skip to content
ახალი ამბები

სააპელაციომ ხაზარაძე-ჯაფარიძის განაჩენი უცვლელად დატოვა

26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისა და პარტია ლელოს ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.

ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და წერეთელს ფულის გათეთრების მუხლით (სსკ-ის194) ბრალი 2019 წელს წაუყენეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა კომპანიებმა – შპს „სამგორი M“-მა და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი თანხების შევსების მიზნით, დაახლოებით 17 მლნ ამერიკული დოლარის ოდენობის სესხი აიღეს. კომპანიებმა მიღებული თანხა იმავე დღეს სესხის სახით ფიზიკურ პირებზე – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე გასცეს. პროკურატურისვე ცნობით, 2012 წელს აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებებისგან სრულად გაათავისუფლეს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი 2022 წლის 12 იანვარს გაამტყუნა, თუმცა ფულის გათეთრების მუხლი თაღლითობის მუხლით (180) გადაუკვალიფიცირა და სამივე მათგანს 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებდნენ.

მხარეთა გამოხმაურება

მამუკა ხაზარაძემ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელსაც იგი თანაპარტიელებთან ერთად „ლელოს“ ოფისში ელოდა, თქვა, რომ საზოგადოება 4 წლის განმავლობაში „დადგმულ სპექტაკლს“ და „პოლიტიკურ მართლმსაჯულებას“ ადევნებდა თვალს და რასაც მათ ედავებიან, არის „სამართლებრივი აბსურდი“.

მისი განმარტებით, ისინი იმ საქმეზე გაამტყუნეს, რაზეც განხილვა საერთოდ არ ყოფილა და თავად პროკურატურასაც წერილობით აქვს დადასტურებული, რომ თაღლითობის ნაწილში „პრეტენზია არ გააჩნიათ“. „აბსოლუტურად ნონსენსია…, ბრალდება წაგვიყენა მოსამართლემ და არა პროკურატურამ მსგავსი რამ არცერთ კანონში არ წერია“, – განაცხადა და დასძინა, რომ ეს „ადამაინის უფლებების უხეში დარღვევაა“.

„ეს არის ის სასამართლო, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, გადმოიბარა წინა ხელისუფლებისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოსამართლეები გაასამართლებენ ისევ ქართული ოცნების ლიდერებს“, – უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძემ და დასძინა, რომ „ეს არის აბსურდის თეატრი, ეს არის აბსურდის ქვეყანა და ასე ვერ გაგრძელდება“.

„მთელი ეს პროცესი არის ფარსი, მხოლოდ იმისთვის, რომ წინასწარ ცნობილი გადაწყვეტილება გამოაცხადონ რამდენიმე თვის შემდგომ“, – განაცხადა თავის მხრივ ბადრი ჯაფარიძემ და დაამატა, რომ „ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ მოსამართლეთა სამკაციანი კოლეგია არის ჩართული ამ ფარსში“.

მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, „აბსოლუტურად ნათელი“ იყო, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზნით იყო მოგონილი, რომ მათთვის „რაღაც“ დაებრალებინათ, რადგანაც ფულის გათეთრების მუხლით წაყენებული ბრალი ვერ დაუმტკიცეს და „ვითომდა რაღაც თაღლითობა“ ჩაიდინეს, რომლითაც თავადვე დაზარალდნენ.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში ელოდებოდა ავთანდილ წერეთლის შვილი, ვატო წერეთელი, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ არსებული სასამართლოს „მახინჯი სისტემაც“ კი „ვერ აპრავებს“ და აკმაყოფილებს ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ფანტაზიებს“, რაც საქმეზე ბრალდებულების მიმართ შტურმსა და ციხეში გაშვებას გულისხმობს.

საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა კი აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს მსგავსად სააპელაციო სასამართლომაც სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, უბრალოდ მათ კვალიფიკაციის ნაწილში არ დაეთანხმა.

ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს, პროკურატურა კი ამას დასაბუთებული განაჩენის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button