ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა 577 ხმით 33-ის წინააღმდეგ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს სააკაშვილი. ევროპარლამენტარები გამოხატავენ „დიდ შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ამაზე საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატური რეაგირების გამო“. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის საქმე არის „ლაკმუსის ტესტი ევროპული ღირებულებების და დეკლარირებული ევროპული მისწრაფებებისადმი ერთგულების, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულებისა“.
ევროპარლამენტარები შეახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისინი არიან პასუხისმგებელნი „უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, გაუწიონ მას სათანადო მკურნალობა და პატივი სცენ მის ძირითად უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“. რეზოლუცია სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს „გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი“.
რეზოლუციაში ასევე ნათქვმია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით პროგრესის არარსებობა, ზიანს მიაყენებს საქართველოს რეპუტაციას და შეაფერხებს მისი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას.
რეზოლუცია იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი „გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უცხოეთში სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა, ჰუმანიტარულ საფუძვლებზე“. რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ეს ასევე იქნება პოლიტიკური „პოლარიზაციის შემცირების გზა“.
ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ რელიზში ასევე ნათქვამია, რომ რეზოლუცია ხაზს უსვამს, „ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილის „ფუნდამენტურ როლს“, რომელიც მან „პირადი შურისძიების“ ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში ითამაშა. ამიტომ, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე იმსჯელონ „საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში“ მის მიერ ნათამაშები როლის გამო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)