ახალი ამბები

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა

პარლამენტში პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი არ შედგა, რადგან საჭირო ხმების რაოდენობა ვერ შეგროვდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა. იმპიჩმენტისთვის სულ 100 ხმაა საჭირო, თუმცა მხოლოდ 90 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია.

გადაწყვეტილების მიღებამდე, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ აღნიშნა, რომ უმრავლესობა არ ელოდა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოახერხებდა, ვინაიდან ოპოზიცია, სავარაუდოდ, არ დაუჭერდა მხარს ამ გადაწყვეტილებას.

12 სექტემბერს 80-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე საჩივარი შეიტანა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტების განხორციელებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button