არასამთავრობოები ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ
„კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობის მისაღწევად“, – ნათქვამია სამოქალაქო სექტორის ხელისუფლებისადმი ერთობლივ მიმართვაში, რომელსაც 140-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს ხელს.
ხელმომწერი ორგანიზაციების ინფორმაციით, ევროკომისიამ, შესაძლოა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს რეფორმებზე მუშაობას და არ გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას.
ამდენად, 11 აპრილს გავრცელებულ მიმართვაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ „ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის* საწინააღმდეგო ქმედება“.
„გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს“, – ვკითხულობთ მიმართვაში.
არასამთავრობოები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება. „ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, 2023 წლის ბოლოს, სიამაყით უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა!“, – დასძენენ ისინი.
სხვებთან ერთად, ერთობლივ მიმართვას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG); „სამართლიანი არჩევნებისა და სა დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS).
ასევე წაიკითხეთ:
- 09/03/2023 – ფოტოამბავი: „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციის მე-2 დღე თბილისში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)