ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
11 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოქმედმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა და უთხრა თანამდებობიდან წასულიყო. პაპუაშვილმა კეკელიძეს უთხრა, რომ იგი კარგად მუშაობდა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ განახლების დრო დადგა და რომ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის პოზიციაზე 11 წლით ყოფნა ბევრია. პოსტში კეკელიძე აღნიშნავს, რომ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა “უვადოა.”
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ კანონის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
კეკელიძე წერს, რომ მან პაპუაშვილს უთხრა, რომ აღნიშნული საკითხი იურიდიულად სწორედ ამ უკანასკნელის გადასაწყვეტია, თუმცა საუბარში მან ისიც აღნიშნა, რომ “არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს [გადაწყვეტილება] არის ძალიან დიდი უსამართლობა.”
იმავე დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტანტინე გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, დაიკავებდა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობას. მალევე გამსახურდიამ ეს ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ მან მიიღო პარლამენტის თავმჯდომარისაგან აღნიშნული შეთავაზება და იგი ამ შეთავაზებას დასთანხმდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობაში მოულოდნელმა ცვლილებებმა საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. პაპუაშვილი გიორგი კეკელიძის გათავისუფლების გამო გააკრიტიკეს და მას ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივებით მიღებაში დაადანუშაულეს.
12 იანვარს საქართველოს პენ-ცენტრმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გიორგი კეკელიძეს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მისი “თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო” გარკვეული ლეგიტიმური კითხვები ჩნდება. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ “გიორგი კეკელიძის დირექტორობის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა, ბიბლიოთეკა კულტურის ცოცხალ და მნიშვნელოვან კერად იქცა.”
რამდენიმე ქართველმა მწერალმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე წამოჭრა კითხვები პაპუაშვილის გადაწყვეტილებაზე. მათი მტკიცებით, კეკელიძე თანამდებობიდან პოლიტიკური ორიენტაციის გამო გაათავისუფლეს.
მწერალმა დათო ტურაშვილმა განაცხადა: “გიორგი კეკელიძეს როცა ჰქონდა რაღაც პოზიცია, რომელიც არ ემთხვეოდა კონკრეტული პარტიის და ხელისუფლების პოზიციას, ის თამამად და საჯაროდ ამბობდა. ამის გამო უშვებენ [თანამდებობიდან].” ტურაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვერ იტანს კრიტიკულ და განსხვავებულ აზრს და კადრებს არჩევს პარტიის ერთგულების ნიშნით.
დავით ხიჯაშვილმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრმა, განაცხადა, რომ კეკელიძის გათავისუფლება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო რეპრესიების გაგრძელებაა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.
ამ კრიტიკის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ კეკელიძის გათავისუფლება არის “საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის.” პაპუაშვილმა სცადა საკითხისთვის პოლიტიკური იარლიყის ჩამოშორება და განაცხადა, რომ “მცდელობები, რაღაცნაირად დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან, თავისთავად აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, ვინც ასეთ დაკავშირებას ცდილობენ.” მან მადლობა გადაუხადა გიორგი კეკელიძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა კონსტანტინე გამსახურდიას. პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ “ყველა ორგანიზაციას სჭირდება ახალი ენერგია და სწორედ ამ ახალი ენერგიით გააგრძელებს ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობას.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)