ახალი ამბები

ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

რუსული დამოუკიდებელი ტელეკომპანიის „დოჟდის“ ჟურნალისტმა და წამყვანმა, მიხაილ ფიშმანმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში არ შემოუშვეს და არც უარის მიზეზები განუმარტეს. მოცემული მომენტისთვის, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული აკრძალვის გამო „დოჟდს“ მაუწყებლობა დროებით შეწყვეტილი აქვს.

„ნათელია, რომ იმიტომ არ შემომიშვეს, რომ მე რუსეთში პოპულარული ჟურნალისტი ვარ“, – უთხრა ფიშმანმა 6 მარტს რადიო „თავისუფლების“ ქართულენოვან სამსახურს.

„რა შემიძლია ვთქვა, ეს საქართველოს შიდა საქმეა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს იყო ჩემსა და რუსეთის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მიმართ დამოკიდებულების დემონსტრირება, რომელიც ახლა როგორც არასდროს რისკის წინაშე დგას“.

სავარაუდო უარის შესახებ საუბრისას, ფიშმანმა განაცხადა, რომ ის საქართველოში ჩამოსვლისას, იგი მესაზღვრეებმა, დაახლოებით, ერთ საათს გააჩერეს, მისი 14 და 4 წლის ქალიშვილები კი – ქვეყანაში – ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შემოუშვეს.

ფიშმანმა ასევე აღნიშნა, რომ მესაზღვრეებმა მას ვიზიტის მიზნისა და ხანგრძლივობის შესახებ ჰკითხეს და მოგვიანებით შემოსვლაზე უარი უთხრეს.

საქართველოში შემოსვლაზე უარის შემდეგ, ფიშმანმა ქვეყანა მის უმცროს ქალიშვილთან ერთად დატოვა.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ იგი რუსეთიდან 2 მარტს მას შემდეგ გამოემგზავრა, რაც წინა დღეს, რუსეთის ხელისუფლებამ ტელეკომპანია „დოჟდის“ და „ეხო მოსკვის“ ვებგვერდები დაბლოკა და ნათელი გახდა, რომ ტელეკომპანიასაც დახურვა ემუქრებოდა.

ფიშმანის თქმით, იგი საქართველოში დარჩენას დაახლოებით, ორი კვირით აპირებდა, სადაც მისი უფროსი ქალიშვილი და ნათესავები ცხოვრობენ.

ჟურნალისტმა ასევე განაცხადა, რომ იგი, შესაძლოა, რუსეთში დააპატიმრონ, ვინაიდან ნაჩქარევად მიღებული კანონი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებას კრძალავს, შესაძლოა, უკუძალით აამოქმედონ.

„კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის“ 6 მარტს განაცხადა, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი, შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს.

კოალიციამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „საზღვრის კვეთისას არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებულ რუს ჟურნალისტებს“.

კოალიციის თქმით, სახელმწიფომ უნდა განმარტოს თუ რა გახდა მიხეილ ფიშმანის არშემოშვების მიზეზი.

„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხია მასალაში მიღებისთანავე აისახება.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოში შემოსვლაზე უარი კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ პირებს უკვე რამდენჯერმე უთხრეს. მათ შორის იყო პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მთავარი მოკავშირე, ლიუბოვ სობოლი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button