ადვოკატის თქმით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისის უფლებები დაირღვა
7-9 მარტის საპროტესტო აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისის უფლებები დაირღვა და რომ დაკითხვის დროს, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. ბითაძის თქმით, საპატიმროში ლაზარე გრიგორიადისს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ თმა გადაპარსეს.
უფლებადამცველმა ასევე აღნიშნა, რომ გრიგორიადისს ადვოკატთან არ დაარეკინეს, რის შემდეგაც, მას, სავარაუდოდ, მაღალი რანგის ოფიციალური პირი დაემუქრა, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მის მეგობარს, გიორგი ჯარიაშვილს დაიჭერდნენ.
„დაკავებისას მას მიაწოდეს ტელეფონი და უთხრეს, რომ დაერეკა ადვოკატისთვის და როდესაც მან აკრიფა ტელეფონის კოდი, მომენტალურად გამოგლიჯეს ხელიდან, იმიტომ, რომ უნდოდათ კოდის გაგება და ადვოკატთან არ დაარეკინეს“, – განაცხადა ბითაძემ.
ლიკა ბითაძის თქმით, გრიგორიადისი დუმილის უფლებას ინარჩუნებს და ჩვენებას პირველივე სასამართლო პროცესზე მისცემს.
31 მარტს, სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იგი 29 მარტს პოლიციისთვის ქვებისა და მოლოტოვის კოქტეილების სროლის ბრალდებით დააკავეს. მას 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხი
„სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ“, – თქვა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გრიგორიადისის ადვოკატის საპასუხოდ და დასძინა, რომ ასევე „ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი“.
„ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს, 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა“, – ხაზი გაუსვეს უწყებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/04/2023 – ფოტოამბავი: „ლაზარეს თავისუფლებისთვის“ – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
- 03/04/2023 – მმართველი გუნდი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ვიოლა ფონ კრამონის ყოფნას ეხმიანება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)