დაზარალებული პოლიციელები მოუწოდებენ პრეზიდენტს, არ შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 22 ნოემბერს, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართვა გაუგზავნეს და მოუწოდეს მას, არ შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი.
შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს. „დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ “სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური”.
“აღნიშნული ქმედება ეჭვქვეშ დააყენებს ასეთი კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეულ ძალისხმევას”, – აღნიშნავს შსს.
შსს-ს თანამშრომლები მიმართვის ერთ-ერთ საფუძვლად ასახელებენ იმ გარემოებასაც, რომ 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტმა 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელსაც სასამართლოს მიერ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და საპატიმრო დაწესებულება 5 წელიწადში დატოვა.
- 27/06/2023 – ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში რჩება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)