ახალი ამბები

თბილისში „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

20 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ ქალებისა და ახალგაზრდების მსვლელობა გაიმართა. ქალთა პროტესტი ასევე ეხებოდა ცოტა ხნის წინ საარჩევნო სიებში პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებული გენდერული კვოტების გაუქმებას.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე 17:00 საათზე ათობით ქალი შეიკრიბა და რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით გაემართა, სადაც მათ აქცია გამართეს. მომიტინგეებს ხელში ეკავათ ბანერები წარწერით „ქალები ვირჩევთ ევროპას“, „არა რუსულ კანონს“, „კვოტები დააბრუნეთ“ და სხვა.

ქალების მსვლელობა, 20 აპრილი, 2024. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

19:00 საათზე „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ ახალგაზრდების აქცია განახლდა, რომლებიც ჯერ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, შემდეგ კი პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ. მოგვიანებით, ისინი მთავრობის ადამინისტრაციასთან აპირებდნენ მისვლას, თან სკანდირებდნენ „არა რუსულ კანონს!“

„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდეობა, ქვეყნის მომავალი,  რომ  მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან. მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიეენი და მართალნი. არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული. ამ გზას გავივლით ერთად!“ – დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქზე“.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან პოლიცია იყო მობილიზებული, რომელთა სახეებიც სამედიცინო ნიღბებით იყო დაფარული, რადგანაც რაღაც მომენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდები იქაც აპირებდნენ მისვლას. თუმცა ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციის შენობა მარშის ერთ-ერთი სამიზნე არ ყოფილა.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button