„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება ოფშორიდან აქტივების გადმოტანას ამარტივებს
17 აპრილს, პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
ამავე კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ქვეყანაში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე მწვავე დაპირისპირების ფონზე წარადგინა.
ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ორ კანონპროექტს შორის კავშირზე ალაპარაკდა. „ამ წუთას, მოულოდნელად, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები“, – დაწერა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ფეისბუქზე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)