სააპალეციომ ძალაში დატოვა დავით კეზერაშვილის მიმართ განაჩენი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისდროინდელი თავდაცვის მინისტრისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დაფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლის თანახმადაც, მას თავდაცვის სამინისტროსთვის 5 060 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
- 29/03/2022 – დავით კეზერაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს 5 მლნ ევროს ჯარიმა დააკისრეს
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და კეზერაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ბაჟის სახით დამატებით 3 000 ლარის გადახდაც დააკისრა. რაც შეეხება ამავე საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ასევე ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას, სააპელაციომ არ დააკმაყოფილა მის მიმართ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და უწყებას ნინუასთვის მის მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი 5 000 ლარის გადახდა დაავალა.
თავდაცვის სამინისტრომ კეზერაშვილისა და ნინუას „დანაშაულებრივი ქმედებით“ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბერს მას შემდეგ მიმართა, რაც იმავე წლის 7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და იგი დამნაშავედ ცნო 5 მლნ ევროზე მეტი თანხის გაფლანგვაში. რაც შეეხება ნინუას, იგი უკვე გასამართლებული იყო.
თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დავით კეზერაშვილმა და ალექსანდრე ნინუამ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას წვრთნებისთვის დიდი ოდენობით თანხა გადაურიცხეს, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება არ მიუღია.
მაშინ, თავად კეზერაშვილმა მის მიმართ წაყენებული ბრალდება უარყო. მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ტელეკომპანია „ფორმულას“ აქტივების დაყადაღებასა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობას ცდილობდა. თავად თავდაცვის უწყებაში ბრალდება უარყვეს და თქვეს, რომ „ფორმულას“ აქტივების გაყინვას არ გეგმავდნენ.
კეზერაშვილი 2004-2006 წლებში ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, შემდეგ კი – 2008 წლამდე თავდაცვის მინისტრად მსახურობდა. შემდგომ მან კერძო ბიზნესში გადაინაცვლა.
2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ, მის წინააღმდეგ რამდენიმე სხვადასხვა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათგან ორში იგი დაუსწრებლად გამართლდა. 2014 წელს საფრანგეთის, ხოლო 2016 წელს ლონდონის სასამართლოებმა საქართველოში მის ექსტრადირებაზე უარი განაცხადეს.
კეზერაშვილის ადვოკატისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორის კომენტარები
ყოფილი თავდაცვის მინისტრის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, :გაურკვეველია“ თუ რა პრინციპით იხელმძღვანელა სასამართლომ და რა დოკუმენტზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რადგანაც დაცვის მხარემ წარადგინა „უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა წვრთნების ჩატარებას და ამ წვრთნებში ადამიანების მონაწილეობას, რაც თავის თავში გამორიცხავს მიყენებულ ზიანს, ყოველ შემთხვევაში, იმდაგვარად ფორმულირებას, რასაც თავდაცვის სამინისტრო გვთავაზობდა“.
მშვენიერაძის მოსაზრებით საკითხი „ცხადად“ უკავშირდება ტელეკომპანია „ფორმულას“ სარედაქციო პოლიტიკას და „მთავარი სამიზნე ხელისუფლების არის ტელეკომპანია ფორმულას სარედაქციო პოლიტიკა“. „ერთადერთი ღირებული ქონება და ამ ღირებულებაშიც ვგულისხმობთ პოლიტიკურ ღირებულებას, რომელიც გააჩნია ბატონ კეზერაშვილს საქართველოში, არის „ფორმულას“ 51%-იანი წილი“, – აღნიშნა მან და დასძინა – „შესაბამისად სახელმწიფოს იერიში სამართლებრივი გზით სწორედ ამ წილზეა მიტანილი, იმიტომ, რომ ამ წილის გასხვისება და მისი მესაკუთრეობიდან [დავით კეზერაშვილის] გამოსვლა, პირდაპირ გამოიწვევს არსებით გავლენას ტელეკომპანია „ფორმულას“ სარედაქციო პოლიტიკაზე“.
„ჩვენ ბევრჯერ გვსმენია, რომ ხელისუფლებას არ აქვს მოტივები სხვა ტელევიზიებთან დაკავშირებითაც, მაგრამ თვალსაჩინო მაგალითი „რუსთავი 2-ის“ სახით გვიდგას, როდესაც მისი მესაკუთრის ცვლილებამ 2 თვეში დაასრულა მისი სარედაქციო პოლიტიკა გახადა ის პროსახელისუფლებო“, – უთხრა მან ჟურნალისტებს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.
თავის მხრივ, ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის შევიწროებაზე გაამახვილა ყურადღება და ამის მაგალითებად ასეთი მედიის ხელმძღვანელი პირების მიმართ აღძრული სისხლის სამართლებრივი საქმეები დაასახელა. მისი თქმით, კეზერაშვილის შემთხვევაში, სასამართლომ არც კი იმსჯელა, „რეალურად რა ზიანზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი“, „უბრალოდ აიღო, სისხლის სამართლებრივ ნაწილში გადაწყვეტილება, რომელიც მესამე ინსტანციაში შეცვალა და მიიღო ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, [მოსამართლე] შალვა თადუმაძემ“.
„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება კვლავ რჩება ამ კურსზე და ეს კურსი საქართველოს არ მიიყვანს ამ დიდ ევროპულ ოჯახამდე… ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ცხადია, ბოლო ინსტანციაშიც გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)