skip to content
ახალი ამბები

სენატორები რიში და შაჰინი მიესალმებიან საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერებას

ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, და ჯინ შაჰინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მიესალმნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ხელისუფებისთვის 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარება.

აღნიშნეს რა, რომ აშშ საქართველოს „ამაყი მხარდამჭერი“ იყო მას შემდეგ რაც ქვეყანამ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა, და რომ ის მუშაობდა ხელისუფლებასთან „მისი ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სენატორები აცხადებენ, რომ „საქართველოს ხელისუფლებას არასწორად მიაჩნდა, რომ მისი უარი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე გავლენას არ მოახდენს მის ურთიერთობაზე შეერთებულ შტატებთან“.

სენატორებმა ხაზი გაუსვეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარების შეჩერების თაობაზე არის გზავნილი, რომ შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და რომ ხელისუფლების ქმედებებს რეალური შედეგები მოყვება.

თუმცა, მათ ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარების შეჩერების მიუხედავად, აშშ ქართველი ხალხის ტრანსატლანტიკური მომავლის ერთგული რჩება.

„აშშ მზად არის ხელახლა ჩაერთოს მას შემდეგ, რაც ხელისუფლება კვლავ დაადასტურებს ერთგულებას ჩვენი საერთო მიზნების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button