
საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-17 წლისთავს ეხმიანება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა და მოუწოდა მოსკოვს, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეწყვიტოს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების დაბრკოლება.
„17 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 აგვისტოს განცხადებაში.
რუსეთი „განაგრძობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას“, აცხადებს სამინისტრო.
კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი საქართველოს ერთგულების კიდევ ერთხელ დადასტურებით, სამინისტრომ ხაზი გაუსვა „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ „დიპლომატიური და სამართლებრივი საშუალებების“ გამოყენებას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, დეოკუპაციისა და ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების მისაღწევად.
This post is also available in: English