საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინა
საპარლამენტო ოპოზიციის და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილმა 21 სექტემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების „ბაზისური“ პაკეტი წარადგინა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავეს.
ოპოზიციის განცხადებით, თუკი ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება „რეალურად სურთ“, მათ მიერ წარმოდგენილი ცვლილებების „კომპრომისული“ და „მინიმალისტური“ ვარიანტი უნდა გაიზიარონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სტატუსის არმიღებაზე „სრულ პასუხისმგებლობას“ ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ. „ჩვენი ამ ნაბიჯით ერთ მხარეს რჩება ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიული ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები, ხოლო მეორე მხარეს – „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი“, – აცხადებენ ოპოზიციური პარტიები.
ქვემოთ ოპოზიციის მიერ შემუშავებული ბაზისური ცვლილებების პაკეტია წარმოდგენილი:
1. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრა პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით:
- 19 აპრილის შეთანხმებაში დაბრუნება და შესრულება, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღება;
- პოლიტიზირებული მართლმსაჯულების დასრულება.
2. უზრუნველყოფილ იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გაძლიერდეს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა:
19 აპრილის (შარლ მიშელის) პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღება:
- ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. პირველი ორი მცდელობა საჭიროებს ორი მესამედის უმრავლესობას. მესამე მცდელობა – სამი მეხუთედის უმრავლესობას. შემდგომი მცდელობა – უბრალო უმრავლესობას. კენჭისყრა არ უნდა ჩატარდეს, თუ წინა კენჭისყრიდან სულ მცირე 4 კვირა არ არის გასული;
- გაუქმდეს ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ცესკოს თავმჯდომარის ვადის გასვლის შემდეგ, ახლის არჩევამდე „ვადაგასული“ პირი ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას;
- ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კონკრეტული პირის 6 თვით დანიშვნა შეიზღუდოს მხოლოდ ერთი ვადით.
3. მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს:
სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება:
- მიღებულ უნდა იქნეს სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ინკლუზიურ და მრავალპარტიულ ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოების ფართე ჩართულობით;
- სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი გასატარებელი რეფორმის ყველა საკვანძო საკითხი, საერთაშორისო გამოცდილების და საქართველოს საჭიროებების გათვალისწინებით; უნდა იყოს დასახული ამოცანების შესრულების რეალისტურად მკაცრი ვადები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორების მითითებით;
- სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს სასამართლო სისტემაში არსებული კრიზისული ვითარების და მისი გამომწვევი მიზეზების სრულყოფილ შეფასებას დამოუკიდებელი შემფასებლების მიერ, ინკლუზიური პროცესის შედეგად;
- სტრატეგია უნდა მიიღოს პარლამენტმა რეზოლუციის სახით მიმდინარე სესიაზე და აღსრულება უნდა დაიწყოს მომავალი წლის დასაწყისიდანვე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო კვალიფიკაციის და რეპუტაციის წევრების არჩევა: მიმდინარე სესიაზე პარლამენტმა უნდა აირჩიოს იუსტიციის საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრი. კანდიდატების არჩევა უნდა მოხდეს გამჭირვალე პროცესით, ფართე პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. ყველა არჩეული წევრი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური. სარგებლობდეს კარგი პროფესიული რეპუტაციით და მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის დაწყება:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს პარლამენტის მიერ არჩეული სულ მცირე 4 არამოსამართლე წევრის მხარდაჭერით;
- იუსტიციის საბჭოს ხელში თავმოყრილი ჭარბი და უკონტროლო ძალაუფლების დეკონცენტრაცია უნდა იყოს რეფორმის სტრატეგიის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი. დეკონცენტრაცია უნდა დაიწყოს პრიორიტეტულად სწრაფად, სტრატეგიაში გაწერილი ხედვის და მიმართულებების მიხედვით;
- უნდა აიკრძალოს სასამართლოს თავმჯდომარეებად ერთიდაიმავე პირების ზედიზედ ორჯერ დანიშვნა/არჩევა. სასამართლოების, პალატების, კოლეგიების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს უნდა აეკრძალოთ იმავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა.
დამაზიანებელი ახლადმიღებული რეგულაციების გაუქმება: უნდა გაუქმდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის ბოლოს დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები (ე.წ. „მოსამართლეთა გადასახლებისა“ და ცენზურის შესახებ ნორმები).
სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
4. გააძლიეროს ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტი-კორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახლადდაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა:
- ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონპროექტი დაინიცირებულია პარლამენტში. მიმდინარე სესიაზე უნდა მოხდეს მისი განხილვა და მიღება. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია, თანამდებობის პირების მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულების კონტროლი, კორუფციული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;
- სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების უფროსების დანიშვნის წესში ცვლილება (პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით).
5. „დეოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით: მოცემულ პაკეტში გაზიარებული იქნა არასამთავრობო სექტორის მიდგომები დეოლიგარქიზაციის პროცესთან დაკავშირებით.
6. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს, კერძოდ, საგულდაგულო გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით; სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა უნდა იყოს გარანტირებული: შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები და რესურსები იმისთვის, რომ ეფექტურად დაძლიონ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემები.
7. უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე:
- კრიტიკული მედია საშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებების და სასმართლო პროცესების შეწყვეტა. ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლება პრეზიდენტის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენებით;
- 2021 წლის 5-6 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი ძალადობის ორგანიზატორების და შემსრულებელთა გამოსავლენად ეფექტური გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა;
- ფართო კონსენსუსის საფუძველზე, მედიის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზება ევროკავშირის დირექტივასთან;
- ალტერნატიული წინადადების წარდგენა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის პროექტის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტთან დაკავშირებით (მაუწყებლის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება).
8. სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით:
- 2021 წლის 5 ივლისს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სრულყოფილი გამოძიება;
- ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიღება, რომელიც მოიცავს ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას და საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ქსენოფობიის შემცირებას. ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ წარმომადგენლობის და მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
9. გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ:
- გენდერული ძალადობის და ოჯახში ძალადობის ახალი სამოქმედო გეგმის მიღება;
- სქესობრივი დანაშაულების სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- ძალადობის მსხვერპლებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
10. უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა ეროვნული დონის პოლიტიკის/სტრატეგიის დოკუმენტების და მათი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში.
11. მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში: პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული შესაბამისი კანონის მეორე და მესამე მოსმენით მიღება.
12. უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა: საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება დამოუკიდებელი, არასამთავრობო სექტორის მიერ შერჩეული, მაღალი რეპუტაციის მქონე კანდიდატები.
ასევე წაიკითხეთ:
- არასამთავრობოებმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინეს
- ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)