skip to content
ახალი ამბები

ემიგრანტების მიერ ხმის მიცემის გამარტივებაზე უარის გამო პრეზიდენტი საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს  

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტრო იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ხელი არ შეუწყო დიდი რაოდენობით ქართველი ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების განხორციელებას. პრეზიდენტმა კრიტიკული განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარესთან და სახალხო დამცველის აპარატის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასაწყისში გააკეთა.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია დიდი ხანია მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების გასამარტივებლად საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბნები გახსნას. აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) განაცხადა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ 860 000 ქართველი ცხოვრობს, მაშინ როცა წინა საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ 12 000-მა შეძლო ხმის მიცემა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართულ დიასპორასთან მისი ონლაინ შეხვედრები მიზნად ისახავდა ხმის მიცემისკენ მათ წახალისებას და დასძინა, რომ „პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი ის არის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში, უარს ამბობს [მონაწილეობაზე], პასუხისმგებლობას იხსნის, რაც საკმაოდ გაუგებარია, რადგან მთელი ეს პროცესი ძალიან დაკავშირებულია საგარეოს მუშაობასთან“.  

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის სასიცოცხლო მნიშვნელობას და წუხილი გამოთქვა ერთმანეთზე გადაბრალების არსებული პრაქტიკის გამო, რაც „პინგ-პონგს“ შეადარა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა სააღრიცხვო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, ჯერაც არ დაწყებულა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ახლა გაკეთდეს და არა 4-5 თვეში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, სადაც ქართველები ცხოვრობენ. მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოთქვეს დახმარების მზადყოფნა, თუმცა, „მე რამდენადაც ვიცი და თუ ასე არ არის, მზად ვარ მოვისმინო ამის შესწორება – არანაირი საუბარი არ ყოფილა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქ მყოფ ელჩებთან იმისთვის, რომ სწორედ ეს საკითხი წინ წავიდეს და გამოვნახოთ გზები“. ამ კონტექსტში მან მოლდოვის შესაბამისი გამოცდილება ახსენა.

საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობაზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრობლემების მოგვარების ბევრი გზა არსებობს. მან განაცხადა, რომ კანონი მოითხოვს, რომ  ემიგრანტებმა შეძლონ ხმის მიცემა და მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ არ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების დისკრიმინაცია საზღვარგარეთ.

იმავდროულად, პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტს არ აქვს მორალური უფლება არჩევნებზე ისაუბროს და ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდეს, და იგი არჩევნებისთვის საფრთხის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button