ომბუდსმენი 2021 წლის 5 ივლისის საქმის „არაეფექტიან“ გამოძიებაზე საუბრობს
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა 6 დეკემბერს განაცხადა, რომ 2021 წლის 5 ივლისის ჰომოფიბიური ძალადობის საქმის გამოძიებას „არაეფექტიანად წარმოებულად მიიჩნევს“, რადგანაც „პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის არვინ მისცა პასუხისგებაში, ხოლო სასამართლომდე მისულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები არათანმიმდევრული და კონკრეტულ შემთხვევებში – დაუსაბუთებელია“.
ომბუდსმენის აპარატმა გასული წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე დაწყებული 3 სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვის მიმდინარეობა შეისწავლა, რომელთა საფუძველზეც განაჩენი 20 პირს გამოუტანეს. მათგან 6 პირი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის გაამტყუნეს, დანარჩენი 14 კი – დამნაშავედ სხვა მუხლებით ცნეს.
ომბუდსმენის აპარატი შესწავლილი საქმეების მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 5 ივლისის საქმეზე ჩატარებული გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს ზედმიწევნითობისა და დროულობის კუთხით. კერძოდ, დაგვიანებით ჩატარდა ექსპერტიზა, დაგვიანებით იქნა მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებები.
ამასთან, პროკურატურამ არც სახალხო დამცველის წინადადება გაითვალისწინა და კონკრეტულ პირს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის მუხლით არ წარუდგინა, „რაც გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ სასამართლომ 14 პირი ჯგუფური ძალადობის ბრალდებაში გაამართლა“.
„პროკურატურამ ასევე უგულებელყო საკუთრების უფლების ხელყოფის ცალკეული შემთხვევები და არ წარადგინა შესაბამისი ბრალდება მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატი ბრალდების მხარის „ერთ-ერთ არსებით ხარვეზად“ იმ გარემოებასაც მიიჩნევს, რომ „ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორის ან ხელმძღვანელისთვის ბრალდება წარდგენილი არ ჰქონდა“.
ომბუდსმენის ოფისი სასამართლოს მხრიდან არაერთგვაროვან პრაქტიკის გამოყენებაზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ თუკი ერთ-ერთ საქმეში სასამართლომ 6 პირის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის გამტყუნებისას, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია, სხვა საქმეებზე აღნიშნული მიდგომა არ გაავრცელა, „მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას ყველა პირზე ანალოგიური მტკიცებულებები ჰქონდა წარმოდგენილი“.
„სასამართლომ ასევე დაარღვია სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, არ გაითვალისწინა რა, კონკრეტულ პირთა მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები და მათი პიროვნება სასჯელის განსაზღვრის დროს“.
- ომბუდსმენის აპარატის სრული დასკვნის სანახავად მიჰყევით ბმულს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)