Placeholder canvas
ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენობის სამი კანდიდატი წარადგინეს

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა 27 სექტემბერს „ღია საზოგადოების ფონდის“ ოფისში ომბუდსმენობის სამი კანდიდატი წარადგინა. უფლებადამცველების მიერ დასახელებული კანდიდატები არიან:

  • ანა აბაშიძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი;
  • გიორგი ბურჯანაძე – მოქმედი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოადგილე;
  • ნაზი ჯანეზაშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი.

მედიის ცნობით, სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევის პროცესში 50-ზე მეტი ორგანიზაცია იყო ჩართული, მათ შორის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „ღია საზოგადოების ფონდი“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და სხვ.

არასამთავროებების დასაბუთება

კანდიდატების წარდგენის შემდეგ, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა თქვა, რომ მათ მიერ დასახელებული კანდიდატები „მრავალფეროვანი“ ორგანიზაციების და მონაწილეობითა და მხარდაჭერით, ფართო კონსენსუსით არიან შერჩეულნი.

მისივე თქმით, თუკი ქართულ ოცნებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისა და ქვეყნისთვის სიკეთის მოტანის რეალური განზრახვა მართლაც აქვს, „მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სწორედ ამ კანდიდატებიდან უნდა მოხდეს სახალხო დამცველის შერჩევა“. „ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული, როგორც ოპოზიცია, ისე პოზიცია“, – დასძინა მან.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, ომბუდსმენის არჩევნის პროცესში მნიშნველოვანია „სწორი პოლიტიკური შეთანხმება“ და ამ მხრივ, „წითელი ხაზების დახაზვა ნამდვილად არ არის სწორი“.

„აუცილებელია, რომ პარტიები დასხდნენ ერთად, ილაპარაკონ და მივიდნენ შეთანხმებამდე, იმიტომ, რომ ნამდვილად არის შესაძლებელი ეს ყველაფერი მოხდეს და ამ საკითხთან მიმართებით გარკვეული დესტრუქციის მოწყობა, აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება“, – ხაზი გაუსვა მან.

„ჩვენ იმ კრიტერიუმებითაც შევარჩიეთ კანდიდატები, რომ მათ აქვთ კრიზისულ სიტუაციაში მოქმედების გამოცდილება და კრიზისებს კარგად უმკლავდებიან, რაც ნებისმიერი უფლებადამცველისთვის ერთ-ერთი ღირსებაა“, – განაცხადა „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელმა, გიორგი ჩიტიძემ.

პოლიტიკური შეფასებები

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით „მდიდარმა“ არასამთავრობო ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ „ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ“.

„ეს არის გახსნილი პროცესი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას და ამ დროს, მთლიანად დახურულ რეჟიმში, რამდენიმე ენჯეოს კლანი ასახელებს თავის კანდიდატურებს, რა თქმა უნდა, ერთი [ეს არის] მიუღებელი და მეორე – აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად მოვლენების მიმართ“, – დასძინა მან.

„ჯერჯერობით რთულია საუბარი, თუ რომელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, დამოკიდებული იქნება შემფასებელი კომისიის შეფასებებზე“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძარობის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა და დასძინა, რომ „საპარლამენტო ოპოზიცია, ალბათ, კონსულტაციებს გამართავს, როგორი სტრატეგიით ჯობია, რომ კანდიდატები წარვადგინოთ, რომ [მათ] უმრავლესობის მხარდაჭერაც მოიპოვონ“.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი – არასამთავრობო ორგანიზაციებმა მართლაც „სოლიდური საქმე“ გასწიეს და „ღირსეულთა შორის ღირსეული“ კანდიდატები წარმოადგინეს. „ამ სამი კანდიდატის ალტერნატივად რა უნდა შემოაგდოს ქართულმა ოცნებამ მე არ ვიცი, ვერც შემოაგდებენ“, – დასძინა მან.

არასამთავრობოების მიმართ განცხადების გამო გააკრიტიკა ირაკლი კობახიძე ლელო საქართველოსთვის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა და მისი განცხადება სამოქალაქო სექტორის „დისკრედიტაციის მცდელობად“ შეაფასა. „…მსგავსი დამოკიდებულებით თუ გააგრძელებს ქართული ოცნება ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს ეს პროცესი, რამდენი შეხვედრაც არ უნდა მოიწვიოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ კაბინეტში“, – დასძინა მან.


სახალხო დამცველობის მსურველთა კონკურსი 15 სექტემბერს გამოცხადდა და ის 29 სექტემბერს დასრულდება. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ომბუდსმენობის სურვილი სულ 7-მა კანდიდატმა გამოთქვა, მათ შორის არის გირჩის დეპუტატი, იაგო ხვიჩია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button