ახალი ამბები

საქართველო PACE-ს მონიტორინგის პროცედურის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშში

26 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მონიტორინგის პროცედურის მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც სრული მონიტორინგის პროცედურას გადიან, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულებისას მიღწეულ პროგრესს აფასებს. ანგარიში, რომელიც 2022 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, 11 ქვეყანას მიმოიხილავს, მათ შორის, საქართველოს, რომლებიც ამჟამად სრული მონიტორინგის პროცედურას გადიან.

ასამბლეა მიესალმა საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულებისას მიღწეულ შესამჩნევ პროგრესს, თუმცა ამავე დროს, წუხილი გამოთქვა არსებული ხარვეზების გამო, რომელთა მოგვარებაცაა საჭირო და რომლებიც შემდგომ ძალისხმევას მოითხოვს საქართველოს მხრიდან, რათა მოხდეს მონიტორინგის შემდგომ დიალოგზე გადასვლა იმ პირობით, რომ ადგილი არ ექნება რაიმე უკუსვლას პროგრესში.

პოლიტიკური გარემო და პოლარიზაცია

პოლიტიკური პოლარიზაცია ერთ-ერთი ის მთავარი საკითხია, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ესაჭიროება. ასამბლეის დოკუმენტი რამდენჯერმე ხაზს უსვამს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ მზადყოფნა უნდა გამოიჩინონ და საერთო ძალისხმევით გადალახონ „უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“. მხარეები ამას იმ შემთხვევაში მიაღწევენ, თუ „საერთო სიკეთეს“, როგორიცაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ. ასამბლეა მოუწოდებს პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში საერთო პოლიტიკური ენა გამონახონ და 12 რეკომენდაციის შესრულებასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილონ ყურადღება.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პარტიებს შორის დაძაბულობასთან ერთად, ადგილი აქვს ნეგატიური რიტორიკის ზრდას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომელიც ძირითადად მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლებისგან მოდის და „მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ“. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მის ხელისუფლებასა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს შორის გულთბილი თანამშრომლობის ძლიერი ისტორია აქვთ, უთანხმოებების დროსაც კი, რაც უნდა გახდეს მაგალითი შემდგომი შემთხვევებისთვის. რეკომენდაციის ფარგლებში, ასამბლეა ურჩევს ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, რომ განაგრძონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკის ქვაკუთხედია.

კანონის უზენაესობა

ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს იმ რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელთა მიზანიცაა საქართველოს დემოკრატიული ვალდებულებების უზრუნველყოფა და კანონის უზენაესობის გაძლიერება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასეთი რეფორმები თითქოს შეჩერდა, რაც იწვევს კითხვებს საერთაშორისო თანამეგობრობაში ამ რეფორმების რეალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ანგარიშში მოცემულია ბოლო სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც საქართველოში კანონის უზენაესობისა და ინსტიტუტების დემოკრატიული ფუნქციონირების დონის კლებას ასახავს. ასამბლეა მოუწოდებს „ხელისუფლებას, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის ზედმიწევნითი, დამოუკიდებელი შეფასება განახორციელოს იმ შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც ქვეყანაში რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობას უზრუნველყოფს“.

მედიაგარემო საქართველოში

ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმემ ქვეყანაში მედია და პოლიტიკურ გარემოს ზიანი მიაყენა იმის გათვალისწინებით, რომ გვარამიას საქმის დრო და ბრალდებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს სახალხო დამცველმა, ასევე ადგილობრივმა და საერთაშორისო აქტორებმა, ხოლო ზოგიერთმა ისიც კი აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა იგი უნდა შეიწყალოს. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში ქვეყანამ მე-60 ადგილიდან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button