სასამართლომ „უცხოელი აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილეები დააჯარიმა
20 მაისს გამართულ სხდომაზე, სასამართლომ „უცხოელი აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის გამო რამდენიმე აქტივისტი 500-500 ლარით დააჯარიმა. ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით სამართალდარღვევისთვის მაქსიმალური ჯარიმაა. დაჯარიმებულთა შორის არიან საბა სხვიტარიძე, ანრი გორგილაძე ოპოზიციური პარტიიდან „დროა“, აქტივისტი ლაზარე ორდენიძე და ბორის ჩელე ყურუა ოპოზიციური პარტიიდან „გირჩი – მეტი თავისუფლება“.
კიდევ ერთი მოქალაქე, იმედა კლდიაშვილი 2200 ლარით დაჯარიმდა. როგორც კლდიაშვილმა „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე მუხლებით, პოლიციის ჩვენებების საფუძველზე წაუყენეს. ეს უკანასკნელი მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 2000-3000 ლარის ოდენობით სამართალდამცველების კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის. აქციის მონაწილე ზვიად დალაქიშვილი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის იმავე 173-ე მუხლით 2300 ლარით დაჯარიმდა. ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ დაუდასტურა. რაც შეეხება აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, თორნიკე ქეთელაურს, ის 2200 ლარით დაჯარიმდა.
ბოლო დღეების განმავლობაში, აქციის მონაწილეთა ჩვენებებისა და მედიის ინფორმაციით, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, 50-ზე მეტი მომიტინგე კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
სასამართლო პროცესების დიდი ნაწილი გადაიდო.
ბორის ჩელე ყურუამ, რომელიც 20 მაისს დაჯარიმებულებს შორისაა, „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული ბრალდების პოლიტიკოსებისა და აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს აქტიურად იმ ადამიანების თვალთვალზე, ვინც იმყოფება აქციაზე და აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას, მაგრამ არ მუშაობს იმაზე, რომ ჩვენზე თავდამსხმელები რომ დააკავონ და მათი იდენტიფიცირება მოახდინოს“, – განაცხადა მან.
აქტივისტმა ლაზარე ორდენიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთადერთი მტკიცებულება არის ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ გადადიან აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე.
„პირადად მერ საერთოდ არ ვჩანვარ მაგ კადრებში… ხელისუფლება ცდილობს დაგვაჯარიმოს და შეგვაშინოს, რომ აღარ გავიდეთ აქციებზე“, – განაცხადა მან.
22 მაისს ლუკა ღვინიაშვილი და კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც ვინაობის გამჟღავნებაზე უარი განაცხადა, 2300 ლარით და 4000 ლარით დააჯარიმეს. ორივე მათგანი, პოლიციის ჩვენების საფუძველზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააჯარიმეს, განუცხადა „სამოქალაქო საქართველოს“ ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა.
კიდევ ერთი მოქალაქე გიორგი დუმბაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით 5000 ლარით დაჯარიმდა.
28 მაისს სასამართლომ კიდევ ათი ადამიანი თითოეული 500 ლარით დააჯარიმა.
3 ივნისს, კიდევ ერთი მოქალაქე, მუსიკოსი ალექსანდრე მიშელაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს. მას ბრალად დაედო 2 მაისს გამართულ აქციაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. ამავე ბრალდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ 11 მოქალაქე ელოდება. მათ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს. ადვოკატების თქმით, სასამართლოს არ გააჩნია მკაფიო მტკიცებულებები და საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 10/05/2024 – ოპოზიციის კიდევ ორ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
- 09/05/2024 – თბილისის ქუჩებში აქტივისტებზე თავდასხმა განხორციელდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)