
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნაცვლად, დათაშვილის მდგომარეობა საკანში შეაფასეს
დაკავებულმა აქტივისტმა ნინო დათაშვილმა და მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ექსპერტები მის საკანში ფარულად შეიყვანეს, რათა ფსიქიატრიული შეფასება გასაუბრების გზით ჩაეტარებინათ. აქტივისტის თქმით, შეფასება მოულოდნელად ჩატარდა, როდესაც ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანას ელოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 აგვისტოს დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ნინო დათაშვილის 20 დღით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი გადაყვანის შესახებ. სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებამ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, იურისტები და პედაგოგები, აიძულა დაეგმოთ ფსიქიატრიის ბოროტად გამოყენება ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიების დროს.
საქმის პროკურორმა, მედეა ცირამუამ, მოგვიანებით ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ დათაშვილის გადაყვანაზე უარის თქმის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპერტები გაგზავნეს მისი მდგომარეობის გასაუბრების გზით შესაფასებლად. ცირამუამ განაცხადა, რომ გამოკვლევა დასრულდა და შემდგომი კვლევები აღარ ჩატარდება.
აქტივისტი ნინო დათაშვილი საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული „თავდასხმის“ ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. ინციდენტი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა. შსს-ს თქმით, დათაშვილი „არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.
This post is also available in: English