ახალ სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩიეს
სამოქალაქო სექტორის მიერ მხარდაჭერილი ომბუდსმენობის კანდიდატების ჩაგდების შემდეგ, პარლამენტმა დღეს 96 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მომდევნო 6 წლის ვადით სახალხო დამცველად პარტია „მოქალაქეების დეპუტატი“, ლევან იოსელიანი აირჩიეს.
ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. ლევან იოსელიანს „ქართული ოცნების“ 73 დეპუტატთან ერთად მხარი ასევე დაუჭირეს: „გირჩისა“, „ევროპელი სოციალისტების“ და მოქალაქეების დეპუტატებმა. მხარდამჭერთა რიგებში ასევე იყვნენ პოლიტიკური ჯგუფის – „რეფორმების“ დეპუტატები – ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია. იოსელიანს მხარი დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამაც დაუჭირა. იოსელიანის მხარდამჭერთა რიგებში არ იყვნენ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და ლელოს დეპუტატები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის გამო კენჭისყრას საერთოდ არ ესწრებოდა.
იოსელიანის კომენტარი
ომბუდსმენად არჩევის შემდეგ, მედიასტან საუბრისას, აწ უკვე ყოფილ კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა თავად იოსელიანმა და თქვა, რომ იგი უკვე აღარ არის პოლიტიკოსი და მისი ყველა ქმედება და განცხადება „იქნება მიმართული ადამიანის უფლებების ზედამხედველობაზე“.
„რაც მთავარია, რაზეც უამრავი კითხვა იქნა დასმული – ვიქნები თუ არა ნეიტრალური და მიუკერძოებელი? სწორედ ჩემი საქმიანობის მომავალი 6 წელი იქნება დამტკიცება იმისა, რომ მე ვიქნები მიუკერძოებელი, მე ვიქნები აპოლიტიკური და ნეიტრალური ნებისმიერი პოლიტიკური პრეფერენციის მიმართ“, – განაცხადა მან და ჟურნალისტების დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.
ლევან იოსელიანის ბიოგრაფია
44 წლის პროფესიით იურისტი, ლევან იოსელიანი „მოქალაქეების“ სიით დეპუტატად არჩევამდე, 2019 წელს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. მანვე, 2018 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა“ დააარსა. მანამდე, 2014 წელს, იგი ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. 2001-2016 წლებში იოსელიანმა ორი იურიდიული კომპანია დააარსა. უფრო ადრე, 1999-2001 წლებში, იგი „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ მუშაობდა იურისტად.
მმართველი გუნდის ლიდერების გამოხმაურება
„ლევან იოსელიანი იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, თუმცა ეს კომპრომისი საჭირო იყო ჩვენი ქვეყნისთვის სხვადასხვა თვალსაზრისით. ერთი ის, რომ აუცილებლად საჭირო იყო სახალხო დამცველის არჩევა, არ შეიძლებოდა ამ თანამდებობის ვაკანტურად დატოვება. გარდა ამისა, სახალხო დამცველის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით იყო ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ერთ-ერთი რეკომენდაცია“, – განაცხადა, ლევან იოსელიანის ომბუდსმენად არჩევის შემდეგ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მანვე ოპოზიციის „უდიდესი ნაწილი“, სახალხო დამცველის არჩევის დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღების გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ „ფარისევლობაა, როდესაც საუბრობ ევროკავშირზე და მხარს არ უჭერ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან“. „დარწმუნებული ვარ, რომ ლევან იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. ნამდვილად სახალხო დამცველი, რაც გულისხმობს ხალხის სამსახურში ყოფნას. ეს ყველაფერი ლევანზეა დამოკიდებელი. ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს“, – განაცხადა მან.
„მე ვფიქრობ, ბატონი ლევან იოსელიანის კანდიდატურა არის აბსოლუტურად მისაღები ჩვენთვის… და ვფიქრობ, რომ ჩვენი მის მიმართ მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა იოსელიანი ომბუდსმენად არჩევამდე საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
არასამთავრობოების გამოხმაურება
დღეს, იოსელიანის ომბუდსმენად არჩევამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელა 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელშიც აღნიშნეს, რომ „პროცესი წარიმართა საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე, რაც შეუსაბამოა ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციასთან, არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „პარიზის პრინციპებს“ და არ იწვევს საზოგადოებრივ ნდობას“.
საპირწონედ, მათვე განმარტეს, რომ მანამდე, მმართველმა უმრავლესობამ „გამჭვირვალე კონკურსისა და ინკლუზიური ჩართულობის შედეგად“, სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასახელებული კანდიდატები „დაუსაბუთებლად უკუაგდეს“ და ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესი „დახურულ კარს მიღმა წარმართეს“.
„ქვეყნის მთავარ უფლებადამცველ პოზიციაზე პოლიტიკოსის არჩევა სრულად ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის, ისე გაეროს რეკომენდაციებს“, – განაცხადეს უფლებადამცველებმა და დასძინეს, რომ მაშინ როდესაც, საქართველოს პარლამენტი „საზოგადოების საწინააღმდეგო რუსულ კანონპროექტებს“ განიხილავს, „სახალხო დამცველად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმაციის მქონე პირის არჩევაა“ მნიშვნელოვანი.
წინაისტორია
ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა 28 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მის კანდიდატურას მხარი ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გუშინ, 6 მარტს დაუჭირა. მმართველი გუნდი რომ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერდა, გუშინ გამართულ ბრიფინგზევე თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ.
მანამდე, მიუხედავად მმართველი პარტიის დაპირებისა, რომ ისინი ომბუდსმენობის საკუთარ კანდიდატს არ წარადგენდნენ და მხარს ოპოზიციის მიერ წარდგენილს დაუჭერდნენ, 22 დეკემბრის რიგგარეშე პლენარულს სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მხარი სახალხო დამცველობის 19 კანდიდატიდან არცერთ დაუჭირეს და პროცესი ჩააგდეს.
მაშინ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული კანდიდატების მხარდაჭერაზე უარის მიზეზად მათ „უკან მდგომი მილიონი ამომრჩეველი“ დაასახელა, რომელთათვისაც მისივე თქმით, „ეს ტიპაჟები – [ანა] აბაშიძე, [გიორგი] ბურჯანაძე, [ნაზი] ჯანეზაშვილი არიან ორგანულად მიუღებელი“.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/10/2022 – რელიგიურ და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები ომბუდსმენის შერჩევის პროცესს ეხმიანებიან
- 21/10/2022 – ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის შერჩევის შესახებ საუბრობს და ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს
- 06/10/2022 – ახალი სახალხო დამცველის მოლოდინში – როგორ აფასებს სამოქალაქო სექტორი პროცესს?
- 14/10/2022 – პარლამენტმა ომბუდსმენობის კანდიდატებზე კომისიის შეფასებები გამოქვეყნა
- 27/09/2022 – არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენობის სამი კანდიდატი წარადგინეს
- 27/09/2022 – ომბუდსმენობის მსურველთა შეფასების ჯგუფის შემადგენლობა ცნობილია
- 09/09/2022 – სახალხო დამცველის აპარატი ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის გამო შეშფოთებულია
- 01/09/2022 – კელი დეგნანის თქმით, ომბუდსმენის შერჩევის პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს
- 31/08/2022 – მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია ომბუდსმენის კანდიდატურას არ წარადგენს
- 30/09/2022 – პარლამენტმა ომბუდსმენობის მსურველთა სია გამოაქვეყნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)