ახალი ამბები

რუსულმა კომპანიამ ყულევის ახალ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა

რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა, განაცხადა „როიტერმა“ 21 ოქტომბერს.

LSEG-ის გემების მონაცემებსა და ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტომ განაცხადა: „ტანკერმა „კაისერიმ“ 6 ოქტომბერს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105,340 მეტრული ტონა Siberian Light მარკის ნავთობი ჩაიტანა“.

„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის გამო დასავლეთის სანქციების ფონზე ექსპორტის დივერსიფიკაციას ცდილობს, ხოლო საქართველო, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, რომლის ეკონომიკური კავშირები რუსეთთან დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე გაღრმავდა, „ცდილობას შეამციროს დამოკიდებულება რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან და ყაზახეთიდან საწვავის იმპორტზე“.

ამ ინფორმაციის საპასუხოდ, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა: „გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში“.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ „პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი … არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და არ ფიგურირებს არც ერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში“.

This post is also available in: English

Back to top button