ახალი ამბები

ვენეციის კომისია: შემოთავაზებული კანონპროექტი „არ ითვალისწინებს სასამართლო სისტემის ძირეულ რეფორმას“

ვენეციის კომისიამ მიმდინარე სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასა და განაცხადა, რომ ისინი „შეზღუდული მასშტაბის“ არიან და „არ ითვალისწინებენ სასამართლო სისტემის ძირეულ რეფორმას“. კომისიისგან შეფასება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2022 წლის ნოემბერში მოითხოვა. მოცემული საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილია.

მანამდე, 2019-2022 წლებში, ვენეციის კომისიამ საქართველოში სასამართლო სისტემის მიმდინარე რეფორმის შესახებ ოთხი დასკვნა გამოსცა. ბოლო დასკვნა აფასებს საკანონმდებლო ცვლილებებს კომისიის წინა რეკომენდაციების გათვალისწინებით, „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიამ გაიმეორა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობა. ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეუძლია კანონის საფუძველზე, ობიექტურად, აღასრულოს სამართლიანობა და ხელი შეუშალოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ფუნქციონირებისთვის უნდა არსებობდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციაში.

კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ მანამდელი რეკომენდაციებიდან რამდენიმე ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია. მაგალითისთვის: „სასამართლო კორპორატივიზმისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადი ინტერესების“ საკითხის მოწესრიგება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა მოსამართლეთა მხარდაჭერის ან თანხმობის გარეშე გადაყვანის პრაქტიკის ფარგლებში; მოსამართლეთა თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის გადახედვა და ა.შ.

კომისია რეკომენდაციას უწევს სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის შესახებ საკანონმდებლო დებულებების შემოკლებას და გამარტივებას. ამავდროულად, წარსული და მომავალი განაჩენების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფას. ვენეციის კომისია მიესალმა საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, რომ სურს მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინება. ამდენად, კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ასეც მოიქცნენ ყოველგვარი დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button