„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყებასთან ერთად მოქალაქეები პარლამენტის წინ იკრიბებიან
მოქალაქეები 15 აპრილს დილიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, რათა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყებასთან ერთად ე.წ. „რუსული კანონი“ გააპროტესტონ. აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ ბანერები წარწერით: „არა რუსულ კანონს“, „ეს კანონი დიდი კედელია საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, „საქართველოში ვი-რუსია”, „არა რუსეთს, კი ევროკავშირს“ და სხვა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მახლობლად ევროკავშირის უზარმაზარი დროშა გაშალეს.
14 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარემ ონლაინ მედიის წარმომადგენლებს შენობაში შესვლა და პროცესის გაშუქება აუკრძალა, რასაც დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა, რომელმაც მოუწოდა პარლამენტს უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე ონლაინ ონლაინ მედია საშუალებების მიმართ და მისცეს მათ საშუალება, პარლამენტში 15 აპრილს დაგეგმილ საკომიტეტო განხილვას დაესწრონ.
ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. “რუსული კანონის” განხილვის მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიაზე და საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შექმნას ჟურნალისტებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობები, რათა “მათ თავიანთი პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელება შეძლონ”.
ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების მობილიზება მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „”რუსებო!“, „არა რუსულ კანონს!“ , „მონებო!“.
პარლამენტის შენობასთან დღეს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე უფრო მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)