skip to content
ახალი ამბები

ზურაბიშვილი: „ჩვენ ვუყურებთ, როგორ ინგრევა ჩვენი დემოკრატია ჩვენს თვალწინ“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის დროს რესპუბლიკის სენატს სიტყვით მიმართა და მოქმედებისკენ მოუწოდა.  

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ წაყვანაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისმა რეპრესიულმა პოლიტიკამ საქართველო „1937 წლისკენ” დააბრუნა.  

მან მოუწოდა ევროპას გასცდეს სიმბოლურ ჟესტებს და გააფრთხილა: „თუ ჩვენ დღეს ვერ დავიცავთ საქართველოს, ხვალ შეიძლება სრულიად განსხვავებულ ევროპაში გავიღვიძოთ“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე კრიზისი არ არის მხოლოდ შიდა საკითხი, არამედ „ევროპული გამოწვევაა… ლიბერალური დემოკრატიისთვის, გეოპოლიტიკური სტაბილურობისა და ევროკავშირის გლობალური სანდოობისთვის“.

„ჩვენ ვუყურებთ, როგორ ინგრევა ჩვენი დემოკრატია ჩვენს თვალწინ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. „საქართველო გარდაიქმნება არა ტანკებით, არამედ კანონებით, რეპრესიების კანონებით. არა ღამით, არამედ ეტაპობრივად“.

9 აპრილი: გლოვის დღე და წინააღმდეგობის სიმბოლო

9 აპრილის მიმართვაში, სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს აღიარონ და რეაგირება მოახდინონ იმაზე, რაც, მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიის მიზანმიმართული ნგრევაა.

ზურაბიშვილმა გამოსვლა წუთიერი დუმილით დაიწყო და პარალელი გაავლო წარსულსა და აწმყოს შორის, პატივი მიაგო 9 აპრილის მსხვერპლებს და სამოქალაქო წინააღმდეგობის ამჟამინდელ ტალღაზეც გაამახვილა ყურადღება.

„რუსი ჯარისკაცები და ტანკები შემოვიდნენ თბილისის ცენტრში… მათ გამოიყენეს გაზი, ხელკეტები და უკიდურესი ძალადობა… მაგრამ იმ ღამის გზავნილი არ გამქრალა. ამან გამოიწვია ეროვნული მოძრაობა”, -აღნიშნა ზურაბიშვილმა. „ახლა, 36 წლის შემდეგ… ქართველები კვლავ ქუჩაში არიან“. მას მხედველობაში ჰქონდა უწყვეტი აქციები, რომლებიც უკვე 133 დღეა საქართველოს მასშტაბით გრძელდება და რომლებიც „დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მცოცავი, ჩუმი გადატრიალების“ წინააღმდეგაა მიმართული.   

1937 წელი

ზურაბიშვილმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მკვეთრი სურათი დახატა, რა დროსაც განსხვავებული აზრის სისტემატურ ჩახშობაზე, სასამართლოს ხელში ჩაგდებასა და საბჭოური სამართლებრივი ინსტრუმენტების ხელახლა შემოღებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მშვიდობიან მომიტინგეებს ძალადობითა და დაჭერებით უპირისპირდებიან. ოპოზიციური პარტიები აკრძალვისა და დაშლის საფრთხის წინაშე არიან. ასეულათასიანი ჯარიმები დაეკისრათ მოქალაქეებს, არასამთავრობოებს, მედიას, არა დანაშაულისთვის, არამედ განსხვავებული აზრისთვის“, – განაცხადა მან.

მან „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონის მიღება დაგმო და მას „რუსული კანონის ზუსტი ასლი“ უწოდა, რომელმაც, მისი თქმით, „რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება და მედია გაანადგურა“.

„ჩვენ 1937 წელთან ახლოს ვართ. ჩვენი ინსტიტუტები ვეღარ გვიცავენ. სასამართლო ხელისუფლება მმართველი პარტიის ხელში იარაღი რეპრესიების იარაღად იქცა…   ჩვენ ვუყურებთ ერთპარტიული სისტემის დაბადებას. ამ ყველაფრის უკან კი დგას ერთი კაცი – დაუბალანსებელი, ხელშეუხებელი, რუსეთის სტილის ავტოკრატიის აჩრდილი ფარავს ოდესღაც იმედიან ევროპულ დემოკრატიას და ამ ყველაფრის უკან ისევ რუსეთია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ევროპის ჩუმი პასუხი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპა საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე „ჩუმი პასუხის“ გამო გააკრიტიკა.

„და მაინც, ევროპის, ევროკავშირის პასუხი ამ ყველაფერზე ზედმეტად ჩუმია. თითქმის ერთი წლის წინ, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დღეს კი, იგივე ქვეყანა რუსეთის ორბიტისკენ მიექანება და ავტორიტარული ტაქტიკების საცდელ ველადაა ქცეული. ევროპული რეაგირება კი არ შეესაბამება არსებულ საფრთხეს“, – განაცხადა მან.

მან გააფრთხილა, რომ შედეგები სცილდება საქართველოს საზღვრებს. „თუ დემოკრატიის დემონტაჟი შესაძლებელია ერთ წელიწადში, ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერის მიერ ქვეყნის მოსახლეობის 30 წლიანი  მხარდაჭერის შემდეგ, მაშინ ეს რას გვეუბნება დემოკრატიის გამძლეობაზე? თუ ამას დავუშვებთ, ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია ძალიან ადვილად ინგრევა და რომ ავტოკრატებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, თუ საკმარისად ცინიკურად იმოქმედებენ“.

ზურაბიშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ საქართველო ავტორიტარიზმში გადაიჩეხება და რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა, ამან შესაძლოა რეგიონში ევროპის სტრატეგიული პოზიცია შეარყიოს და დააზიანოს მისი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი.

მისი თქმით, ეს ევროპისთვის სამმაგი გამოწვევაა: გამოწვევა ლიბერალური დემოკრატიისთვის, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში; გეოპოლიტიკური გამოწვევა ევროკავშირისთვის და გამოწვევა ევროპის გლობალური სანდოობისთვის.

„თუ ევროკავშირი ვერ იცავს იმ ღირებულებებს, რომელთა შექმნაშიც თვითონ ჩადო წლები და რესურსი, თუ არ შეუძლია დაიცვას ის ადამიანები და ინსტიტუტები, რომლებსაც თავად დაეხმარა ჩამოყალიბებაში, თუ ვერ უპასუხებს მკაფიოდ მაშინ, როცა პატარა, მაგრამ მტკიცე სახელმწიფოს იპყრობენ კორუმპირებული ელიტები და რუსული გავლენა, მაშინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სანდოობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

რუსული თამაშის წესები და ევროპის მოქმედების საჭიროება

ზურაბიშვილმა რუსეთი საქართველოში ახალი ჰიბრიდული სტრატეგიის გამოცდაში დაადანაშაულა და განაცხადა: „რაც ვერ მოახერხა მან ტანკებით 2008 წელს საქართველოში და ვერ მოახერხა უკრაინაში ბოლო ომით, ახლა ცდილობს ახლებური ფორმულით – ჰიბრიდული სტრატეგიით, რომლის გამოცდაც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, ისევე როგორც ეს მოხდა 2008-ში, სამხედრო აგრესიით. ამ ახალი სცენარისთვის არმია არ არის საჭირო. მხოლოდ სამი  მდგენელია:  არჩევნების მანიპულაცია, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, და ერთგული ოლიგარქი, რომელიც შიგნიდან დაიპყრობს ინსტიტუციებს“.

მან გააფრთხილა, რომ ეს მოდელი შეიძლება მთელ ევროპაში გავრცელდეს: „თუ იმუშავებს საქართველოში… ის იმუშავებს ყველგან: მოლდოვაში, რუმინეთში, ან კიდევ უფრო ღრმად, ევროპის შიგნით. რადგან ეს იაფია, ჩუმია და ჯერჯერობით სერიოზულ წინააღმდეგობას გარედან არ შეხვედრია“.  

„რა უნდა გაკეთდეს? ევროპამ უნდა იმოქმედოს, ახლა! არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ რეალური კონტრსტრატეგიით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ევროკავშირისა და მისი მოკავშირეებისთვის გადაუდებელი რეკომენდაციები ჩამოთვალა, მათ შორის პოლიტიკური სიცხადე, არჩევნების დაცვა, მიზანმიმართული ფინანსური სანქციები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ხმამაღალი მხარდაჭერა.

„იდექით ჩვენს გვერდით“

ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას, ზურაბიშვილმა ჩეხი ხალხის ისტორია გაიხსენა.

„ჩეხმა ხალხმა იცის რა არის ოკუპაცია. თქვენ იცით, რას ნიშნავს პროპაგანდა. იცით, როგორი მძიმეა ჩუმი ჩაგვრა და თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს, როგორია თავისუფლების მოპოვება“, – განაცხადა მან. „ჩვენ არ გთხოვთ, იბრძოლოთ ჩვენთვის, მაგრამ გთხოვთ, იდექით ჩვენს გვერდით, დააფიქსირეთ თქვენი ხმა, ისაუბრეთ ცხადად და  იმოქმედეთ  მიზანმიმართულად“.

„დღევანდელი რეზოლუციით, ჩეხეთის სენატი აჩვენებს მაგალითს სხვა ევროპულ ქვეყნებს. მინდა, პირადად ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ, მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. მადლობა, რომ დგახართ თავისუფლების მხარეს“, – დასძინა ზურაბიშვილმა.

This post is also available in: English Русский

Back to top button