ინტერვიუ პრეზიდენტთან: „ქართული ოცნება რუსული ოცნებაა“
„ქართული ოცნება“ ანუ რუსული ოცნებაა?“ – ჰკითხა პრეზიდენტს ჟურნალიტმა.
„ანუ რუსული ოცნებაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილს ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ინტერვიუში ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში, საჭირო რეფორმებს, ხელისუფლებას, ოპოზიციას და ფეხბურთსაც კი.
მოსალოდნელი (თუ მოულოდნელი) გადაწყვეტილება
გარდამტეხი მომენტი, რომელსაც ბევრი ელოდა, თუმცა ბევრიც ეჭვის თვალით უყურებდა, იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება 23 წლის ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს 9 წლით პატიმრობა შეუფარდა.
„ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით 10 საათზე… მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება არ იყო განპირობებული ვინმეს მოწოდებით ან ვინმესგან მუქარით.
ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 7-9 მარტის აქციების შემდეგ პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებისა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დააკავეს. დაცვის მხარე აცხადებდა, რომ გრიგორიადისის ბრალეულობის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულება არ არსებობდა.
თუმცა, პოლიციისთვის ზიანის მიყენებაში დადანაშაულებული პირის შეწყალება მარტივი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა და ზურაბიშვილმა პოლიციას მიმართა, რომ მისი გადაწყვეტილება მათ წინააღმდეგ სიძულვილისა და დანაშაულის წაქეზებას არ გულისხმობს. „ამ ქვეყანაში პოლიცია არათუ საპატივცემულო და ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პერიოდში, სადაც ჩვენ ეხლა შევდივართ, პოლიციის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. „მე მინდა მათ გამოვუცხადო ჩემი უღრმესი პატივისცემა და გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ ისინი იქნებიან, სადაც ქვეყანას სჭირდება“.
რუსული კანონი – „საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟი“
დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვიუს დროს პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა მმართველი პარტია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცრების გამო. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული შეხვედრის კომენტირებისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებული იყო, რომ ეს არ იქნებოდა „ტკბილი და მეგობრული საუბარი“.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს არაერთხელ გაუმეორებენ, რომ მმართველი პარტიის მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგია და არაფერი აქვს საერთო რომელიმე ევროპულ ან ზოგადად დასავლურ კანონმდებლობასთან.
- 12/04/2024 – “უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
„ეს არის ჩვენი ევროპული გზის საბოტაჟი“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ არამხოლოდ ეს კანონპროექტი, არამედ მმართველი პარტიის სხვა გადაწყვეტილებები, როგორიცაა პარლამენტში გენდერული კვოტების გაუქმება, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის, ე.წ. ვეტინგის შემოღებაზე უარი საქართველოს კანდიდატის სტატუსის ჩაშლისკენაა მიმართული.
„ქართული ოცნება“ არჩევნების წინ რუსეთის ინტერესებს ემსახურება (?)
წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებები არალოგიკურად მიაჩნია. მისი თქმით, მმართველი პარტიის ზემოთხსენებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება იმას, რაც მას არჩევნებზე წარმატების მისაღწევად ესაჭიროება.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ორ წარმატებაზე: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასა და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე. მან აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას შეეძლო ეს ორი შემთხვევა სათავისოდ გამოეყენებინა, თუმცა ფეხბურთის წარმატებული მატჩიდან ერთ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა, რასაც საზოგადოების დაყოფა და მისი ერთიანობის დასრულება მოყვა.
„ვის უნდა დაიქსაქსოს საქართველოს საზოგადოება, ვის უნდა ჩვენი დასუსტება, ვის უნდა ჩვენი და უკრაინის დაჯახება, ვის არ უნდა, რომ საქართველო აჩქარებული ტემპით შევიდეს ევროკავშირში“, – იკითხა პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ ამის ინტერესი მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს და ეს რუსეთია. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მიიჩნევს „ქართული ოცნებას რუსული ოცნებად“.
არჩევნები – „რეფერენდუმი ევროპაზე“
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება საქართველოს პარტნიორებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ როგორც ქვეყანას არაფერს ჩაუკეტავენ არჩევნებამდე.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოახლოებული არჩევნები არ იქნება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები, არამედ იქნება „რეფერენდუმი ევროპაზე“.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა პოლიტიკური გაერთიანებების სხვა იდეების გარშემო, გარდა ქვეყნის ევროპული პერსპექტივისა. მან ასევე დასძინა, რომ დღეს ერთობა მხოლოდ ევროინტეგრაციის იდეის გარშემოა შესაძლებელი.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ხალხს უნდა აჩვენონ „გამარჯვების ფორმულას“, ანუ როგორ განახორციელებენ სამოქმედო გეგმას და აუცილებელ პირობებს და რეფორმებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. მისთვის კოალიციური მთავრობა, რომელიც, მისი აზრით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიქმნება, უნდა იყოს „ტექნიკური“ და ორიენტირებული იყოს მხოლოდ რეფორმების განხორციელებაზე, ხოლო პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ ვალდებულება, რომ კიდევ ერთი წლის შემდეგ ჩაატარონ „ნამდვილი“ არჩევნები.
ემიგრანტების ხმები ევროპისთვის
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ოქტომბრის არჩევნებისთვის ემიგრანტების „სრული მობილიზაციის“ მნიშვნელობას. მან პოლიტიკურ პარტიებს ამ საკითხზე ძალისხმევის გააქტიურებისკენ მოუწოდა, რათა ხალხს არჩევნებში მონაწილეობის რეალური შესაძლებლობა მიეცეთ.
მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება იმის გამო, რომ ემიგრანტებს, რომელთა რაოდენობაც, მისი თქმით, ერთი მილიონია, ხმის მიცემის უფლების მარტივად გამოყენების შესაძლებლობა არ ეძლევათ.
- 29/03/2024 – ემიგრანტების მიერ ხმის მიცემის გამარტივებაზე უარის გამო პრეზიდენტი საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს
პრეზიდენტის თქმით, ქართული დიასპორა არჩევნებზე ხმას მისცემს არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ ქვეყნის ევროპულ მომავალს. „26 ოქტომბერი არის არჩევანი: კი ევროპას, არა რუსეთს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს
ინტერვიუს დროს პრეზიდენტის მიერ მმართველი პარტიის კრიტიკა უპრეცედენტო იყო. ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტმა უთხრა პრეზიდენტს, რომ მისი აზრით, ქვეყანას ორი პრეზიდენტი ყავდა ერთ ვადაში: ერთი მმართველი პარტიის მხარდამჭერი და მეორე – მისი მწვავე ოპონენტი.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის არ შეცვლილა და დასძინა, რომ უბრალოდ მმართველმა ძალამ თავისი თავი გამოავლინა, განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ. მან ეს რუსეთიდან ზეწოლას დაუკავშირა, რაც, მისი თქმით, ომის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.
ამასთანავე, პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს რამდენიმე ამბავი გაიხსენა და „ქართული ოცნების“ და კონკრეტულად მისი რამდენიმე წევრის წინააღმდეგ მამხილებელი განცხადებები გააკეთა.
ზურაბიშვილმა ისაუბრა, თუ როგორ დაუბლოკა ხელისუფლებამ მას ვიზიტი ლიეტუვაში, სადაც „სამი ზღვის ინიციატივის“ შეხვედრა იმართებოდა და სადაც საქართველო პირველად მიიწვიეს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი ფორმატით, მას უცხოური ვიზიტის განხორციელებაზე ნებართვა უნდა ეთხოვა, თუმცა მთავრობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილის უნებართვო ვიზიტებმა ევროპულ ქვეყნებში უბიძგა საპარლამენტო უმრავლესობას, რომ გასული წლის ოქტომბერში მისი იმპიჩმენტის საკითხი დაეყენებინა.
ინტერვიუში, პრეზიდენტმა კულტურის სამინისტროც ახსენა და განაცხადა, რომ „იქ ბოლშევიზმი ყვავის“. ზურაბიშვილმა 31 მარტის ამბავი გაიხსენა [სწორედ ამ დღეს, 1991 წელს საქართველომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენაზე რეფერენდუმი ჩაატარა], როდესაც მან პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის ამჟამინდელი დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია მიიწვია. თუმცა, პრეზიდენტის თქმით, გამსახურდია ღონისძიებაზე არ მივიდა და არც შეატყობინა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ვერ მივიდოდა. პრეზიდენტმა ივარაუდა, რომ მასზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.
პრეზიდენტმა ასევე უამბო ჟურნალისტს, თუ როგორ უნდოდა ბატუტზე მხტომელი წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების დაჯილდოება, მაგრამ სპორტის ფედერაციისგან უარი მიიღო.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თბილისის მერი კახა კალაძეც გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ფეხბურთის ეროვნული ნაკლების მოთამაშრეს და მის ოჯახს „ნაცები“ უწოდა მხოლოდ იმის გამო, რომ ფეხბურთელმა 9 აპრილს სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა თავისი დისშვილის ფოტო თბილისში გამართული პროევროპული მარშიდან, რომელსაც ევროკავშირის დროშა უკავია. „რა უფლება გაქვს, რომ პოლიტიკური კვალიფიკაცია მისცე ერთ-ერთ გუნდის მონაწილეს… ეს არის პირდაპირ ევროპის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სამომავლო გეგმები
ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტმა პრეზიდენტს სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხა არჩევნების შემდეგ, მათ შორის იმ ალბათობის გათვალისწინებით, თუ მმართველი პარტია მოიგებს არჩევნებს და კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა ჩაიშლება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ასეთ შესაძლებლობას არ განიხილავს და მტკიცე რწმენა გამოხატა, რომ საქართველო არჩევნების შემდეგ დააჩქარებს სვლას ევროპისკენ. რაც შეეხება მის მომავალ როლს ქართულ პოლიტიკაში, პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ სად იქნება მომავალში.
„მე ჩემი ხალხის გვერდით ყოველთვის ვიქნები, ზემოთ არა“, – განაცხადა პრეზიდენტმა სიცილით, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა მისი ძველი ინტერვიუ ამავე ჟურნალისტთან, როდესაც მან აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)