადებს, რომ დღეს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩაზე მას და მის ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს თავს ორი მამაკაცი დაესხა.

ქაჯაიას მონათხრობით, ისინი ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრთან ექიმის ჩასაწერად იყვნენ მისულნი, რა დროსაც, თავდამსხმელებმა მისთვის ჯერ მიკროფონის წართმევა, შემდეგ კი – მათი ტექნიკის დაზიანება სცადეს.

„ამის შემდეგ, უკვე სიტყვიერი შეურაცხყოფა [მოგვაყენეს], გვაგინეს. ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენი პროფესიული მოვალეობა არ შეგვესრულებინა და იყვნენ ძალიან აგრესიულები ჩვენ მიმართ“, – იხსენებს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი.

რესპონდენტი, ლალი ჯანაშია, რომლის ჩაწერასაც გადამღები ჯგუფი ცდილობდა, „ტვ პირველთან“ საუბარში ყვება, რომ ინტერვიუს პროცესში, ერთ-ერთმა მამაკაცმა ჟურნალისტს „წაგლიჯა მიკროფონი, თუ მიკროფონის ღრუბელი“ და გადააგდო.

„საშინელი, უშვერის სიტყვებით იგინებოდა, არა მარტო კონკრეტულად ჟურნალისტის მიმართ, რომელსაც საერთოდ არაფერი დაუშავებია, ასევე მთელი ტელევიზიის მიმართ, მთელი ოპოზიციური არხების მიმართ, რომ სიცრუეს ტირაჟირებთ…, რომ [თქვენ] დააქციეთ, ქვეყანა [და ა.შ.]“, – აღნიშნა მანვე.

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ისმის გადამღები ჯგუფის მისამართით გინება, ასევე ტექსტი – „დაწიე კამერა, [თორემ] დაგამტვრევ თავზე“.

მომხდარზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (მე-2 ნაწილი), ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. სამსახურს არ განუმარტავს დააკავეს თუ არა სავარაუდო თავდამსხმელები.

ინციდენტს მედიის თემებზე მომაშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ გამოეხმაურა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმის „დაუყოვნებლივი“ გამოძიებისკენ მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button