ახალი ამბები

სიახლეების ბლოგი: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – აქციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შემდეგ, თბილისის ქუჩები მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა ლოზუნგით „კი ევროპას, არა რუსულ  კანონს“, რომელთაგან ზოგიერთი სპონტანურად, წინასწარი ორგანიზების გარეშე მოეწყო. აქციაზე ახალგაზრდების დიდი რაოდენობა შეინიშნება- მოსწავლეები, სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებიც რუსთაველის გამზირს უკვე რამდენიმე დღეა კეტავენ. ქართველი ახალგაზრდები დაჟინებით აგრძელებენ ყოველდღიურ აქციებს. მათ საზეიმო ფიციც კი დადეს, რომ დაიცავენ საქართველოს ევროპულ არჩევანს.

3 აპრილს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დააანონსა. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის შინაარსი იგივე რჩება და მხოლოდ მისი სათაური იცვლება. შესაბამისად, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოყვა. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.  

იმან, რაც მხოლოდ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის გამო დაიწყო, ახლა უფრო ფართო კონტექსტი შეიძინა, ვინაიდან დემონსტრანტები ასევე აპროტესტებენ საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს და სასტუმრო „ტიფლის პალასში“ რუსეთის FSB-თან დაკავშირებული კონფერენციის გამართვას.

შაბათი, 18 მაისი

  • 20:50 საათისთვის რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.
  • ერთდღიანი შესვენების შემდეგ, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, საპროტესტო აქციები ერთი დღით შეწყდა და მეორე დღეს განახლდა. 17:00 საათზე აქციის მონაწილეებმა წერეთლის გამზირზე მდებარე „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრება დაიწყეს და სტუდენტურ ჯგუფებთან გაერთიანების მიზნით აღმაშენებლის გამზირზე, ზაარბრიუკენის მოედნისკენ მსვლელობას გეგმავენ. ამასობაში მომიტინგე ექიმების ჯგუფი იკრიბება სხვა ლოკაციაზე – 9 აპრილის ბაღში, რათა მოგვიანებით აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ შეუერთდნენ.

ხუთშაბათი, 16 მაისი

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ ხალხი კვლავ შეიკრიბა და „უცხოელი აგენტების“ შესახებ მიღებულ კანონს აპროტესტებს. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.
  • დღეს თბილისში „დედების მარში“ გაიმართა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ. მსგავსი მსვლელობა ბათუმშიც გაიმართა.
ფოტო: ანანო ასათიანი
  • შსს-ს ცნობით, 14 მაისის აქციის ორი მონაწილე – 19 წლის ო.ო. და 23 წლის ს.მ. დააკავეს. შსს-ში აცხადებენ: „…საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს”. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
  • სტუდენტების გმირთა მოედანზე შეკრება დილიდან დაიწყეს. ტერიტორიაზე პოლიცია უკვე მობილიზებულია.

ოთხშაბათი, 15 მაისი

  • ღამით აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს.
  • შუაღამისას აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გაემართნენ. ადგილზე პოლიციის ძლიერი მობილიზება შეინიშნება.
  • პარალელურად, ბათუმში ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს, ათასობით მომიტინგემ ქალაქის ცენტრალური შესასვლელ-გასასვლელი გზები გადაკეტა.
  • 23:00 საათისთვის აქციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეც შეუერთდა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე რუსთაველის გამზირზე “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე; ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
  • 22:00 საათისთვის საქართველოში მყოფი ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათი გამოსვლების შემდეგ გაჟღერდა სიხარულის ოდა და საქართველოს ჰიმნი.
ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე აქციის დროს. ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი
  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იკრიბება. 17:00 საათისთვის რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

სამშაბათი, 14 მაისი

  • გავრცელებული ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე გმირთა მოედანზე დააკავეს.
  • 23:00 საათისთვის აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გმირთა მოედანი და მტკვრის ორივე სანაპირო.
  • დაახლოებით 21:00 საათზე თბილისში მყოფი ევროპული საკანონმდებლო ორგანოების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს მიმართეს და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაჟღერდა სიხარულის ოდა და საქართველოს ჰიმნი.
  • საღამოს, მოქალაქეებმა ბათუმში მსვლელობა გამართეს და რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს.
  • 19:00 საათისთვის პოლიციამ და სპეცრაზმმა უკან დაიხია, რუსთაველის გამზირზე კი სულ უფრო მეტმა აქციის მონაწილემ დაიწყო შეკრება.
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით 19:45 საათზე განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 13 პირი დააკავა პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.
  • ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაკავების შესახებ, თუმცა დაკავებულთა ბედის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროვებულა. ერთ-ერთი დაკავებულია დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი, რომელიც რეგულარულად სტუმრობს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ქაცარავა მშვიდად იდგა რუსთაველის გამზირზე, როდესაც, როგორც კადრებიდან ჩანს, სპეცრაზმმა ის სასტიკად სცემეს, განსაკუთრებით თავში. ის ახლა საავადმყოფოშია და ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას სახეზე ძლიერი სისხლჩაქცევები აქვს.
  • შსს-ს განცხადებას სახალხო დამცველი გამოეხმაურა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციაზე ცოტა ხნის წინ ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, აღარ დგას მთლიანდ აქციის დაშლის აუცილებლობა. „შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა“.
  • 17:11 საათზე შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“. შსს-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი. შსს-მ დაადასტურა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით მან კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
  • 17:00 საათზე პარლამენტის ირგვლივ ვითარება დაიძაბა, პარლამენტიდან სპეცრაზმი გამოვიდა, აქციის მონაწილეები დააკავეს და პარლამენტის ეზოში გადაიყვანეს. დაკავებებში, სავარაუდოდ, მონაწილეობს სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილის ქვედანაყოფი. ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, დაკავებულთა შორისაა ლაზარე გრიგორიადისი. თავისუფლების მოედანზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა პარლამენტის შენობისკენ დაიწყო გადაადგილება. მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული.
  • ცნობილია, რომ პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 14 მაისს 17:00 საათიდან გაურკვეველი ვადით ამოქმედდება. საქართველოს პარლამენტში არავინ დაიშვება,  გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.
  • 16:00 საათისთვის პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მიიღო.
  • კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს, როდესაც ის პარლამენტის შენობაზე წითელი საღებავით წერდა „ეს ქვეყანა ჩვენია“. ის პარლამენტის შენობაში შეათრიეს.
  • დაახლოებით 15:00 საათზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს, გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ერთი მონაწილე დააკავეს.
  • დაახლოებით 13:00 საათზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაძაბულობამ იმატა, რადგან უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონპროექტზე დაუპირისპირდნენ.
  • 12:00 საათისთვის რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. პარლამენტში პლენარული სხდომა დაიწყო.
  • „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დღეს 12:00 საათზე დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით მისაღებად ემზადება, აქციის მონაწილეები კი პარლამენტთან 10:00 საათიდან იკრიბებიან. პარლამენტის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული, თავისუფლების მოედანთან კი წყლის ჭავლის მანქანებია განთავსებული.  

ორშაბათი, 13 მაისი

  • პარლამენტის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გრძელდება, რომელსაც სტუდენტები და სპეციალური საჭიროებების მქონე პირები შეუერთდნენ. ხვალ, 10-დან 11 საათამდე, სტუდენტები თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან რუსთაველის გამზირამდე მსვლელობას გეგმავენ. პარლამენტი პლენარულ სხდომას 12 საათზე დაიწყებს, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მესამე და საბოლოო მოსმენით ეყრება კენჭი.
  • 20:30 საათისთვის, სხვადასხვა ლოკაციებიდან მსვლელობის შემდეგ, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და უკვე იქ მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირი 12-13 მაისის ღამის გათევისა და პოლიციის ძალადობრივი დარბევის შემდეგ მთელი დღე გადაკეტილი იყო.
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით აკადემიურ ბოიკოტს ასევე შეუერთდნენ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მათ დღეს აქცია გამართეს, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი და პოლიციის ძალადობა დაგმეს.
  • სულ უფრო მეტი სტუდენტის შემოერთებასთან ერთად, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სულ უფრო ფართოვდება ქუთაისსა და ბათუმში. დღეს ორივე ქალაქში ფართომასშტაბიანი მსვლელობები და საპროტესტო აქციები გაიმართა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აკადემიურ ბოიკოტს უერთდებიან, 13 მაისი, 2024. ფოტო: ილიკო ნაცვალაძე
  • კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა მათთან შეხვედრის გამართვა გადაწყვიტა. შეხვედრის შემდეგ, სტუდენტები პარლამენტის წინ სხვა მომიტინგეებთან შეერთებას გეგმავენ.
  • თბილისში მდებარე თითქმის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებმა პარლამენტისკენ მსვლელობის დაწყება გადაწყვიტეს.
  • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ დილიდან მსვლელობა მოაწყვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებს, რომლებსაც აქციაზე გამოსვლის სურვილი გაუჩნდათ, ადმინისტრაცია გარეთ არ უშვებს.

კვირა-ორშაბათი, 12-13 მაისი

  • პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რამდენიმე წამში დაუჭირა მხარი „უცხოელი აგენტების“ შესახენ კანონპროექტის მიღებას.
  • მედიამ პოლიციის სისასტიკის კიდევ ერთი შემთხვევის შეასხებ გაავრცელა ინფორმაცია. დილის 09:05 საათზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს მიუხედავად იმისა, რომ ვითარება მშვიდად იყო და აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა.
  • 08:39 საათზე საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი. „სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაზე/ანგარიშსწორებაზე. ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე; უკვე მიმდინარე გამოძიებები კი ჩაატაროს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა, რომელიც წაახალისებს ცალკეულ პოლიციელებს შემდგომი არასამართლებრივი ქმედებებისკენ“.
  • 08:35 საათზე პოლიციამ სცადა კიდევ ერთი ბიჭის დაკავება, რომელიც მშვიდობიან პროტესტს ახორციელებდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი დააკავეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა პოლიციას არ მისცეს საშუალება, წაეყვანათ ის ბიჭი, რომელსაც დაედევნენ. პოლიცია აქციის დასაშლელად ქაფს იყენებდა. დეპუტატები უკვე მივიდნენ პარლამენტთან, რა დროსაც დემონსტრანტები სკანდირებდნენ და დეპუტატებს „მონებს“ და „რუსებს“ უწოდებდნენ.
  • 07:50 საათიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტთან მისვლა დაიწყეს. საკომიტეტო მოსმენა 09:00 საათზე დაიწყება.
  • 06:52 საათზე სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება დაიწყო. აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელებმა აქციის რამდენიმე მონაწილეს სცემეს. პოლიციელებმა სასტიკად სცემეს ერთ-ერთი დაკავებული და დაკავების შემდეგაც არ შეუწყვეტიათ მისი ცემა. როგორც მოვლენების ეპიცენტრიდან „სამოქალაქო საქართველოს“ ჟურნალისტი იტყობინება, სპეცრაზმმა წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყო.
  • 06:45 საათისთვის აქციის მონაწილეები ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებიდან ძალადობრივად დაარბიეს, პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი სრულიად თავისუფალია. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია პარლამენტის აჭედილ რკინის ჭიშკარს ხსნის.
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ამ ეტაპზე (05:48) დასტურდება, რომ პარლამენტის შესასვლელებთან არა დემონსტრანტები, არამედ პოლიცია დგას. შესაბამისად, ძალის გამოყენების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე დაანონსებული ფაქტობრივი საფუძველიც კი არ არსებობს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს უკანონოდ ძალა და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გაგრძელების კონსტიტუციური უფლება“.
  • გამთენიისას, თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მნიშვნელოვანი მობილიზება შეინიშნება. დილის 6:00 საათზე პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების გაფრთხილება დაიწყო, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია და გაეთავისუფლებინათ პარლამენტის შესასვლელები და ამისათვის მომიტინგეენს ხუთწუთიანი დრო მისცეს. აღსანიშნავია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები შესასვლელებს არ ბლოკავენ.
  • ვრცელდება ინფორმაცია აქციის მიდამოებში სიგნალის შეფერხების, მათ შორის ინტერნეტის წყვეტის შესახებ, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის მედიის გაშუქებას.
  • 05:37 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეები იმყოფებიან პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის პარლამენტის შესასვლელებთან ჟვანიას, ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩებზე. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ 13 მაისს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს არ შეუშვებენ. შსს-მ მოუწოდა აქციის მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და საშუალება მისცენ დეპუტატებს და აპარატის თანამშრომლებს შევიდნენ პარლამენტში და საკუთარი საპარლამენტო უფლებამოსილება განახორციელონ. „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას“, – აცხადებენ შსს-ში.
  • 05:23 პოლიციამ და წყლის ჭავლის მანქანებმა თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ დაიწყო გადაადგილება.
  • 05:15 საათზე პოლიციისა და სპეცრაზმის სერიოზული მობილიზება შეინიშნება ჩიტაძისა და ინგოროყვას ქუჩებზე, პარლამენტთან. ქუჩები გადაკეტილია. დანარჩენი სპეცრაზმი პარლამენტის შენობის მიმდებარედ, თავისუფლების მოედანზეა მობილიზებული.
  • 05:00 საათზე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის ცენტრალური და გვერდითი შესასვლელებისკენ დაიწყეს გადაადგილება.
  • 4:40 თბილისში: თავისუფლების მოედანზე დიდი რაოდენობით სპეცრაზმელები არიან მობილიზებული.
  • 4:30 თბილისში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვეგვერდზე „ანონიმუსმა“ ჰაკერული თავდასხმა განახორციელა. მანამდე, „ანონიმუსი“ საქართველოს ხელისუფლებას „მძიმე ღამით“ დაემუქრა.
  • საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების გაჟღერების შემდეგ, 00:15 საათიდან აქციაზე სიტყვით გამოსვლები დაიწყო. პარალელურად, მოხალისეებმა სოლიდარობის ნიშნად საკვების და სხვა საჭირო ნივთების, მათ შორის პლედების დარიგება დაიწყეს.
  • დაახლოებით 22:00 საათისთვის რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის შენობის მიმდებარედ სულ უფრო მეტი ხალხი გროვდება.
  • 21:00 საათზე, ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, საქართველოს სპეცრაზმის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის რკინის კარი აჭედეს.
წყარო: ტვ პირველი
  • 13 მაისს დაგეგმილი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მესამე  მოსმენის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, საქართველოს მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ 12-13 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაატარებენ, რათა დეპუტატებს აჩვენონ დილას, რომ ხალხი მტკიცედ აპირებს კანონის მიღების გაპროტესტებას. საპროტესტო აქციების დაწყებამდე ორი საათით ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ შსს-ს ინფორმაციით, დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.

შაბათი, 11 მაისი

  • ბერლინსა და სტრასბურგში ქართული დიასპორის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები გაიმართა.
  • 21:00 საათისთვის ოთხივე ლოკაციიდან წამოსული მომიტინგეების უზარმაზარი მასა გაერთიანდა, მტკვრის ორივე სანაპიროდან მსვლელობით ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც მათ სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება.
ევროპის მოედანი 11 მაისის საღამოს, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
  • დაახლოებით 19:30 საათისთვის რუსთაველის გამზირი ჩაიკეტა.
  • თბილისში დღეს მასობრივი საპროტესტო აქცია იმართება. 19:00 საათზე აქციის მონაწილეებმა ოთხი ლოკაციიდან (რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მეტრო, მეტრო 300 არაგველი, წერეთლის გამზირი) დაიწყეს ევროპის მოედნისკენ მსვლელობა და იმავდროულად ევროპის კვირეულის აღნიშვნა. საპროტესტო აქცია ბათუმშიც იმართება.
აქციის მონაწილეები 11 მაისს თბილისში ოთხიდან ერთ-ერთ ადგილას იკრიბებიან. ფოტო: მარი იმერლიშვილი/Civil.ge
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მუემართებიან მსვლელობით. ფოტო: გიორგი ქელბაქიანი, Civil.ge

პარასკევი, 10 მაისი

  • ბათუმში, ქუთაისსა და გორში „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ბათუმში აქცია ერას მოედანზე 19:00 საათზე დაიწყო.

ხუთშაბათი, 8 მაისი

  • მომიტინგეებმა პატარა პერფორმანსიც მოაწყვეს, სადაც მმართველი პარტიის ლიდერების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის კახა კალაძისა და დეპუტატ მამუკა მდინარაძის ფიტულები დაწვეს.
  • ხიდზე ყოფნისას მომიტინგეებმა ნატოსა და ევროკავშირის დროშის სტიკერებით დაფარეს ჩაქუჩისა და ნამგლის გამოსახულებები.
  • „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 24-ე დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გალაკტიონის ხიდისკენ დაიწყეს მსვლელობა, რუსთაველის გამზირი ნახევრად გადაიკეტა. დღესვე საპროტესტო აქციები ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა.

სამშაბათი, 7 მაისი

  • აქციის ორგანიზატორებმა ოპოზიციურ პარტიებს პოლიტიკური ინტერესების გვერდზე გადადებისა და გაერთიანებისკენ მოუწოდეს. „დაფიონის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა (რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია) ზვიად ცეცხლაძემ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა: „ყველა, ვისაც პასუხისმგებლობა გაქვს აღებული უნდა გაერთიანდეთ და ვალდებულები ხართ, რომ გაერთიანდეთ“. მისი თქმით, ეს ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია: „დათმეთ თქვენი კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები იმიტომ, რომ თუ თქვენ ეს არ გამოგივათ, თქვენ დაკარგავთ მომავალს და ამ ქვეყანაში თქვენი პოლიტიკური პარტიების არსებობა შეწყდება. ამიტომ უბრალოდ კრიტიკულ მომენტში მაინც შევძლოთ ქართველებმა გაერთიანება“, – განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.
  • „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილბმა აქციის მონაწილეებმა იქ მობილიზებულ სამართალდამცავებს მიმართეს და აცნობეს, რომ გამოდიან ინიციატივით, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ფინანსურად დაეხმარონ, რომ „ისინი აღარ იყვნენ მიჯაჭვული სახელმწიფოზე“. აქციის მონაწილეთა თქმით, ეს არა მხოლოდ პოლიციელებს, არამედ იმ ხალხსაც ეხება, ვინც საჯარო სამსახურშია დასაქმებული. მათ პირობა დადეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მათ ახალი სამუშაოს მოძებნაში დაეხმარებიან. „მალე აღარ იქნება აუცილებლობა, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგო ბრძანება შეასრულოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ლუკმა-პური შეიტანოთ თქვენს ოჯახებში, ვიცით, რომ რთულია, მაგრამ აქტიურად ვმუშაობთ. ეს ეხება არა მხოლოდ პოლიციას, არამედ სხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებსაც. გვაქვს კავშირები სხვადასხვა კომპანიასთან და გათავისუფლების შემთხვევაში მალევე მოხერხდება მათი ანაზღაურების გადახდა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
  • „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შინდისის გმირებს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს.
  • აღდგომის დღესასწაულის შემდეგ თბილისში საპროტესტო აქციები ჩვეულ რეჟიმში განახლდა. აქციები კვლავ გადაკეტილი რუსთაველის გამზირიდან ახალგაზრდების მსვლელობით გრძელდება. დაახლოებით 21:00 საათზე აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრნენ. უფრო მასშტაბური აქცია 11 მაისს იგეგმება.
  • საპროტესტო აქცია და მსვლელობა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ დღეს თელავში გაიმართა. მომდევნო დღეებში ქუჩებში საქართველოს სხვა ქალაქების მაცხოვრებლებიც აპირებენ გამოსვლას.

ორშაბათი, 6 მაისი

  • აღდგომის ორშაბათს, 20:00 საათზე, როდესაც ქართველები მიცვალებულებს იხსენებენ, აქციის მონაწილეთა ჯგუფი თბილისში გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან შეიკრიბა. 6 მაისს საქართველოში გიორგობაც აღინიშნება. წმინდა გიორგი საქართველოს მფარველად ითვლება და ბევრი მას ერის ბრძოლის განსახიერებად მიიჩნევს.

შაბათი, 4 მაისი

  • „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ აქციები ქართველებმა ევროპის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, ფრანკფურტში, შტუტგარტში, ბარსელონასა და ბილბაოში გამართეს.
  • აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მდებარე ქაშვეთის ეკლესიასთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეებმა ტრადიციისამებრ წითელი კვერცხები და სააღდგომო პასკები გაცვალეს. აღდგომის დღესასწაულის დროს ბევრი ქართველი სოფელში, საკუთარ ოჯახებში მიემგზავრება. მაგრამ წელს თბილისში დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა დღესასწაულის რუსთაველის გამზირზე, ერთად აღნიშვნა გადაწყვიტეს. და ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც სახელისუფლებო მედია ოპონენტებს ურწმუნოებად და ეკლესიის მოწინააღმდეგეებად წარმოაჩენს.  
  • დაახლოებით 23:00 საათზე აქციის მონაწილეებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი, რადგან მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ აქციები გრძელდება.
  • საპროტესტო აქციები გრძელდება ქუთაისშიც, სადაც ადგილობრივებმა საღამოს კვლავ მსვლელობა მოაწყვეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ.
  • საღამოს საათებში, ზუგდიდში ადგილობრივებმა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მსვლელობა გამართეს.

ოთხშაბათი, 3 მაისი

  • 23:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შსს-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ „გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა  დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია,  თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა“. სამინიტროს თქმით, ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე,  სხვადასხვა მედიის საშუალებით  მიმართავენ პოლიციელებს და მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს.  შსს მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და „მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან და პატივი სცენ სამართალდამცველთა პროფესიულ საქმიანობას“.
  • „ქართული ოცნების“ ოფისთან პროტესტის გამოხატვის შემდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობას დაუბრუნდა, ნაწილი კი რუსთაველის გამზირზე ქაშვეთის ეკლესიასთან ანთებული სანთლებით შეიკრიბა.
  • 21:00 საათზე მომიტინგეები “ქართული ოცნების” ოფისისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეები ქაშვეთის ეკლესიასთან აპირებენ მსვლელობის დასრულებას.
  • 20:30 საათზე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
  • აქცია ასევე იმართება ქუთაისში, სადაც აქციის მონაწილეები მოგვიანებით მსვლელობის გამართვას გეგმავენ.
  • გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე „პოლიციელის შეურაცხყოფისთვის“ დააკავეს. როდესაც ჟურნალისტებმა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს ვაჟა სირაძეს დაკავების დასაბუთება მოსთხოვეს, სირაძემ უპასუხა, რომ იგი სასამართლო არ არის, რომ პროცესი გამართოს და დასძინა, რომ პოლიციელებს სიტყვაზე უნდა ენდონ.
  • 18:30 საათზე საპროტესტო აქცია, ამჯერად, ლოზუნგით „გაიგონეთ ჭეშმარიტი ქართული ხმა“ თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო „პარაგრაფთან“ განახლდა (რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი „ქართუა“), სადაც აზიის განვითარების ბანკის კონფერენცია იმართება.

ხუთშაბათი, 2 მაისი

  • დაახლოებით 21:00 საათისთვის პოლიციამ გმირთა მოედანზე, გავრცელებული ინფორმაციით, ძალისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით აქციის მონაწილეთა დარბევა დაიწყო. აქცის სხვა მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ დაიძრნენ დანარჩენი მოქალაქეების მხარდასაჭერად. ვინაიდან ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, გმირთა მოედანი მალე ისევ გადაიკეტა.  
  • გმირთა მოედანზე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი 19:30 საათისთვის დააკავეს.
  • გმირთა მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გზაჯვარედინი მთლიანად გადაკეტეს. იქ შეკრებილები მანქანების მძღოლებს მოუწოდებდნენ გამოსულიყვნენ და შეეერთებოდნენ მათ, რაც მძღოლების ნაწილმა გააკეთა.
  • 19:00 საათზე აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე შეკრება დაიწყო.
  • საპროტესტო აქცია 18:00 საათზე განახლდა, როდესაც დემონსტრანტები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ.
  • გავრცელებული ინფორმაციით, გამთენიისას, დაახლოებით დილის 5 საათზე, პოლიციამ სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ორი მომიტინგე დააკავა, როდესაც ერთმა მომიტინგემ „სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს“.
  • 02:09 საათზე საერთაშორისო ჰაკერების ჯგუფმა სახელად „ანონიმუსი“ დაადასტურა, რომ გათიშა „ქართული ოცნების“ და POSTV-ს ვებგვერდები. „ანონიმუსის“ განცხადებაში ნათქვამია: „საქართველოს მარიონეტულ მთავრობას, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ გადაწყვიტეთ უგულებელყოთ ჩვენი მოთხოვნა, რომ შეგეჩერებინათ პოლიციის სისასტიკე მომიტინგეების წინააღმდეგ, და განაგრძეთ მათი დევნა, შევიწროება და ზიანის მიყენება. საკუთარი მოქალაქეების მიმართ თქვენი არაადამიანური ქმედებებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ყველა ვებ რესურსის დაზიანებას და მწყობრიდან გამოყვანას. ეს არ არის მუქარა, ეს არის დაპირება. სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს, მას ჰაკერობა და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საბაბი გაამართლებს თავდასხმას თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე. არ დაგავიწყდეთ: საქართველო რუსეთი არ არის და არც არასდროს იქნება“.
  • „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია პოლიციის მიერ აქციის მონაწილეთა დარბევით გრძელდება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 01:30 საათისთვის ჰოსპიტალიზებულია 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ერთი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. დაშავებულებს აღენიშნებათ რიგი დაზიანებები, მათ შორის ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ინტოქსიკაციისა და რესპირატორული გართულებების პარალელურად. ამავე ინფორმაციით, ათეულობით მოქალაქეს, მათ შორის ერთ სამართალდამცველს, სამედიცინო დახმარება გაეწია. ადგილზე რჩება სასწრაფოს 20 ეკიპაჟი.
  • 00:48 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტთან „სპეციალური საშუალებების უკანონო გამოყენება“ დაფიქსირდა. საია აღნიშნავს, რომ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები განურჩევლად იქნა გამოყენებული. სამიზნე მშვიდობიანი მომიტინგეები არიან. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებებისა და ღირსების დარღვევას. მან მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს ეს ქმედებები,ასევე სპეცრაზმს – „არ დაემორჩილოს უკანონო ბრძანებებს“.

ოთხშაბათი, 1 მაისი

  • საქართველოს პარლამენტმა შუაღამის შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმიდან გამომდინარე, რომელიც საშიშროებას უქმნის პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მიმდინარე წლის 1 მაისის 23:00 საათიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა. შესაბამისი ბრძანების თანახმად, წითელი დონის დროს ყველა პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა, ვალდებულია დატოვოს პარლამენტის სასახლე.
  • დაახლოებით შუაღამისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მან გამოიყენა სპეციალური საშუალებები – წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი იმ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენება, რასაც არაერთი ვიდეოჩანაწერი ეწინააღმდეგება. შსს-მ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, „მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას“. წინააღმდეგ შემთხვევაში, „პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეაჩეროს აქცია“.
  • ბათუმში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
  • ხანძარი გაჩნდა ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთი შესასვლელი მდებარეობს. სპეცრაზმი ცეცხლს წყლის ჭავლით აქრობს.
  • გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმის მიერ რეზინის ტყვიების შედეგად დაშავებულები არიან აქციის მონაწილეები, ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე და ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი ზუკა ჩხვირკია.
  • 22:39 საათზე საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მისი აპარატი პარლამენტთან მიმდინარე აქციას აკვირდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები არ უნდა გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს. სახალხო დამცველი შეახსენებს შსს-ს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს.
  • 22:35 საათზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განცხადება გაავრცელა – „ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს. საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“.
  • შსს-მ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი“.
  • დაახლოებით 22:10 საათზე სპეცრაზმმა წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის რკინის კარების შემტვრევით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რის შედეგადაც დაშავდა 16 წლის ბიჭი და ორი ოპერატორი, მათ შორის ერთი ტელეკომპანია „ფორმულადან“.
  • ისრაელში საქართველოს საკონსულოსა და ბრიუსელში საქართველოს საელჩოს წინ ქართველი ემიგრანტები პარალელურ აქციებს მართავენ.
  • 21:30 საათზე შსს-მ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა, მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა, სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე“.
  • კანონპროექტი მეორე მოსმენით, პლენარული სხდომის დასრულებამდე ერთი საათით ადრე, დაახლოებით 20:00 საათზე მიიღეს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა გამოსვლებისაგან თავი შეიკავეს და დასკვნითი სიტყვით მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გამოვიდა. პარლამენტის გარშემო სულ უფრო მეტი ხალხი იკრიბება.
  • შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებს „პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფორმებში და არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება“. შსს ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს „არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გააჟღერონ მოწოდებები, რომლებიც შესაძლოა ძალადობრივი ქმედებების წინაპირობა გახდეს“. „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
  • მოქალაქეებმა პარლამენტის გარშემო შეკრება 17:00 საათზე დაიწყეს. გვერდით ქუჩებსა და პარლამენტის შენობის უკან სპეცრაზმი მალევე მობილიზდა. რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
  • მოსახლეობის სულ უფრო დიდი რაოდენობა სთავაზობს თბილისში განთავსებას და ტრანსპორტირების ხარჯებს რეგიონებიდან წამოსულ მოქალაქეებს, რომლებიც დედაქალაქში საპროტესტო აქციებს უერთდებიან.
  • 13:00 საათისთვის, საქართველოს პარლამენტმა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა განაახლა. პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეთა სასტიკი დარბევის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში სიტუაცია დაიძაბა. დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ადამიანები მოემართებიან.

სამშაბათი, 30 აპრილი

მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. კონტრაქცია მოაწყო, რომელზე დასასწრებადაც რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს მხარდამჭერები და სადაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიები დაანონსდა, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათზე განახლდა. პარლამენტის შენობასთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. დაახლოებით 21:00 საათისთვის პოლიციამ პარლამენტის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ქუჩები ჩაკეტა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, რათა „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის შენობის დატოვების საშუალება არ მიეცათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას”. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები“. შსს-ს თქმით, „კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება“.

აქციის მონაწილეთა ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრა.

ვითარება დაახლოებით 21:45 საათისთვის დაიძაბა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, როდესაც სპეცრაზმმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე წიწაკის სპრეი გამოიყენა.

სპეცრაზმის სისასტიკის შედეგად ათეულობით დემონსტრანტი დაშავდა, ბევრი მათგანი სამართალდამცველებმა სცემეს. როგორც „სამოქალაქო საქართველოს“ კორესპონდენტი იტყობინება ადგილიდან, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მხოლოდ ერთი სასწრაფო დახმარების მანქანაა. 22:20 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. „მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები“, – განაცხადა შსს-მ. შსს-მ კიდევ ერთხელ კიდევ მოუწოდა პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, „არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“.

სპეცრაზმი იდენტიფიცირებადი სამკერდე ნიშნების გარეშე ცდილობდა ცალკეული მომიტინგეების გატაცებას და მთელი საღამოს განმავლობაში რამდენჯერმე შეუტია მომიტინგეებს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით. ამას მოჰყვა სპეცრაზმის მიერ რუსთაველის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია და აქციის მონაწილეების პროსპექტიდან გაძევება.

შუაღამისკენ შსს-მ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“. შსს-მ განაცხადა, რომ „მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს“ და „სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს“. „საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას“, – აცხადებს შსს.

სპეცდანიშნულების რაზმის მიერ პროტესტის დაშლის მცდელობის მიუხედავად, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით, მათ შორის, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით, ხალხი რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩება და სულ უფრო მეტი ადამიანი იკრიბება. დაახლოებით ღამის 1 საათზე სპეცრაზმმა განაახლა ძალისხმევა აქციის დასაშლელად და კვლავ გამოიყენა გაზი და წყლის ჭავლი.

00:42 საათზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდა შსს-ს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, „არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა“. პრეზიდენტმა მოუწოდა სახალხო დამცველს, დაუყონებლივ რეაგირება მოაცდინოს ძალადობაზე, რათა „შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძვლო და უადგილო  სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები“.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებები გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. მათ შესაბამის ორგანოებს გამოძიებისკენ მოუწოდეს.

საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს „ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე“.

აქცია თითქმის დილამდე გაგრძელდა. სპეცრაზმმა აქციის ადგილი მომიტინგეებზე ადრე, დილის 5 საათზე დატოვა. შსს-მ 1 მაისს დილის 10 საათზე ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ გუშინ 63 მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავეს და რომ სავარაუდოდ 6 პოლიციელი დაშავდა. დაკავებულთა შორის არის აშშ-ს მოქალაქე თედ ჯონასი, იურისტი, რომელიც შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ მუშაობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პოლიციამ სასტიკად სცემა.

კვირა, 28 აპრილი – ორშაბათი, 29 აპრილი

100-ზე მეტი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მასობრივ აქციაზე 19:00 საათიდან თბილისის რესპუბლიკის მოედანზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. შესრულდა ეროვნული და ევროპის ჰიმნები. დაახლოებით 21:00 საათზე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ დაიწყეს მსვლელობა და გზა კვლავ გადაკეტეს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია წინ უსწრებს მმართველი უმრავლესობის მიერ სადავო კანონის მეორე მოსმენით განხილვას მომდევნო კვირას. ხვალ ასევე დაგეგმილია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული კონტრაქცია.

აქციაზე ორგანიზატორთა განცხადება წაიკითხეს, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას ხვალ არ დანიშნოს პლენარული სხდომა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისთვის. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ მთავრობა ხვალ მეორე მოსმენას მაინც დანიშნავს, მათ აქვთ გეგმა და სპეციალური ლოკაციები, რათა ხალხის მობილიზება მოახდინონ.

დაახლოებით შუაღამისას, როცა სულ უფრო მეტი ხალხი შეიკრიბა პარლამენტის წინ, სადაც „ქართული ოცნების“ აქციისთვის სპეციალური სცენააა მომზადებული, გაჩნდა მოთხოვნები, რომ რამდენიმე ახალგაზრდა სცენაზე ასულიყო და ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აღემართათ, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ვითარება დაიძაბა. საქართველოს შსს-მ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა აქტივისტებს „არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა“. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დროს ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

პარლამენტთან სპეცრაზმია მობილიზებული. შსს-მ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი“ და „აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს“. შსს-ს თქმით, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.

პოლიციამ დაპირისპირების დროს წიწაკის სპრეი გამოიყენა.

შუაღამისას თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა „ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით. შეკრების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დაგეგმეს სამზადისის დაწყება სამი დღით ადრე და მოითხოვეს კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება.

„აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოუწოდა შსს-ს არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით და არ გამოიყენოს სპეცრაზმი, რადგან „არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა“. „საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია დემონსტრაციის ადგილის სამ გასასვლელთან (ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და თავისუფლების მოედნის მხრიდან რუსთაველის გამზირზე). მათ შორის, აღჭურვილნი არიან სპეციალური აირწინაღებით. ეს ყოველივე აჩენს ვარაუდს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი. კადრებში, ასევე, ჩანს წყლის ჭავლის მანქანები“, – აცხადებს საია. „მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით, და, არ გამოიყენოს ისინი ჩვეული უკანონო პრაქტიკით, როგორიცაა ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების მისამართით, და, რამდენიმე აქტიური სპეციალური საშუალების გამოყენება ერთმანეთის პარალელურად“.

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში (2012-2014 წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში) პოლიციამ დააკავა. ეს ინფორმაცია შსს-მ „პუბლიკას“ დაუდასტურა. მას ადმინისტრაციული ბრალი წაუყენეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.

შუაღამის შემდეგ სახალხო დამცველმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, „რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს“. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე (29 აპრილი, 00:30სთ) არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს, შესაბამისად სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. 

ხუთშაბათი, 25 აპრილი

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები პარლამენტიდან საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ. აქცია რუსთაველის გამზირზე დასრულდა, სადაც აქციის მონაწილეებმა კვლავ გადაკეტეს გამზირი, მაგრამ მას შემდეგ რაც პოლიციამ ქუჩის გათავისუფლება მოითხოვა, აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა.

ოთხშაბათი, 24 აპრილი

22:00 – „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მეათე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი, რითიც უგულებელყვეს პოლიციის მიერ მანამდე გაჟღერებული გაფრთხილება. აქციებზე ხალხის რაოდენობის “მნიშვნელოვანი შემცირების” მოტივით და საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ მათ ქმედებებს „სამართლებრივი რეაგირება“ მოყვებოდა. აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.

მოგვიანებით, რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან დაბრუნებულ აქციის მონაწილეებს ლაზარე გრიგორიადისიც შეუერთდა, რომელიც პრეზიდენტის შეწყალებისთანავე გაათავისუფლეს ციხიდან.

სამშაბათი, 23 აპრილი

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი უკვე მეცხრე დღეა გრძელდება. 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ ყველა თაობის მოქალაქეები შეიკრიბნენ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისისკენ გაემართნენ. გზად აქციის მონაწილეები შეხვდნენ დეპუტატს „ხალხის ძალიდან“ დავით კაჭარავას და მას კანონპროექტთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button