
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის აბრეშუმის გზის ორდღიანი ფორუმი გახსნა, რომლის მთავარი თემაა „ინვესტიცია კავშირებში, ზრდა სტაბილურობაში“.
მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ალი ასადოვმა.
თავის შესავალ სიტყვაში კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა „რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება“.
იგი მიესალმა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს და განაცხადა, რომ მათი მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს აქვთ საერთო ხედვა იმისათვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით რეგიონი მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცედ იქცეს.
კობახიძის შეფასებით, სიმბოლურია, რომ ფორუმი იმართება საქართველოში – „ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად იყო და რჩება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდად“. „წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა – ინვესტიცია კავშირებში, ზრდა სტაბილურობაში – სწორედ ამ ახალ გამოწვევებზე პასუხს წარმოადგენს”, – აღნიშნა მან.
„დღეს, როდესაც მსოფლიო ტრადიციული სავაჭრო გზებისა და მიწოდების ჯაჭვების გადაფასების, ახალი მარშრუტების ძიების პროცესშია, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცებისკენ. ეს აუცილებელი პირობაა, რათა საქართველო ვაქციოთ რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ცენტრის მყარ ღერძად. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა უმთავრესი კაპიტალია, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ინვესტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ”, – განაცხადა კობახიძემ.
ფორუმის ფარგლებში ირაკლი კობახიძე თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. მხარებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების გაღრმავებაზე იმსჯელეს და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
This post is also available in: English