საქართველოს რეფორმების შეფასება: ევროკავშირის 12 პირობის ანალიზი
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დოკუმენტში სახელწოდებით – „ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობა“ – ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირის თითოეულ პრიორიტეტზე და საუბარია თუ რამდენად შესრულდა ისინი და რა რჩება შესასრულებელი. კვლევის მიხედვით, სრულად შესრულებულია მხოლოდ ერთი პრიორიტეტი, ორი – მეტწილად შესრულდა, ოთხი – ნაწილობრივ, ხუთი კი – საერთოდ არ არის შესრულებელი. კვლევა, რომელიც 20 აპრილს გამოქვეყნდა, „ღია საზოგადოების ფონდის“ შიდა პროექტის – „ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსმეტრი“ – ფარგლებში, რვა სამოქალაქო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მომზადდა.
შესასრულებელი პრიორიტეტები
დოკუმენტის თანახმად, დეპოლარიზაციის პრიორიტეტი არ შესრულდა და მიუხედავად მოლოდინისა, რომ იგი შემცირდება, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა. „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტმა კიდევ უფრო გაამწვავა უთანხმოება მთავრობას, ოპოზიციას, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. პარლამენტში ძალაუფლების განაწილების მექანიზმები 2021 წლის 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, ამასთანავე საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირების პირობა არ განხორციელდა. გარდა ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობა, რაც მისი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის აუცილებელი პირობაა. ამასთან, ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პოლარიზებული რიტორიკა და პარლამენტის მიერ მაღალი კვორუმით დასანიშნ პირთა გარშემო შეთანხმება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიას წარუდგინა სასამართლო რეფორმის შესახებ კანონპროექტი, თუმცა კომისიამ აღნიშნა, რომ ის არ იძლევა სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმის გარანტიას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებით. კომისიამ ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტში მისი წინა რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული. მსგავსი პრეტენზიები არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი რეკომენდაციების უმეტესობა არ გაითვალისწინა. მიუხედავად იმისა, რომ გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურა „ქართულ ოცნებასა“ და მთავარ ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსით შეიცვალა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის დანიშვნაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და კენჭისყრა გადაიდო. გარდა ამისა, ორი მოსამართლე, რომლებიც ე.წ. „სასამართლო კლანის“ გავლენიან ფიგურებად მიიჩნევიან, იუსტიციის საბჭოში დანიშვნის პროცედურების რეფორმამდე დანიშნეს.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის პრიორიტეტს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიამ გამოავლინა მნიშვნელოვანი ხარვეზები შესაბამის კანონპროექტში და გამოთქვა შეშფოთება, რომ მისი მიღების შემთხვევაში, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ოპოზიციის მიმართ, რაც პოტენციურად არღვევს ადამიანის უვლებათა ევროპული კონვენციით (ECHR) დაცულ ფუნდამენტურ უფლებებს. ვენეციის კომისია მხარს უჭერს „სისტემურ მიდგომას“ და ხაზს უსვამს, რომ „პერსონალური მიდგომა“, როგორც წარმოდგენილია კანონპროექტში, მოითხოვს ძლიერ გარანტიებს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად. ამასობაში „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ კანონი გავრცელდება კრიტიკულ მედიასა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებზე, მაგრამ არა მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მედიის თავისუფლების პრიორიტეტის განხორციელების მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, რომ ითანამშრომლებს პროკურატურასთან და უზრუნველყოფს საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა მიიღო ცვლილებები მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში, რაც მოჰყვა მისი ჰარმონიზაციის აუცილებლობას ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან. თუმცა, კანონი გააკრიტიკა სამოქალაქო საზოგადოებამ მედიის თავისუფლების შელახვისა და ევროკავშირის დირექტივასთან შეუსაბამობის გამო. ამავდროულად, კვლევა ხაზს უსვამს ორ გამოწვევას მედიის პრიორიტეტთან დაკავშირებით – ნიკა გვარამიას პატიმრობის გაგრძელებას და თავდაცვის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს, რაც საფრთხეს უქმნის ტელეკომპანია „ფორმულას“ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ანგარიშში გამოვლენილ სხვა პრობლემებს შორის არის 2021 წლის 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობრივი დარბევის ორგანიზატორების დაუსჯელობა, ჟურნალისტებზე უკანონო თვალთვალი და „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი.
რაც შეეხება 12 პრიორიტეტის განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესის მრავალ დონეზე, კვლევაში ნათქვამია, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ დაპირებისა, რომ შეასრულებდა მოთხოვნას, რეალობაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ შეზღუდული წარმომადგენლობა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში, ხოლო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საერთოდ დაიბლოკა საარჩევნო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისგან. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აგრძელებს არასამთავრობოების წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიას. ამასთანავე, მათი რეკომენდაციები ომბუდსმენის არჩევნების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული.
ნაწილობრივ შესრულებული პრიორიტეტები
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმების პრიორიტეტის ზოგიერთი ელემენტი შესრულდა, მაგრამ არა ყველა. 2021 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბა „საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის სტრატეგია“ და „სამოქმედო გეგმა 2023-24 წლებში“, რომლებიც მოიცავს პრიორიტეტით გათვალისწინებულ ბევრ სფეროს. პარლამენტში დემოკრატიული ზედამხედველობის პროცედურები და საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომლებიც მოიცავდა ბიულეტენების ელექტრონულ დათვლის სისტემას, ინიცირებულია და მიღებულია „ქართული ოცნების“ მიერ. თუმცა, არასამთავრობოების განცხადებით, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩია. გარდა ამისა, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ზოგიერთი გადამწყვეტი ერთობლივი რეკომენდაცია, როგორებიცაა – საარჩევნო ოლქების დელიმიტაცია, მედიაკამპანიის რეგულაციების დახვეწა, ამომრჩეველთა დაშინების პრევენციული ზომები და სხვ. – არ იქნა გათვალისწინებული. გარდა ამისა, უცვლელი რჩება 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, დაუშვებელია საარჩევნო ბლოკები, რაც ოპოზიციურ პარტიებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არახელსაყრელ პირობებში ტოვებს.
ნაწილობრივ შესრულებულ პრიორიტეტებს შორის არის ანტიკორუფციული ზომების შემოღებაც. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც პასუხისმგებელია ანტიკორუფციულ ძალისხმევასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და სტრატეგიის იმპლემენტაციის ზედამხედველობაზე. ბიუროს უფროსი პრემიერმინისტრმა კონკურსის საფუძველზე დანიშნა და ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. თუმცა, არასამთავრობოები ასახელებენ ბიუროს დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ნაკლებობას. ამასთან, კვლევაში ისიც არის ნათქვამი, რომ კორუფციული გამოძიებები კვლავ არის სხვადასხვა საგამოძიებო უწყების კომპეტენცია, რაც ეწინააღმდეგება ერთ უწყებაში ძირითადი საგამოძიებო ანტიკორუფციული ფუნქციების არსებობის პრინციპს. ამის გამომწვევი მიზეზია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა ანტიკორუფციული ბიუროს საგამოძიებო ფუნქციების მინიჭების რეკომენდაცია. ანტიკორუფციული სააგენტო კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში, რაც კიდევ ერთი გამოწვევა.
რაც შეეხება მოწყვლადი ჯგუფების დაცვას, კვლევაში აღნიშნულია, რომ დღემდე არანაირი ქმედება არ განხორციელებულა 2021 წლის 5 ივლისს თბილისში ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ცოტა ხნის წინ შეიმუშავა და პარლამენტმა დაამტკიცა 2022-2030 წლების „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია“, ლგბტქი+თემი გამოირიცხა გეგმიდან და არ იქნა გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები. გარდა ამისა, არ არის შექმნილი ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური წარმომადგენლობისა და მონაწილეობის გაზრდის სპეციალური მექანიზმები.
ნაწილობრივ შესრულდა დამოუკიდებელი ომბუდსმენის არჩევის პრიორიტეტიც. დოკუმენტის მიხედვით, ამ პრიორიტეტის განსახორციელებლად „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა შეფასების ჯგუფი, რომელიც შედგებოდა სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან, რომელიც აფასებდა მსურველებს სახალხო დამცველის თანამდებობაზე. დამოუკიდებელმა არასამთავრობოებმა წარადგინეს სამი კანდიდატი, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი შეფასება და მხარდაჭერა ოპოზიციისაგან. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატების წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია ჩაატარა და არცერთ მათგანს მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის კანდიდატურას, შერჩევის პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართვის გარეშე, დაუჭირა მხარი. საბოლოოდ, საგაზაფხულო სესიაზე, იოსელიანი ომბუდსმენად ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხარდაჭერით აირჩიეს.
მეტწილად/სრულად შესრულებული პრიორიტეტები
ანალიზში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი ელის, რომ საქართველოს მთავრობა გააძლიერებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და უზრუნველყოფს სამართალდამცვეკუ ორგანოების ანგარიშვალდებულებასა და მათ ზედამხედველობას. კვლევაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს 76 კონკრეტულ გადასადგმელ ნაბიჯს და განსაზღვრავს პასუხისმგებელ ორგანოებს და მათი შესრულების ვადებს. გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო ორგანიზებული დანაშაულის ბრძოლის წინააღმდეგ 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა. თუმცა, სამუშაო ჯგუფს არ განუხილავს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები ძალოვანი უწყებების ანგარიშვალდებულებასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ მეორე პრიორიტეტიზე მუშაობა უკვე დასრულებულია და აღნიშნული საკითხიც მისი ნაწილი იყო. კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ სამართალდამცველი ორგანოების ზედამხედველობა და ანგარიშვალდებულება კვლავ გამოწვევად რჩება.
რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლას, დოკუმენტის მიხედვით აქ თითქმის ყველა პირობა შესრულდა. პარლამენტმა მრავალი პარტიის მხარდაჭერით დაამტკიცა ცვლილებები გენდერული თანასწორობის კანონებში. მთავრობამ ასევე გამოსცა დადგენილება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის თაობაზე, რითაც გაუქმდა „მსხვერპლის სტატუსი“, როგორც სახელმწიფო სერვისების წვდომის წინაპირობა. თუმცა, ჯერ კიდევ რჩება განსახორციელებელი საკითხები. ამჟამად მიმდინარეობს თემატური კვლევა პარლამენტში გაუპატიურების განმარტების სტამბოლის კონვენციასთან ჰარმონიზაციის მიზნით, რომელიც, სავარაუდოდ, 2023 წლის 27 აპრილს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებულ ცვლილებებს მხარს უჭერენ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
ანალიზის თანახმად, მე-11 პრიორიტეტი, რომელიც ავალდებულებდა საქართველოს პარლამენტს მიეღო კანონები, რათა სასამართლომ პროაქტიულად განიხილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და შექმნას კანონმდებლობის განხორციელების მექანიზმი, ერთადერთი პრიორიტეტია, რომელიც უკვე შესრულებულია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტმა წარმატებით მიიღო მოცემული კანონები და იდენტიფიცირდა სპეციალური სამსახური, რომელიც ქართველ მოსამართლეებს დაეხმარება ECHR-ის გადაწყვეტილებების ანალიზში. კანონმდებლობის მომზადების სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ცვლილებებს მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/04/2023 – არასამთავრობოები ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ
- 28/01/2023 – საქართველო PACE-ს მონიტორინგის პროცედურის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშში
- 21/09/2022 – საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინა
- 28/07/2022 – არასამთავრობოებმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინეს
- 01/07/2022 – ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)