ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიას სტუმრობს

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გერმანიას სტუმრობს. პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, რის შემდეგაც ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა. მან ასევე გამართა შეხვედრა ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ბერბელ ბასთან, ხოლო მოგვიანებით დაგეგმილია შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე იმართება. მმართული გუნდის გადაწყვეტილებას ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოყვა.

შეხვედრა კანცლერ ოლაფ შოლცთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერს შორის გამართულ შეხვედაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ფედერალურ კანცლერს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს „მტკიცე მხარდაჭერისთვის“ მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

„მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი და აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში. პრემიერ-მინისტრმა დაუდასტურა გერმანიის კანცლერს, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორად რჩება.

საუბარი ასევე შეეხო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს. „პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთადერთი, რასაც კანონი ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროებაა“.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ და სადაც საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, სამართალდაცვით, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებულ პოზიტიურ თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ტვიტერზე დაწერა, რომ შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის რიგი საკითხები განიხილეს და პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაზე იმსჯელეს. კობახიძის თქმით, საქართველო რეგიონში გერმანიისა და ევროპის „სანდო მოკავშირედ“ რჩება.

ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის ერთობლივი პრეს-კონფერენცია

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, გერმანიის კანცლერმა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებს.

„ჩვენ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციების შესახებ კანონს და მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, დიდი იმედი გვქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში და აღარ იქნებოდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა იმავე მიმართულებით. შესაბამისად, კრიტიკაც ისეთივეა, როგორც წინათ“, – განაცხადა კანცლერმა.  

კითხვაზე, თუ რატომ არიან საქართველოს ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული ქართული კანონპროექტით მაშინ, როცა ევროპასა და აშშ-ში „მსგავსი ან იგივე“ რეგულაციები მოქმედებს, კანცლერმა უპასუხა: „ევროკავშირს, როგორც ასეთს, არ აქვს ასეთი რეგულაცია. მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გააკეთო ის, რაც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს კონკრეტულ სფეროში. მაგრამ ეს არის განსხვავებული რეგულაცია და ასევე განსხვავებული კონცეფცია იმისგან, რასაც აქ განიხილავენ, და ეს არ არის გადაწყვეტილი და, შესაძლოა, არც იყოს. ერთხელ უნგრეთში იყო რეგულაცია, რომელიც გააუქმა მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ“.

კანცლერმა პირობა დადო, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას. „გერმანია თავიდანვე მხარს უჭერდა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილებას. სწორედ ამიტომ იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ახლა კი საჭიროა ამ პროცესის ისე ორგანიზება, რომ ეტაპობრივად ყველა ის კრიტერიუმი შესრულდეს, რომელიც ევროკავშირში წევრობისთვისაა საჭირო“.

„ეს ეხება მთელ საკანონმდებლო ბაზას, მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ რეგულაციებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის მიზანი, არამედ ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოქალაქეების მთავარი მოთხოვნაა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა აქტიურად უჭერს ამას მხარს და სურს გააკეთოს ყველაფერი, რათა ეს პროცესი წარმატებული იყოს“.

ამ კონტექსტში, გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა 2024 წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას, რათა პროცესი კანდიდატის სტატუსის მიღებას გასცდეს. მისი თქმით, „საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ახლა ჩატარდება, ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებმა აჩვენოს, რომ თავისუფალი და სამართლიანია და რომ ის ასევე არის საფუძველი შემდგომი პროცესისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შედეგად გაიხსნა“.

გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია აგრძელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერას, რომელშიც მასაც შეაქვს წვლილი „დიდი რაოდენობით პერსონალის“ სახით. „ვიცით, რომ რუსეთი კვლავ ახორციელებს თავის იმპერიალისტურ გეგმებს. ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს, არამედ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად საქართველოც გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი 2008 წელს. საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე რუსეთის კონტროლი ხორციელდება საერთაშორისო სამართლის დარღვევით. და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მკაფიო პოზიცია დავაფიქსიროთ“, – განაცხადა მან.

პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის შუალედური მიზანია გახდეს ევროკავშირის წევრი „რომელიც აერთიანებს თავისუფალ ხალხს ლისაბონიდან თბილისამდე“. „ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების პროცესს. ჩვენ ამას ვაკეთებთ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ფარგლებში და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადო შეფასებას დაიმსახურებს“.

„გერმანია განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიზნების შესრულებაში და ჩვენი შეხვედრისას მადლობა გადავუხადე ფედერალურ კანცლერს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც გერმანიამ ისტორიულ მომენტში ევროინტეგრაციის გზაზე გაუწია საქართველოს, რაც გასული წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში აისახა“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

იგი ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს და განაცხადა: „ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ყოველწლიური გასაჯაროვება და ჯერჯერობით არ არის დასაბუთებული, რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალობის პრინციპი დაცული ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან… საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა, ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის“.

შეხვედრა ბუნდესტაგის პრეზიდენტთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასთან შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და „იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ამ გზაზე საქართველოს თანადგომას მომავალშიც განაგრძობს“.

მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button