აქტივისტებმა „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს
ქართველმა აქტივისტებმა, სტუდენტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის უკანა ეზოში 8 აპრილს აქცია გამართეს და საპარლამენტო ბიუროს მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტის განხილვა გააპროტესტეს. აქციას პოლიციამ ალყა შემოარტყა, რომელმაც კრიტიკული მედიის წარმომადგენელ ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ გააკეთა განცხადება. 2023 წლის 7-9 მარტის მასობრივი აქციების შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის შინაარსი იგივე რჩება და მხოლოდ მისი სათაური იცვლება. შესაბამისად, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. გადაწყვეტილებას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოყვა.
ჟურნალისტებს, რომელთაც შესვლაზე უარი უთხრეს, საჭირო აკრედიტაცია ან საშვები ჰქონდათ, თუმცა შესვლაზე უარი კონკრეტული მიზეზის გარეშე უთხრეს. „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტმა ნესტან ცეცხლაძემ განაცხადა: „მათ ეშინიათ ჟურნალისტების თავისუფალი, კრიტიკული ხმის, ამიტომ აპირებენ ამ კანონის ინიცირებას სწორედ ახლა, ბიუროს სხდომაზე. ამის გაპროტესტება გვინდოდა ჩვენ, ისევე როგორც წინა ჯერზე და ჩვენ სხვადასხვა ფორმით, რაც არ უნდა შეგვიზღუდონ შესვლის თუ პროტესტის უფლება, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ“.
„არ შეგვიშვეს შიგნით იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ბევრ კოლეგას აქვს სპეციალური საშვი. დანარჩენებს კი გვაქვს პარლამენტის წევრის დაშვებული საშვები. ეშინიათ, რომ შევახსენეთ, საით მივყავართ ამ კანონს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორია.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „მედიაომბუდსმენმა“ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, „შეწყვიტოს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა“. მან პარლამენტთან მყოფ ჟურნალისტებს სამართლებრივი მხარდაჭერა შესთავაზა.
პოლიციის მნიშვნელოვანი მობილიზების გამო, საქართველოს წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცხელი ხაზი აამოქმედეს, რომელზეც ადამიანები დაკავების შემთხვევაში შეძლებენ დარეკვას. ორგანიზაციები მათ უფასო იურიდიულ დახმარებასაც დაპირდნენ. მედიის წარმომადგენლებმა, რომელთაც პარლამენტში შესვლის უფლება მოიპოვეს, აღნიშნეს, რომ დაცვამ მათ ცარიელი თეთრი ფურცლები წაართვა.
მორიგი აქცია უკვე დაანონსებულია 9 აპრილს 18:00 საათზე.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტი ოფიციალურად დარეგისტრირდა და ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მას პარასკევს, 12 აპრილს განიხილავს.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/04/2024 – დამოუკიდებელი მედია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას გმობს
- 06/04/2024 – ჰელსინკის კომისია: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა საქართველოს კანდიდატის სტატუსის თვითსაბოტაჟია
- 05/04/2024 – ევროპის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი „მტრული ნაბიჯია“
- 05/04/2024 – გერმანია: „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი ევროკავშირის წევრობას საფრთხეს უქმნის
- 05/04/2024 – ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, გააკონტროლოს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების შესაბამისობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან
- 05/04/2024 – მეთიუ მილერი: ‘ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოაშორებს’
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)