ახალი ამბები

საქართველოში კიდევ ერთი რუსი ჟურნალისტი არ შემოუშვეს

დმიტრი ალეშკოვსკი, რუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ერევნიდან თბილისის აეროპორტში ჩამოფრენისას საქართველოში არ შემოუშვეს. ამის თაობაზე, მისმა დედამ, ისტორიკოსმა ტამარა ეიდელმანმა „ფეისბუქზე“ დაწერა.

ეიდელმანის თქმით, ბოლო ექვსი თვის მანძილზე, ყოველ ჯერზე საქართველოში ჩამოსვლისას მას და მის ვაჟს დიდი ხნით აყოვნებდნენ აეროპორტში, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, და პასპორტებს უმოწმებდნენ. და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევდნენ საზღვრის გადაკვეთის უფლებას.

ალეშკოვსკიმ, რომელიც საქველმოქმედო ფონდის „დახმარებაა საჭირო“ და გამოცემის „ტაკიე დელა“ დამფუძნებელია, მოსკოვი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვა და ომის წინააღმდეგ რიგ პროექტებში იყო ჩართული. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ალეშკოვსკი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ივლისში უცხოელი მედია აგენტების სიაში შეიყვანა.

„სამოქალაქო საქართველო“ ალეშკოვსკის საქართველოში არშემოშვებაზე მეტი დეტალისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.

ბოლო პერიოდში, საქართველოში შემოსვლაზე უარი კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ პირებს უკვე რამდენჯერმე უთხრეს. მაგალითად, მარტში ქვეყანაში არ შემოუშვეს დამოუკიდებელი რუსულენოვანი გამოცემის, „მედიაზონის“ ჟურნალისტი, დევიდ ფრენკელი და ასევე დამოუკიდებელი ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი, მიხეილ ფიშმანი. საქართველოში შემოსვლაზე ასევე უარი უთხრეს, პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მთავარ მოკავშირეს, ლიუბოვ სობოლს.

სულ ბოლოს, კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი კიდევ ერთი რუსი ბლოგერი, ალექსეი რომანოვი საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე სადახლოს გამშვებ პუნქტზე დაახლოებით 6-საათიანი ლოდინის შემდეგ საქართველოში არ შემოუშვეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button