საკონსტიტუციო სასამართლო “უცხოელი აგენტების” კანონს განიხილავს
29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო განმწესრიგებელი სხდომა “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის საქმეზე. სხდომაზე განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის წინააღმდეგ შეტანილი ოთხი სარჩელი: პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ორი ჟურნალისტის. სასამართლომ ოთხივე სარჩელის გაერთიანებულ წარმოებაში მიღება გადაწყვიტა. სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა 31 აგვისტომდე გაგრძელდება.
განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ცნოს თუ არა სარჩელები დასაშვებად და, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროს თუ არა კანონის ნორმების მოქმედება, როგორც ამას მოსარჩელე მხარეები ითხოვენ.
ქვემოთ იხილავთ მოსმენის თითოეული დღის დეტალებს. მასალა განახლდება:
მესამე დღე
- 11:00 საათზე სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა განახლდა. სხდომა დაიწყო ენათმეცნიერის გამოსვლით, რომელიც სასამართლოში ბრალდების მხარის შუამდგომლობით წარსდგა. სხდომის პირველი ორი დღის განმავლობაში ორგანიზაციების სტიგმატიზაცია განხილვის ერთ-ერთი ცენტრალური საგანი იყო. როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე კამათობდა კანონში გამოყენებული ტერმინების კონოტაციებზე.
- ენათმეცნიერმა მარინა ბერიძემ წარადგინა 88-გვერდიანი კვლევა, რომელშიც სამი სხვადასხვა ლინგვისტური მეთოდოლოგიით გაანალიზებულია კანონში გამოყენებული საკვანძო ტერმინები: “უცხოური”, “უცხო”, “ძალა”, “გავლენა”, “ინტერესი”, “გამტარებელი”, “უცხოური ძალა”, “უცხოური ძალის ინტერესები” და “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”.
- მან წაიკითხა კვლევის დასკვნა, რომლის თანახმადაც “კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა, და დადებითი და ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამატებითი მოდიფიკატორებით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კონტექსტითაა შესაძლებელი.”
- ენათმეცნიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავარი საკვანძო სიტყვა კანონში არა “უცხო” და “უცხოური”, არამედ “ინტერესია”.
- მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა სიტყვა “აგენტი” კანონის ძველი ვერსიიდან ამოიღეს და იგი კანონის ახალ, ხელახლა ინიცირებულ ვერსიაში “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით” ჩანაცვლდა, ამის მიუხედავად “სინონიმურობა ამ ტერმინებისა – გამტარებლისა და აგენტისა – კვლავ დარჩა.” თუმცა, მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კანონს სიტყვა “აგენტი” მოაშორეს, აღნიშნული სიტყვა კვლავ რჩება საზოგადოებრივ დისკურსში.
- მოსამართლე ევა გოცირიძემ იკითხა, რა ჩამანაცვლებელ ტერმინებს შესთავაზებდა საზოგადოებას ენათმეცნიერი, რომ შენარჩუნებულიყო ამ სიტყვების იდეა, თუმცა მათ მოშლოდათ ნეგატიური კონოტაცია. პასუხში ენათმეცნიერმა აჩვენა, რომ კანონის სათაურის შეცვლის შემთხვევაშიც კი, თავად კანონის არსი მაინც ვერ შეიცვლება.
- ენათმეცნიერმა ასევე აღნიშნა, რომ სიტყვა “გამჭვირვალობა”, რაც დაცვის მხარისა და საქართველოს მმართველი პარტიის მტკიცებით, კანონის ერთადერთი მიზანია, კანონის ტექსტში მხოლოდ ორჯერაა გამოყენებული.
- სიტუაცია დარბაზში დაიძაბა, როდესაც დაცვის მხარემ ენათმეცნიერის მიკერძოებულობის საკითხი დააყენა. მოსმენის დასრულებისას, მარინა ბერიძემ განაცხადა, რომ კვლევის ჩატარებაში მას არანაირი დაფინანსება არ მიუღია. “ეს იყო წმინდა სამეცნიერო შრომა და მოქალაქეობრივი ვალდებულება,” განაცხადა მან.
- 3-საათიანი მოსმენის შემდეგ სასამართლო ერთსაათიან შესვენებაზე გავიდა.
- სხდომა მოსამართლეების მიერ მოსარჩელეებისა და მოპასუხეების მიმართ კითხვების დასმით განახლდა.
- ეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ისტორიული მომენტია, რადგან პირველად განიხილებოდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის სავარაუდო დარღვევის დაშვებულობის საკითხი.
- საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ნათქვამია: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. სწორედ 78-ე მუხლი მოყავდა ყველა მოსარჩელეს არგუმენტად იმის დასამტკიცებლად, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონით კონსტიტუცია დაირღვა.
- მოსამართლე ევა გოცირიძემ სასამართლოს 78-ე მუხლი წაუკითხა და მოკლე სამართლებრივი ანალიზიც გააკეთა. მან სთხოვა მოსარჩელეებს განემარტათ, თუ როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს იურისდიქცია განიხილოს ასეთი ფართო, „პოლიტიკური“ დებულების სავარაუდო დარღვევა და რა სამართლებრივი მიდგომა, მტკიცებულება ან გარემოება შეიძლება გამოიყენოს მან მის სავარაუდო დარღვევაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
- პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ ვრცლად ისაუბრა იმ ხუთ მიმართულებაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება გაითვალისწინოს მთლიანად უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიერ 78-ე მუხლის სავარაუდო დარღვევის სათანადო სამართლებრივი შესწავლისთვის. 1. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან: ბესელიამ აღნიშნა, რომ პარლამენტმა თავისი ფუნქციის შესრულებისას, კანონმდებლობის მიღებისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს, რომ ის უზრუნველყოფს ევროკავშირთან სამართლებრივ შესაბამისობას და რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, იყო თუ არა პარლამენტის ნაბიჯის კანონის მიღების თაობაზე ამ მხრივ აქტუალური; 2. კანონის მიერ სხვა კონსტიტუციური უფლებების დარღვევა, რაც თავისთავად არღვევს 78-ე მუხლს; 3. საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა მსგავს საქმეებში და საქართველოს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის საერთაშორისო სამართლებრივი ანალიზი: ბესელიამ ახსენა საქმე „კომისია უნგრეთის წინააღმდეგ“ ქვეყნის ე.წ. გამჭვირვალობის კანონის შესახებ, რომელიც ქართული კანონის მსგავსია და რომელზეც მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის განხორციელებულ უცხოურ შემოწირულობებზე დისკრიმინაციული და გაუმართლებელი შეზღუდვები“ დააწესა, რის შედეგადაც უნგრეთი იძულებული გახდა გაეუქმებინა კანონი. პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს საქმე მხედველობაში უნდა მიიღოს. რაც შეეხება საერთაშორისო სამართლებრივ მოსაზრებებს საქართველოს „უცხოელი აგენტების“ კანონზე, ბესელიამ ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის სამართლებრივ ანალიზზე ისაუბრა. ბესელიამ აღნიშნა, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს იურიდიულ წყაროებად; 4. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეფასება, მათ შორის, ევროკავშირის ცხრა ნაბიჯის მიზნებთან უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შესაბამისობის გზით: ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია არსებითად გრძელი პროცესია და არა მოცემული ფაქტი, რომელიც, მისი ვარაუდით, საკონსტიტუციო სასამართლომ ფართო პერსპექტივიდან უნდა განიხილოს; 5. დასავლელ გადაწყვეტილების მიმღებთა განცხადებები კანონთან დაკავშირებით: ეკა ბესელიამ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე პოლიტიკურია, მაგრამ ამ ფაქტმა ხელი არ უნდა შეუშალოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო მუხლის სავარაუდო დარღვევის განხილვას. მოსარჩელეთა სხვა წარმომადგენლებმა ასევე არაერთხელ აღნიშნეს, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სწორედ იმ პოლიტიკოსებისა და ლიდერების კრიტიკული განცხადებები, რომლებიც წყვეტენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს.
- მოსამართლე ევა გოცრირიძე პასუხებმა ნაკლებად დაარწმუნა და გაიმეორა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეს, თუ ის „პოლიტიკურ“ სფეროში შევა. მან ისიც თქვა, რომ 78-ე მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ ყველა საკონსტიტუციო ორგანო ვალდებულია მიიღოს „ყველა ზომა“ თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, „გაზვიადებულია“ და დაინტერესდა, თუ სად არის აქ სამართლებრივი საზომი. მისი თქმით, ყველას ძალიან უნდა ევროპა, თუმცა იგი ვერ ხედავს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციას 78-ე მუხლის სავარაუდო დარღვევასთან მიმართებით და სთხოვა მოსარჩელეებს ეს ნათლად ეჩვენებინათ.
- პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ საბოლოოდ განაცხადა, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოს არა მხოლოდ შეუძლია, არამედ ვალდებულია დაიცვას 78-ე მუხლი ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გადასარჩენად. მან სთხოვა მოსამართლეებს დროებით მაინც შეეჩერებინათ კანონის ამოქმედება და საქმე შემდგომ განხილვაში მიეღოთ.
- ოპოზიციონერმა დეპუტატმა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ასევე შეიძლება გახდეს სასამართლოს მიერ განსახილველი კიდევ ერთი პუნქტი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭა, რაც პარლამენტმა 2023 წელს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ უკან გაიწვია. კორძაიამ ასევე ახსენა ბოსნია და ჰერცოგოვინას საქმე, რომელთანაც გაწევრიანების მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანამ მსგავსი კანონმდებლობა გააუქმა. მან ასევე აღნიშნა, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნას დასავლელი ლიდერების განცხადებებიც, ვინაიდან სწორედ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ.
- მოსამართლე ევა გოცირიძემ კვლავ არადამაჯერებლად მიიჩნია პასუხები და ამჯერად ეჭვქვეშ დააყენა დასავლელი ლიდერების განცხადებების აქტუალობა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ახსენა რა ჰიპოთეტური სცენარი, სადაც არ იყო ასეთი განცხადებები დასავლეთის მხრიდან, მან იკითხა, როგორ შეძლებდა საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას 78-ე მუხლის დარღვევაზე მხოლოდ სამართლებრივ (და არა პოლიტიკურ) საფუძველზე, მოუწევდა თუ არა მას, რომ დალოდებოდა ასეთი განცხადებების გაკეთებას.
- ანა ნაცვლიშვილმა, კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ევროკავშირის ცხრა ნაბიჯი ახსენა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯების შესრულება, განსაკუთრებით მეცხრე ნაბიჯის, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ეხება, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც „ინდიკატორი“, როგორც „წყარო“ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რათა შეაფასოს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიერ 78-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა.
- მოსამართლე ევა გოცირიძე კვლავ გასცდა კონკრეტულ საქმეს და ჰკითხა მოსარჩელეებს, ექნებოდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება განეხილა საკონსტიტუციო ორგანოების ზოგადი „უმოქმედობა“ ცხრა ნაბიჯის შესრულების საქმეში.
- მოსარჩელეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი არ ითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ზოგადად ცხრა ნაბიჯის შეუსრულებლობის ჰიპოთეტურ სცენარზე, არამედ კანონის მიერ 78-ე მუხლის დარღვევის კონკრეტულ შემთხვევაზე, რომლის განხილვაც შეიძლება, სხვა საკითხებთან ერთად, ცხრა ნაბიჯზე დაყრდნობით განხორციელდეს.
- განხილვის შემდეგი პუნქტი ეხებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის სავარაუდო დარღვევის დასაშვებობას, რომელიც ითვალისწინებს აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებას. მოსარჩელეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მედია ორგანიზაციების „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელად“ რეგისტრაცია გამოიწვევს მათ სტიგმატიზაციას და, თუ ტექნიკურად არა, არსებით საფრთხეს შეუქმნის მათი ინფორმაციის სანდოობას საზოგადოებისთვის. მათ განაცხადეს, რომ კანონის მსუსხავი ეფექტი მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაციასთან დაკავშირებით შეზღუდავს მათ უფლებას გამოხატვის თავისუფლებაზე.
- მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მოპასუხეს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებში მომუშავე პირების საბანკო ანგარიშების გამოქვეყნების კანონიერებაზე ჰკითხა. პარლამენტის წარმომადგენელმა ლევან ღავთაძემ განაცხადა, რომ„საბანკო ანგარიშების გამოქვეყნება პრობლემას არ წარმოადგენს და მან გარკვეული პარალელები გაავლო, რა დროსაც სსო-ები შეადარა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც თავიანთ საბანკო ანგარიშებს პოლიტიკურ შემოწირულობებისთვის აქვეყნებენ, ასევე ინდივიდუალურ პირებს, რომელთაც შესაძლოა თავიანთი საბანკო ანგარიშები სოციალური მედიით ან ტელევიზიით დახმარების თხოვნისას გაასაჯაროვონ. თუმცა, ღავთაძემ არ აღიარა იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ ამგვარი გაასჯაროვება ნებაყოფლობით ხდება მაშინ როცა უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ავალდებულებს ორგანიზაციებს, თანამშრომლების პირადი ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ანგარიშები გაასაჯაროვონ.
- მოსამართლე ევა გოცირიძემ ეჭვქვეშ დააყენა თანხების მიღებასა და უცხო ძალის ინტერესების გატარებას შორის კავშირის აუცილებლობა, როგორც ამას მოპასუხე ვარაუდობდა, რომლის თქმითაც ფულს გარკვეული ინტერესი ახლავს თან. მოპასუხემ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (GIZ) მოიშველია, რომლის თქმითაც, ის გერმანიის ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობს, და დაასკვნა, რომ GIZ-ის მიერ დაფინანსებულ თითოეულ პროექტს კონკრეტული [გერმანული] ინტერესი ახლავს. მოსამართლე მანანა კობახიძე შეეწინააღმდეგა მოპასუხე მხარის მოსაზრებას და განაცხადა, რომ იგი ოდესღაც მუშაობდა GIZ-ის მიერ დაფინანსებულ კვლევაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ის იგი „სრულიად თავისუფალი“ იყო პროექტში მუშაობისას.
- მოსამართლეებმა თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი თევდორაშვილმა მოპასუხე მხარეს სთხოვეს განემარტა, თუ კანონის რომელი ლეგიტიმური მიზნები დაზარალდებოდა, თუ სასამართლო კანონის დროებით შეჩერებას გადაწყვეტდა. მოპასუხე მხარემ გამჭვირვალობა და სუვერენიტეტის ბუნდოვანი მიზნები დაასახელა. პარლამენტის წარმომადგენელი ლევან ღავთაძე თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს, რომ კანონის შეუჩერებლობას გამოუსწორებელი ზიანი მოყვებოდა. შემდეგ მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხალხს აინტერესებს ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს. მისი თქმით, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა თავად არის მიზანი, მაგრამ ის ასევე არის „შუალედური მიზანი“ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის საბოლოო მიზნის მისაღწევად. თუმცა, მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში, როგორც ჩანს, ვერ დაარწმუნა „გადაუდებელი აუცილებლობის“ დასაბუთებამ. მან აღნიშნა, რომ სსო-ები საქართველოში ათწლეულების მანძილზე მოქმედებდნენ და გამჭვირვალობა მნიშვნელოვან წუხილს არასდროს წარმოადგენდა. იგი დაინტერესდა, თუ რატომ გახდა ეს მოულოდნელად პრობლემა. მართალია მოპასუხე იმეორებდა, რომ კანონი დროებით არ უნდა შეჩერებულიყო, რადგან ის არ აყენებდა გამოუსწორებელ ზიანს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციებს, მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა მოითხოვა განმარტება კანონის შეჩერების თავიდან აცილების გადაუდებელ აუცილებლობაზე, რაც მოპასუხემ საბოლოოდ ვერ უზრუნველყო.
- სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
- სხდომა განახლდა და თითოეულმა მხარემ მეორეს კითხვები დაუსვა. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში კითხვებს მხოლოდ მოპასუხე სვამდა. კითხვები ძირითადად ეხებოდა სსო-ების შესახებ მოსარჩელეთა შეხედულებებს და მათ როლს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, გამჭვირვალობის საკითხებს, საზოგადოების ინტერესს ამ ორგანიზაციების მიმართ, სტიგმატიზაციას და ა.შ. მოპასუხემ სხდომის წინა დღეებში გამოხატული პოზიცია გაიმეორა. მოპასუხემ არაერთხელ გააჟღერა გარკვეული ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც ნატოს წევრობას ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას, ხოლო ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინების ლეგალიზებას ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირებს. იყო რამდენიმე მცირე სიტყვიერი შეხლა-შემოხლაც. მოსარჩელეებმა არ დასვეს კითხვები, რათა სხდომა სწრაფად დასრულებულიყო.
- სხდომაზე კვლავ შესვენება გამოცხადდა.
- სხდომა მოსარჩელეთა დასკვნითი სიტყვებით განახლდა. გამოსვლებში ყველა მოსარჩელემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქმის მნიშვნელობას და გააფრთხილა იმ გამოუსწორებელი ზიანის თაობაზე, რომელიც სამოქალაქო სექტორს მიადგება, თუ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის დროებით შეჩერების თაობაზე. მათ ასევე შეახსენეს მოსამართლეებს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა და, ამავდროულად, ვალდებულება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს, დაიცვან კონსტიტუციის 78-ე მუხლი – დაიცვან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები.
- ხუთწუთიანი შესვენების შემდეგ სხდომა მოპასუხე მხარის დასკვნითი სიტყვებით განახლდა. მათ გაიმეორეს ზოგადი არგუმენტები გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის ცნების შესახებ, და საბოლოოდ, განაცხადეს. რომ საჩივრები არ უნდა იქნას მიღებული განსახილველად, და რომ კანონის დროებით შეჩერების საჭიროება არ არსებობს.
- 13-საათიანი სხდომის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს წინასასამართლო მოსმენა შუაღამის შემდეგ დასრულდა. თავმჯდომარის მერაბ ტურავას თქმით, მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელების დასაშვებობისა და კანონის დროებით შეჩერების შესახებ ეცნობებათ. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება.
მეორე დღე
- 11:00 საათზე სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა განახლდა. სასამართლომ მოუსმინა იუსტიციის სამინისტრო წარმომადგენლებს. “უცხოელი აგენტების” კანონი იუსტიციის სამინისტროს ანიჭებს სპეციალურ მანდატს, აღასრულოს კანონის ნორმები, რაც ითვალისწინებს ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციას, შემდგომ მათ მონიტორინგსა და საჭიროების შემთხვევაში, დაჯარიმებას.
- თამარ ტყეშელაშვილმა, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, განაცხადა, რომ საჯარო რეესტრს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარად” რეგისტრაციისთვის 233-მა ორგანიზაციამ მიმართა, რაც საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციების დაახლოებით ერთ პროცენტს წარმოადგენს. მან თქვა, რომ ორგანიზაციებს კიდევ ორი დღე აქვთ დარჩენილი რეგისტრაციისთვის.
- სიტყვა მიეცა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილს. გამოსვლა მან დაიწყო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის საკითხით, რომელიც მათი “უცხოეთის აგენტებად” რეგისტრაციით იქმნება. სტიგმატიზაციის საკითხი განმწესრიგებელი სხდომის პირველ დღეს მომჩივანმა მხარემ განიხილა.
- მომხსენებელს სიტყვა შეაწყვეტინა პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ. მან მოსამართლეებთან გააპროტესტა ფაქტი, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილე მომჩივანთა სარჩელების დასაშვებობის საკითხს ჩაუღრმავდა, რაც მისი ჩვენების შინაარს სცილდება. ეკა ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ირიბად დაცვის მხარის პოზიციაც დაიკავა. მოსამართლე მანანა კობახიძემ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მხარე დაიკავა და თქვა, რომ მას შეუძლია საქმესთან დაკავშირებით თავისი პოზიცია წარმოადგინოს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ განმარტა, რომ მომხსენებლებს თავისუფლება აქვთ, განიხილონ ნებისმიერი საკითხი, რომელსაც მნიშვნელოვნად ჩათვლიან.
- ბექა ძამაშვილმა საუბარი განაგრძო. სტიგმატიზაციის საკითხის განხილვისას მან მოიყვანა “სტრასბურგისა და ლუქსემბურგის სასამართლოების” მაგალითები. ძამაშვილმა თქვა, რომ აღნიშნულმა ორმა სასამართლომ დაადგინა სტანდარტი, რომლის თანახმადაც, სტიგმატიზაციისთვის “სახელდება, ცალკე აღებული, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს განსახილველი, მაგრამ არა გადამწყვეტი”. მისი აზრით, სტიგმატიზაცია კომპლექსური საკითხია და სუბიექტის სტიგმატიზაციისთვის მხოლოდ სახელდება არ კმარა: საჭიროა კიდევ სხვა ცვლადის გათვალისწინება, რაც შეიძლება იყოს ის, თუ რის გაკეთებას ავალდებულებს სახელმწიფო კანონის ფარგლებში სუბიექტს ან როგორია მასზე საზოგადოების შეხედულება. მისი აზრით, მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაცია, თუნდაც მათთვის სადავო სახელის მინიჭებით, ვერ გახდება მათი სტიგმატიზების ცალკე აღებული მიზეზი. გარდა ამისა, მან მოიყვანა სტრასბურგის ერთ-ერთი საქმე, რათა ეჩვენებინა, რომ კანონი სასამართლომ უნდა შეაჩეროს კანონი მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი ზიანი გამოუსწორებელი იქნება. ირიბად მან მიანიშნა, რომ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი მსგავს გამოუსწორებელ ზიანს არ შექმნის.
- სხდომაზე წარსდგა დავით დევიძე, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე. მან თქვა, რომ ორგანიზაციებმა, რომლებიც კანონის მოქმედების ქვეშ ექცევიან, საჯარო რეესტრს უნდა წარუდგინონ ფინანსური დეკლარაცია, სადამფუძნებლო დოკუმენტები და წესდება და ბოლო ამონაწერი. მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ორი დოკუმენტი ისედაც საჯაროა; შესაბამისად, ფინანსური დეკლარაცია რჩება ერთადერთი ახალ დოკუმენტად, რომელიც გასაჯაროვდება. დევიძემ განაცხადა, რომ მონიტორინგის პროცესში მოპოვებული პერსონალური და სენსიტიური ინფორმაციები არ გამოქვეყნდება. მიუხედავად ამისა, დევიძის პასუხებში გამოჩნდა, რომ არსებობს საკამათო საკითხები აღნიშნულ ინფორმაციებზე წვდომასთან, მათ მოპოვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებით.
პერსონალურ და სენსიტიურ ინფორმაციებთან დაკავშირებული საკითხები
სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლეებმა წამოჭრეს რამდენიმე პრობლემური საკითხი პერსონალურ და სენსიტიურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი აძლევს მანდატს საჯარო რეესტრს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც ამ ორგანიზაციების საქმიანობას, მათ პერსონალსა და ზოგჯერ, ბენეფიციარებსაც ეხებათ. იუსტიციის სამინისტრო ორგანიზაციების მონიტორინგის პროცესს 3 სექტემბერს, მას შემდეგ დაიწყებს, რაც 2 სექტემბერს იწურება ვადა ორგანიზაციებისთვის, დარეგისტრირდნენ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად”. მიუხედავად საჯარო რეესტრის თავმჯდომარის განცხადებისა, რომ მონიტორინგის პროცესში მოპოვებული პერსონალური და სენსიტიური ინფორმაციები არ გასაჯაროვდება, მაინც არსებობს პრობლემური საკითხები ამ ინფორმაციებზე წვდომასთან, მათ მოპოვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებით. რამდენიმე საკითხის გარშემო კითხვა-პასუხის რეჟიმმა ეს პრობლემები მეტად გამოაჩინა:
- მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ფინანსურ დეკლარაციებში, რომელთა ატვირთვაც ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, არის ველები, სადაც უნდა მიეთითოს ამ ორგანიზაციებში დასაქმებულთა სახელები, პირადი ნომრები, პოზიციები და ხელფასები. დავით დევიძემ არაერთხელ აირიდა თავიდან ამ თემაზე მკაფიოდ საუბარი. მან რამდენჯერმე თქვა, რომ ფინანსურ დეკლარაციებში არ იწერება ისეთი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ მრწამსთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასა თუ სექსუალურ ცხოვრებასთან. მიუხედავად ამისა, მის პასუხებში არ იყო მკვეთრად ნათქვამი, გასაჯაროვდება თუ არა ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა სახელები, გვარები, პირადი ნომრები, ხელფასები და სხვა პერსონალური ინფორმაცია. მან თქვა, რომ გამოქვეყნებისას თუ რაიმე ინფორმაციის “დაბლარვა” გახდება საჭირო, საჯარო რეესტრი ასეც მოიქცევა. მან დაამატა, რომ საჯარო რეესტრი ორგანიზაციების ფინანსურ დეკლარაციებს გამოაქვეყნებს საქართველოს “პერსონალურ მონაცემთა დაცვისა” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონების დაცვითა და მათთან “სრულ შესაბამისობაში”.
- მოსამართლე ევა გოცირიძემ წამოაყენა ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალურობის საკითხი. მან აღნიშნა, რომ ფინანსურ დეკლარაციებში მედია ორგანიზაციებმა უნდა მიუთითონ ჟურნალისტების წყაროთა სახელებიც, ვინაიდან ისინი თავიანთ საქმიანობაში ამ ორგანიზაციებისგან ანაზღაურებას იღებენ. თავდაპირველად, დევიძემ განაცხადა, რომ ორგანიზაციებს აქვთ უფლება, ბუნდოვნად აღნიშნონ, რომ კონკრეტულმა პირმა მათ “დახმარება” ან “სერვისი” გაუწია, თუმცა არ დააკონკრეტონ, რომ ისინი თუნდაც ჟურნალისტური წყაროები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ თუ ფინანსური დეკლარაციების დეტალებით დაინტერესდა საჯარო რეესტრი, იგი ამ დეტალებს მოიკვლევს. საპასუხოდ, მოსამართლეებმა იკითხეს, ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ საჯარო რეესტრს, როგორც სახელმწიფო ორგანოს, შეეძლება გამოავლინოს ჟურნალისტური წყარო. დევიძეს მოუწია, რომ ეს ეღიარებინა. “სახელმწიფოს ეცოდინება, დიახ”, თქვა მან.
- მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ იკითხა, თუ რისთვის სჭირდება საჯარო რეესტრს ისეთი განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაცია, როგორიც თუნდაც პირის სექსუალური ცხოვრებაა, და რა კავშირშია ეს ორგანიზაციების ფინანსურ მონიტორინგთან. მოსამართლე ევა გოცირიძემაც იკითხა, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომა. პასუხად, საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საჯარო რეესტრს ესაჭიროება წვდომა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე, რათა ჩაატაროს “სრულფასოვანი მონიტორინგი” “ბარიერების” გარეშე. მისი აზრით, ორგანიზაციებმა შესაძლოა სცადონ საჯარო რეესტრის მოტყუება, რაც მათ საქმიანობას შეაფერხებს; განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე წვდომაც ამიტომაა აუცილებელი, რომ საჯარო რეესტრი ორგანიზაციებისგან არ მოტყუვდეს.
- მოსამართლე მანანა კობახიძემ იკითხა, თუ როგორ ჩაატარებს საჯარო რეესტრი მონიტორინგს პრაქტიკაში; ფიზიკურად შევა თუ არა საჯარო რეესტრის წარმომადგენელი ორგანიზაციების ოფისებში. დავით დევიძემ განაცხადა, რომ საჯარო რეესტრს ოფისებში შესვლის უფლებას არც კანონი აძლევს და არც იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანება. მან თქვა, რომ საჯარო რეესტრს მხოლოდ ინფორმაციის გამოთხოვის უფლება აქვს. მას ჰკითხეს, რა მოხდება, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის ინფორმაციის გადაცემაზე. დევიძემ თქვა, რომ საჯარო რეესტრი თავად დაარეგისტრირებს ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად”, თუმცა ხელახლა სთხოვს ფინანსური დეკლარაციის შევსებას. “რეგისტრაცია [ორგანიზაციებს] არ ათავისუფლებს [ფინანსური] დეკლარაციის შევსების ვალდებულებისგან”, განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ასე სწორედ კანონითაა განსაზღვრული. მოგვიანებით მან გაიმეორა, რომ თუ ორგანიზაციები გააგრძელებენ უარის თქმას ფინანსური დეკლარაციების შევსების ვალდებულებაზე, ვინაიდან საჯარო რეესტრს არ შეეძლება ძალით შეავსებინოს ორგანიზაციებს დეკლარაციები, ისინი ხელახალი მძიმე ჯარიმების ობიექტები გახდებიან.
მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც კანონი “უცხოეთის აგენტებს” გამოავლენს და დაარეგისტრირებს, ან მათივე ნებით, ან “ძალით”, თუნდაც ორგანიზაციებმა წარადგინონ ფინანსური დეკლარაციები, ამის შემდეგ საჯარო რეესტრი მომდევნო ეტაპზე გადადის: მან უნდა გადაამოწმოს ორგანიზაციების ფინანსური დეკლარაციების სისწორე. საჯარო რეესტრის მიერ დანიშნულ სპეციალურ ინსპექტორს მიეცემა უფლება, თუკი საჭიროდ ჩათვლის, გამოითხოვოს უფრო მეტი ინფორმაცია, მათ შორის სენსიტიური ინფორმაცია ორგანიზაციების პერსონალისა და ბენეფიციარების შესახებ. ამ შემთხვევაში ორგანიზაციებმა და მათში დასაქმებულმა პირებმა ან უნდა გასცენ ინფორმაცია, ან დააჯარიმებენ. ინსპექტორის უფლებამოსილების ფარგლები ბუნდოვანია, თუმცა სხდომაზე მიმდინარე განხილვებიდან ჩანდა, რომ მას სავარაუდოდ დიდი უფლებამოსილება ექნება და ამასთან, მათ პრაქტიკაში მოქმედება განსაზღვრავს.
პირველი დღე
- 11:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქმის განმწესრიგებელი სხდომა დაიწყო. ჯანმრთელობის გამო სხდომას ვერ ესწრებოდა მოსამართლე ირინე იმერლიშვილი.
- საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარე მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ სასამართლოში ორი დღის წინ კიდევ ერთი, ამჯერად მეხუთე სარჩელი შევიდა “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის წინააღმდეგ, თუმცა პროცედურული მიზეზების გამო აღნიშნული სარჩელის დანარჩენს სარჩელებთან გაერთიანება ვერ მოესწრო. ტურავას თქმით, მას სავარაუდოდ ცალკე განიხილავენ, ზეპირი მოსმენის გარეშე. სარჩელი სასამართლოში “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ” შეიტანა.
- “ქართული ოცნების” წევრები: ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე, რომლებიც სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ, სხდომაზე არ გამოცხადდნენ. დაცვის მხარეს მათ ნაცვლად პარლამენტის თანამშრომლები წარადგენდნენ.
- საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, საკონსტიტუციო სასამართლოს “მეგობრის მოსაზრებით” (Amicus Curiae) მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ “უცხოელი აგენტების” შესახებ “კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას”.
- მოსამართლე ევა გოცირიძემ განმარტა, რომ სასამართლო ატარებს მხოლოდ განმწესრიგებელ სხდომას, რომლის ფარგლებშიც “საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ ის უნდა გადაწყვიტოს, რომელი სადავო ნორმები მიიღოს რომელ [კონსტიტუციურ] უფლებასთან მიმართებაში”. მანვე დაამატა: “თქვენი ამოცანა შემოიფარგლება დღეს მხოლოდ იმის ჩვენებით, ამა თუ იმ სადავო ნორმამ მიაყენა თუ არა ზიანი კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას … არის თუ არა ჩარევა. ჩარევის გამართლებულობის შეფასებას ჩვენ დღეს არ ვიხილავთ … მხოლოდ მისაღებობის საკითხს”.
- საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ზურაბ მაჭარაძემ (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ეკა ბესელიამ (ყოფილი დეპუტატი, იურისტი) და გიორგი ბურჯანაძემ (სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე) წარადგინეს.
- ზურაბ მაჭარაძემ ისაუბრა კონსტიტუციის იმ მუხლებზე, რომელთაც კანონი, თავისი არსით, არღვევს. მათ შორისაა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ავალდებულებს კონსტიტუციურ ორგანოებს ყველა ზომის მიღებას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მაჭარაძემ ისაუბრა კანონის ხელახლა ინიცირების შემდეგ დასავლელი ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. მისი თქმით, აღნიშნულმა განცხადებებმა ნათლად აჩვენა, რომ ამ კანონით საქართველო დასავლურ ინსტიტუტებში ვერ გაწევრიანდება. მანვე დაასაბუთა, რომ როგორც სრულად კანონი, ისე მისი ცალკეული პუნქტები არღვევს ქვეყნის მთავარი კანონის სხვა მუხლებსაც; მათ შორისაა კონსტიტუციის მე-12 მუხლი (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება), მე-17 მუხლი (აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები), 22-ე მუხლი (გაერთიანების თავისუფლება) და 31-ე მუხლის (საპროცესო უფლებები) მეცხრე პუნქტი (“არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს”).
- ეკა ბესელიამ ისაუბრა კანონის განგრძობად უარყოფით შედეგზე ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის. მან დეტალურად გაიხსენა დასავლელი ლიდერების მიერ გაკეთებული კონკრეტული კრიტიკული განცხადებები, დასავლეთის მიერ დაფინანსებული პროექტების შეჩერების ფაქტები და ქვეყნის ოფიციალურ პირებზე აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები. ბესელიამ აღნიშნა, რომ ყოველივე ეს უნდა იყოს “მნიშვნელოვანი სიგნალი” იმისა, რაც კანონის მიღებამ გამოიწვია. მან ხაზი გაუსვა, რომ კანონის “მსუსხავი” და “რეპრესიული” ზომები მხოლოდ ახლა უნდა ამოქმედდეს, [1-ელი სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტრო ორგანიზაციების მონიტორინგს დაიწყებს, რასაც მათთვის მძიმე სანქციების დაწესება მოჰყვება; ეს კი მათ საქმიანობას შეაფერხებს], რაც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას “გამოუსწორებელ” ზიანს მიაყენებს. ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებით გააუქმონ კანონი. მან განაცხადა: “არ არსებობს არავინ, ვისაც კი შეიძლება ზიანი მიადგეს, თუკი თქვენ შეაჩერებთ ამ სადაო აქტს, არავინ! უბრალოდ, შეიძლება ვიღაცებს ნერვები აეშალოთ მხოლოდ, ვინც ამ კანონს ასე თავგამოდებით და ქვეყნის ევროპული მომავლის საზიანოდ იცავს”.
- გიორგი ბურჯანაძემ სიტყვის დასაწყისში აღნიშნა, რომ მსოფლიოს არცერთი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავსი კანონი არ გაუუქმებია, რაც მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ამ ქვეყნებში სასამართლოები მთავრობების გავლენის ქვეშაა. აღნიშნულ განცხადებაზე მომხსენებელს სიტყვა შეაწყვეტინა მოსამართლე მერაბ ტურავამ. მან მოიყვანა ავსტრალიის მაგალითი, სადაც, მისი თქმით, “გამჭვირვალობის კანონმა კონსტიტუციურობის შემოწმებას გაუძლო”, თუმცა ტურავამ არ ისურვა, ჩაღრმავებოდა დეტალებს, მსგავსია თუ არა ავსტრალიური და ქართული კანონები: “კანონები ანალოგიურია, ზუსტია, მსგავსია, [თუ] ერთმანეთისგან განსხვავდება, – ეს სხვა დეტალებია”, – თქვა მან. მოსამართლის კომენტარზე ბურჯანაძის პასუხი იყო, რომ ქართული კანონის ინსპირაცია რუსული კანონია, ამის დასადასტურებლად კი ქართულ კანონზე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის სამართლებრივი დასკვნები გაიხსენა. მან ისაუბრა ადამიანის უფლებების მიმართულებით სამ პრობლემურ საკითხზე, რომელიც კანონის არშეჩერების შემთხვევაში დადგება: 1. სტიგმატიზაცია: მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისთვის “უცხოელი აგენტის” იარლიყის მინიჭება შეაფერხებს მათ საქმიანობას, რომელიც საზოგადოებას სასიკეთოდ ხმარდება; 2. კონფიდენციალურობა: კანონის აღსრულების ფარგლებში საფრთხის ქვეშ დგება აღნიშნულ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა კონფიდენციალურობა. ბურჯანაძემ თქვა, რომ საქართველოში არაერთი ორგანიზაცია მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტირებაზე; ხოლო თუ გასაჯაროვდება იმ პირთა სახელები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მუშაობენ, ამით საფრთხე დაემუქრება მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს; 3. მონიტორინგი: ამ საკითხის პრობლემურობა განსაკუთრებით მედიებს ეხებათ. ბურჯანაძის თქმით, მონიტორინგი საფრთხეს შეუქმნის ჟურნალისტების წყაროებსა და მამხილებლებს; მონიტორინგი პრობლემურია იმის გამოც, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის ბევრი უფლებადამცველი ორგანიზაციის ბენეფიციართა სენსიტიური პირადი ინფორმაციის დაცულობას.
- 13:30 საათზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ, სხდომა განაახლა.
- სხდომაზე სიტყვით ქეთევან ერემაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გამოვიდა. მან დეტალურად გაანალიზა, რომ კანონის საბოლოო სამიზნე არა მხოლოდ უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ ნებისმიერი კრიტიკული ხმაა. ამასთან, მან ისაუბრა, თუ როგორ ხედავს საკონსტიტუციო სასამართლოს როლს აღნიშნულ საქმეში: “დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც არასდროს ამ სასამართლოს ისტორიაში და ყველა თაობის მოსამართლისგან განსხვავებით, თქვენ დღეს გაქვთ უდიდესი პატივი, გაქვთ გაზვიადების გარეშე ისტორიული შესაძლებლობა, აბსოლუტურად უნიკალური შესაძლებლობა და რაც მთავარია კონსტიტუციური ვალდებულება, რომ დაიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი”, – განაცხადა ყოფილმა საკონსტიტუციო მოსამართლემ. მან ასევე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის პრობლემაზე და აღნიშნა, რომ ტერმინებს: “უცხოური ძალის ინტერების გამტარებელი,” “უცხოური ძალა,” “აგენტი” – მხოლოდ ნეგატიური კონოტაცია აქვთ და შეუძლებელია მათი პოზიტიურად წარმოჩენა. მან ასევე ისაუბრა არაპროპორციულად მძიმე ჯარიმებზე და აღნიშნა, რომ მათი საბოლოო შედეგი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიკვიდაცია იქნება. შესაბამისად, მან ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონის ანტიკონსტიტუციური მუხლების დროებით შეჩერების მნიშვნელობას.
- ოპოზიციონერი დეპუტატმა და “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ კონსტიტუციის 78-ე მუხლთან კანონის შეუსაბამობაზე ისაუბრა. მან წაიკითხა საქართველოში გერმანიის ელჩისა და ევროკავშირის ელჩის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადებები, რომელთა თანახმადაც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ამ კანონის გამო ვერ განვითარდება.
- სხდომაზე სიტყვით კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, “ლელოსა” და “ძლიერი საქართველოს” კოალიციის წევრი, ანა ნაცვლიშვილი გამოვიდა. თავის გრძელ სიტყვაში კანონზე საუბრისას ნაცვლიშვილმა ბევრი პარალელი გაავლო საქართველოს წარსულთან და საბჭოთა რეპრესიებთან. მან ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს შანსი, აღადგინოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ნაცვლიშვილმა ასევე ისაუბრა პრობლემებზე, რომლებიც კანონის ამოქმედებით არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეექმნებათ.
- გელა მთივლიშვილმა, “მთის ამბების” რედაქტორმა, რომელიც “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი მეოთხე სარჩელის თანაინიციატორია, ისაუბრა ზიანზე, რომელიც ამ სარჩელის ავტორთა მედია საშუალებებს შეექმნათ. მისი თქმით, არც თავად და არც მეორე მოსარჩელე “სტუდია მონიტორი” არ აპირებს “ღირსების შემლახავ რეესტრში” დარეგისტრირებას მიუხედავად იმისა, რომ ისინი შემოსავლებს თითქმის სრულად უცხოური ფონდებიდან იღებენ. მანაც გამორიცხა ტერმინ “უცხოური ძალის” პოზიტიურად აღქმის შესაძლებლობა, ამის დასამტკიცებლად კი სასამართლოს წარუდგინა ფოტოები, რომლებზეც ჩანს სავარაუდოდ მთავრობის ძალადობრივი ჯგუფების მიერ მისი სახლისა და ოფისის კედლებზე გაკეთებული უხამსი და ღირსების შემლახავი წარწერები (“აგენტი”. “ქვეყნის მოღალატე” და სხვ.). გელა მთივლიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევები კანონის პირველადი შედეგებია. მანაც გამოსვლის დასასრულს მოუწოდა მოსამართლეებს, რომ დროებით შეაჩერონ კანონის პრაქტიკული მუხლების ამოქმედება.
- 17:00 საათზე სხდომამ ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა.
- სხდომის განახლების შემდეგ სიტყვით გამოვიდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი დავითური. მანაც ასევე მიმოიხილა ტერმინ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის” ნეგატიური კონოტაცია და აღნიშნა, რომ ეს იარლიყი ორგანიზაციების სტიგმატიზაციას იწვევს. (სხდომის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა მოსამართლემ რამდენჯერმე იკითხა, რომ თუ ორგანიზაცია ეწევა საზოგადოებისთვის სასარგებლო, კარგ საქმეს, რომლითაც იგი უნდა ამაყობდეს, რატომ ენიჭება გადაჭრით აღნიშნულ ტერმინს ნეგატიური მნიშვნელობა). დავითურმაც ისაუბრა იმ “გამოუსწორებელ” ზიანზე, რომელსაც კანონი გამოიწვევს. მანაც მოუწოდა მოსამართლეებს კანონის კონკრეტული მუხლების დროებით შეჩერება. დავითურმა აღნიშნა, რომ ბენეფიციარებს ორგანიზაციების მიმართ ნდობის პრობლემები გაუჩნდებათ, თუ ეცოდინებათ, რომ მათ იუსტიციის სამინისტრო შეამოწმებთ, რაც მათი პერსონალური ინფორმაციის დაცულობას საფრთხეს შეუქმნის.
- განმწესრიგებელ სხდომაზე სიტყვა დაცვის მხარეს მიეცა. დაცვის მხარეს პარლამენტის თანამშრომლები წარადგენენ.
- გამოსვლა დაიწყო ქრისტინე კუპრავამ, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობის ჯგუფის მთავარმა სპეციალისტმა. შესავალში მან დააფიქსირა, რომ დაცვის მხარე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობას ნეგატიურად არ განიხილავს. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს “საზოგადოების აზრის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ.” მან ისაუბრა გამჭვირვალობის საკითხზე და აღნიშნა, რომ საზოგადოებას აქვს ყველანაირი უფლება, იცოდეს, თუ რას საქმიანობენ და ვისგან ფინანსდებიან აღნიშნული ორგანიზაციები. კუპრავა ეცადა, დაეკნინებინა მოსარჩელეთა არგუმენტი ზიანზე, რომელსაც აღნიშნული კანონი ორგანიზაციებს “უცხო ძალის ინტერესების გამტარის” იარლიყის მინიჭებით აყენებს. მან ვრცლად ისაუბრა კანონში გამოყენებულ სადავო ტერმინებზე, რომელთა შორისაა “უცხო,” “უცხოური ძალა” და “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”; ლინგვისტურად გაანალიზა ისინი და ეცადა, დაერწმუნებინა მოსამართლეები, რომ აღნიშნულ ტერმინებს ნეგატიური კონოტაცია არ აქვთ და ისინი არსებითად ნეიტრალური ტერმინებია. მეტიც, იგი ხშირად იმეორებდა, რომ აღნიშნული ტერმინები “ფაქტის კონსტატაციას” ახდენს, რადგან, მისი აზრით, უცხოური ძალისგან დაფინანსებით ეს ორგანიზაციები თავისთავად მათი ინტერესების გამტარებლები ხდებიან. მოკლედ რომ ითქვას, მისთვის “ფულს მოჰყვება ინტერესი”. კუპრავამ საუბარი გააგრძელა კანონის ოფიციალურად გაცხადებულ მიზნებზე, უზრუნველყოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობა და (გამჭვირვალობის უზრუნველყოფით) გააძლიეროს სუვერენიტეტი. დასავლელი ლიდერების მიერ კანონთან დაკავშირებით გაკეთებული კრიტიკული განცხადებების საწინააღმდეგოდ, მან განაცხადა, რომ კანონი ევროკავშირის ცხრა დათქმიდან გამჭვირვალობის დათქმის შესრულებას შეუწყობს ხელს.
- სიტყვა გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის მეორე წარმომადგენელს, ლევან ღავთაძეს. ისიც ეცადა, ეჩვენებინა, რომ კანონი არ იწვევს სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაციას. მან თავისი კოლეგის ლინგვისტური მსჯელობა გააგრძელა და მანაც განიხილა ტერმინები “უცხო”, “უცხოური ძალა” და “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”; ეცადა, ეჩვენებინა, რომ ამ ტერმინებს ნეგატიური კონოტაცია არ აქვთ. ღავთაძე გამუდმებით იმეორებდა, რომ კანონის მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, ხოლო მოსარჩელეების მიერ პირადი ცხოვრების, მძიმე ჯარიმებისა და სხვა საკითხების გარშემო შექმნილი შეშფოთება გაზვიადებულია. შესაბამისად, მან განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვისთვის არ უნდა მიიღოს კონსტიტუციის მე-17 (აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები) და 22-ე (გაერთიანების თავისუფლება) მუხლები. რაც შეეხება ყველასათვის ცნობილ 78-ე მუხლს, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ყველაფრის გაკეთებას ავალდებულებს და რომელიც ყველა სარჩელის ცენტრალური ნაწილია, მასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ განაცხადა, რომ სასამართლოს მხოლოდ მაშინ შეეძლო დაედგინა აღნიშნული მუხლის დარღვევა, თუკი იარსებებდა საქართველოს ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაციის შემაფერხებელი ქმედება იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს რაიმე სხვა “ღირებული” “საპირისპირო ინტერესის” მიზანი. მან წარმოადგინა ჰიპოტეტური სცენარი, რომელშიც საქართველო უარს ამბობს, “ხელი მოაწეროს” ნატოში გაწევრიანებას, რადგან თუ დათანხმდება, ამ შემთხვევაში მოუწევს “[ოკუპირებული] ტერიტორიების დათმობა.” [ძველი რუსული ნარატივი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ.] მისი აზრით, ამ შემთხვევაში 78-ე მუხლი დარღვეულად არ ჩაითვლებოდა, რადგან იარსებებდა ნატოში წევრობის “საპირწონე ინტერესი”: ტერიტორიების შენარჩუნება. მან ასევე თქვა, რომ დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომელთაც მოსარჩელეები იშველიებენ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე უკუსვლის დასამტკიცებლად, იურიდიულ მტკიცებულებად არ გამოდგება. მეტიც, მან განაცხადა, რომ “საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის”. მან გაიმეორა “ქართული ოცნების” ნარატივი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა იმის მიუხედავად, რომ ქვეყანამ არ გაითვალისწინა დასავლელი ლიდერების მოწოდებები, გაეთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი. სიტყვის ბოლოს მან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა, არ მიიღონ 78-ე მუხლი არსებითი განხილვისთვის.
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)