skip to content
ახალი ამბები

რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა თბილისში „ტრადიციული ღირებულებების“ შესახებ კონფერენცია გამართა

რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა (NIIRK), რომელსაც საგარეო დაზვერვის ყოფილი თანამშრომლები და FSB-ის თანამშრომლები ხელმძღვანელობენ, 22 აპრილს თბილისში დისკუსია გამართა თემაზე „ტრადიციული ღირებულებები, როგორც ქვეყნებისა და ხალხის დამაკავშირებელი ფაქტორი“. ამის თაობაზე NIIRK-ის მიერ ღონისძიების დღის წესრიგის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია საუბარი. შეხვედრის ადგილი უცნობია და მას კრემლთან დაკავშირებული ორი ორგანიზაცია საქართველოში, ევრაზიის ინსტიტუტი და ფონდი SIKHA მასპინძლობდა.

ღონისძიების ანონსით, კონფერენციის მონაწილეებისთვის სიტყვით უნდა მიემართათ ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორ გულბაათ რცხილაძესა და ფონდ SIKHA-ს დამფუძნებელ არჩილ სიხარულიძეს. რცხილაძე ასევე დაკავშირებულია სხვა რამდენიმე პროკრემლისტურ ორგანიზაციასთან და მედიასაშუალებასთან და რუს რასისტ და იმპერიალისტ იდეოლოგს ალექსანდრე დუგინს წარმოადგენს.

დისკუსია მოეწყო კონფერენციის „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები – 2024. მიზიდულობის ძალები“ ფარგლებში. კონფერენციის „საგარეო სესიები“ უკვე გაიმართა ბელარუსში, ტაჯიკეთში და 19 აპრილს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ცხინვალში დისკუსიის თემა იყო „ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოების როლი თანამედროვე მსოფლიოში. სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარების მექანიზმები“. კონფერენცია 23 მაისს მოსკოვში მთავარი ღონისძიებით დასრულდება.

რა არის NIIRK?

გავრცელებული ინფორმაციით, NIIRK დაარსდა და მას მართავს საგარეო დაზვერვის (SVR) და FSB-ის ყოფილი თანამშრომლები და ის მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის სამთავრობო უწყებებთან.

დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება Agentstvo იუწყება, რომ NIIRK-ის დირექტორი ვლადისლავ გასუმიანოვი დაზვერვის ყოფილი ოფიცერია. ამავე ინფორმაციით, 2020 წელს NIIRK-ის თანადამფუძნებელი იყო გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი გრიბინი, კგბ-ს მე-3 განყოფილების ყოფილი უფროსი და საგარეო დაზვერვის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი. „გასუმიანოვისა და გრიბინის გარდა, NIIKR-ის სამეთვალყურეო საბჭოში საბჭოთა და რუსული  სპეცსამსახურების კიდევ სამი ყოფილი თანამშრომელი შედის“, – იტყობინება Agentstvo.

NIIKR-ის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან FSB-ს მე-5 სამსახურის ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი (რომელიც უცხოელ პარტნიორებთან FSB-ის ურთიერთობებს კურირებს), გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ბოლიუხი, FSB-ის კონტრდაზვერვითი ოპერაციების დირექტორატის უფროსის ყოფილი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ბორის მიროშნიკოვი, ასევე ფედერალური კონტრდაზვერვის სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე და რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გენერალ-პოლკოვნიკი ვალენტინ სობოლევი.

თბილისში გამართულ შეხვედრაზე მომხსენებლებს შორის იყვნენ NIIKR-ის დირექტორის მოადგილე ვალენტინა კომლევა; რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციის პრეზიდენტი ევგენი მინჩენკო; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ალექსანდრე იაკოვლევი, და კომპლექსური ევროპული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი, ევგენია გორიუშინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button