skip to content
ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევას პოლიტიკოსები აფასებენ

მოსამართლეთა კონფერენციამ 23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრებად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები – ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.

საბჭოში მურუსიძისა და გვრიტიშვილის დაბრუნებას პოლიტიკოსთა გამოხმაურება მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეფასებებს გთავაზობთ.

ქართული ოცნების გამოხმაურება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მათთან „აფილირებული პოლიტიკური თუ სხვა წრეების მხრიდან“ სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გვესმის, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ „სასამართლოზე რეალურად კონტროლი დაკარგა“.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმა ეხება კანონებსა და მთლიანად სისტემას და არა სახელებს და გვარებს, „რომელიც ვინმეს შეიძლება მოსწონს ან არ მოსწონს ან საერთოდ ნეიტრალურად არის განწყობილი“. ქადაგიშვილმა ოპოზიცია ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში პასიურობისთვისაც გააკრიტიკა და თქვა, ისინი რეფორმებზე მუშაობის ნაცვლად, „კვლავ პოლიტიკური განცხადებებით არიან შემოფარგლულნი“.

ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი, დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევა რეკომენდაციების შესრულების პროცესს საფრთხეს არ შეუქმნის.

სერგეენკოს თქმით, მისი წარმოდგენით იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუტი უნდა იყოს, რომელზეც გავლენა არ ოპოზიციას აქვს და არც ხელისუფლებას. „კონკრეტულ შემადგენლობაზე ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით, რომ რატომ თვლიან, რომ ეს არის კლანი ან არ [არის] კლანი, ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თუმცა ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან“, – დასძინა მან.

„ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის, გივი მიქანაძის შეფასებით კი – მურუსიძისა და გვრიტიშვილის მიმართ წარმოებს „ბინძური კამპანია“ და „აგორებულია შავი პიარი“, რისი „მამტკიცებელი რამე მტკიცებულება დღემდე წარმოდგენილი არ არის“.

„ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც ოპოზიცია ცდილობს რომ კლავ ააგოროს და გამოიყენოს. თუმცა, თუ ისინი ემხრობიან იმ გარემოებას, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გუშინ იყო მიღებული“, – ხაზი გაუსვა მან.

ოპოზიციის გამოხმაურება

„ლევან მურუსიძე და [დიმიტრი] გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე, უბრალოდ გუშინ მათი არჩევით, კიდევ უფრო გაუადვილდებათ მათ მათნაირი მოსამართლეების დანიშვნა სასამართლო სისტემაში და რაც უფრო დიდხანს გაჩერდებიან სასამართლო სისტემაში, მით მეტი ლევან მურუსიძე ეყოლება ქართულ სასამართლო სისტემას“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ „გუშინ მომხდარი ფაქტი ცხადყოფს, რომ ეს ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას, მეტიც – ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ახდეს რუსული ოცნება და საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“. „სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას“, – დასძინა ნიკა მელიამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობისა და მისი არჩევის წესის პრობლემურობაზე გაამახვილა ყურადღება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით შეფასებით, საბჭოს დაკომპლექტების მოქმედის წესი ქმნის „გავლენის ჯგუფის“ (ჩინჩალაძე, მურუსიძე) და მათთან კავშირში მყოფი ხელისუფლების მიერ საბჭოს ინსტრუმენტად, პირადი თუ პარტიული ინტერესებისთვის გამოყენების რისკებს.

„ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბჭოს დამოუკიდებლობა. ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ რეფორმა, პირველ რიგში, საბჭოს შეეხოს და ამისკენ მოგვიწოდებს ევროკავშირის რეკომენდაციებიც. საბჭოს დამოუკიდებლობის გარეშე არ არსებობს სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარეშე არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს“, – დაწერა მეზვრიშვილმა Facebook-ზე.

„იუსტიციის საბჭოში განხორციელებული ფასადური არჩევნებით, ქართულმა ოცნებამ განაგრძო ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ევროინტეგრაციის პროცესზე ღიად თავდასხმა. ევროპული კომისიის 12 პუნქტის შესრულების მაგიერ, ხელისუფლებამ დღეს მორიგ ჯერზე გაამყარა “სასამართლო კლანის” ძალაუფლება და გააძლიერა საკუთარი პოლიტიკური კონტროლი მართლმსაჯულების სისტემაზე“, – განაცხადეს პარტიაში ლელო საქართველოსთვის.

პარტიაში ასევე დასძინეს, რომ „სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმის განხორციელების ნაცვლად, მმართველმა გუნდმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად „კლანის“ ორი გავლენიანი სახე აირჩია“. „ერთი მხრივ, ეს წარმოადგენს ოლიგარქიული რეჟიმის მცდელობას, რომ ყველა ინსტიტუტზე დაამყაროს ტოტალური კონტროლი. მეორე მხრივ [ეს] გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროპული კავშირის მიერ დადგენილი კრიტერიუმების სრულ უგულვებელყოფას და მიზანმიმართულად ანადგურებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების შესაძლებლობას“, – ხაზი გაუსვეს ლელოში.

სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, ქართული ოცნების ხელისუფლება აგრძელებს „შეთქმულებას“ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც სასამართლო სისტემის რეფორმა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად მაღალი რეპუტაციის მქონე პირების დანიშვნა ევროკავშირის რეკომენდაცია იყო, საბჭოში მურუსიძისა და გვრიტიშვილის გამწესება „არის პირდაპირ დარღვევა ევროპული რეკომენდაციის“.

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებად მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევა არის ქართული ოცნების გზავნილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომ მათ პირობებში „არანაირი ევროპული პერსპექტივა“ გვაქვს. „ქართულ ოცნებას არ ეკუთვნის ჩვენი სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ მათ ის მიტაცებული აქვს… ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ აქტიურობაზე, ჩვენი დასკვნების გაკეთებაზეა დამოკიდებული, დავთმობთ თუ არა ამ მომავალს“, – ხაზი გაუსვა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button