ქართული ოცნება „დეოლიგარქიზაციაზე“ კანონპროექტს ვენეციის კომისიას გაუგზავნის
საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მიღებამდე ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ქართული კანონპროექტის უკრაინულმა ანალოგმა ევროკომისიის პრეზიდენტისგან „უმაღლესი შეფასება დაიმსახურა“, ქართული ოცნება საჭიროდ არ მიიჩნევდა, მის გაგზავნას, თუმცა „იმის გამო, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და ქართულ ოცნებას“, საბოლოოდ მისი გადაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.
- 22/11/2022 – კელი დეგნანი: „კარგი რჩევაა“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა
- 21/11/2022 – ევროკავშირის წარმომადგენლობა „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას ითხოვს
„ჩვენ [კანონპროექტის] მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას“, – ხაზი გაუსვა მდინარაძემ და დასძინა – „ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონი დროულად იქნეს სამართლებრივად შეფასებული და დაჩქარებული ეს პროცესი და არ მოხდეს ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, წელიწადზე მეტი გაიწელა დასკვნის მიღება“.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მიესალმა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და თქვა, რომ ეს „პოზიტიური ნაბიჯია“. „მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა წარმომადგენლობამ.
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო.
ქართულმა ოცნებამ „დეოლიგარქიზციის“ შესახებ კანონპროექტში ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის საპასუხოდ შეიმუშავა. მისი წარდგენისას, იურიდიულ საკითხთა კომისტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ის უკრაინული კანონპროექტის ანალოგია, მცირედი განსხვავებით და პოტენციურ ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაცვლად პარლამენტი იქნება.
საგულისხმოა, რომ ქართულ ოცნებაში არაერთხელ განმარტეს, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონი მათი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება, მიუხედავად ოპონენტების მტკიცებისა, რომ ერთ-ერთი პირველი, რომელსაც საკნონმდებლო ინიციატივა უნდა შეეხოს, სწორედ ივანიშვილია.
- 12/07/2022 – პრემიერის თქმით, დეოლიგარქიზაცის კამპანიის მიზანი ქვეყნის მმართველობის სისტემის „დისკრედიტაციაა“
უკრაინული კანონპროექტის გადმოკოპირება გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრშიც“ და ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყნებს შორის „კონტექსტუალური განსხვავებების გათვალისწინებით“, საქართველოს მიერ უკრაინის „ანტიოლიგარქიული“ კანონის ანალოგის მიღება „არ უნდა ჩაითვალოს გონივრულ ნაბიჯად“.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/07/2022 – პრემიერის თქმით, დეოლიგარქიზაცის კამპანიის მიზანი ქვეყნის მმართველობის სისტემის „დისკრედიტაციაა“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)