ახალი ამბები

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი მერვე დღეა გრძელდება

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მერვე დღეა გრძელდება. 22 აპრილს პარლამენტთან ყველა თაობის მოქალაქეები, ძირითადად ახალგაზრდები და სტუდენტები, მივიდნენ და კიდევ ერთხელ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ.. ფოტო: ნინი გაბრიჭიძე/Civil.ge

მოგვიანებით, მსვლელობის დროს აქციის მონაწილეები სასტუმრო ტიფლის პალასთან მივიდნენ, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NIIRK) FSB-ის წევრებმა “ტრადიციულ ღირებულებებზე” კონფერენციას გამართეს.  პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს. შემდეგ ისინი პარლამენტთან დაბრუნდნენ.

პარლამენტიდან აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გაემართნენ.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართებიან. ფოტო: ნინი გაბრიჭიძე/Civil.ge

მმართველი პარტიის ოფისთან დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ მობილიზებულნი. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „არა რუსულ კანონს“, „საით მივდივართ? ევროპისკენ!” „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. ძალა ერთობაშია“…

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. „კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციაა მობილიზებული. ფოტო: ნინი გაბრიჭიძე/Civil.ge

„ქართული ოცნების ოფისიდან“ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას დაუბრუნდნენ.

დღევანდელი აქცია დაახლოებით შუაღამისას დასრულდა. „არა რუსულ ოცნებას“ – დაწერეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ.

მორიგი საპროტესტო აქცია ხვალ საღამოს, 23 აპრილს არის დაგეგმილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button