Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 2 ივლისს გამართულს ხდომაზე 94 ხმით ერთის წინააღმდეგ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიღება კანონმდებლობის ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად. ოპოზიციური პარტიები – ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და ქართული ოცნების სხვა წევრების – ირაკლი კობახიძის, ანრი ოხანაშვილისა და დავით მათიკაშვილის მიერ იყო ინიცირებული.

ირაკლი კობახიძემ 2 ივლისს განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში „ფუნდამენტური ცვლილებები შედის, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მას შემდეგ, რაც დამტკიცდა პრინციპული საკონსტიტუციო ცვლილებები“.

„ეს ყველაფერი, ერთობლიობაში, უზრუნველყოფს იმას, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოში ჩატარდება უპრეცედენტოდ სამართლიან და თანასწორ გარემოში“, – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე 60 დღი განმავლობაში აკრძალულია სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მაუწყებელთა ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც შესაბამისი უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

აგრეთვე, ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული არაკომერციული და იურიდიული პირების თანამშრომლებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციის წარმოება ეკრძალებათ.

ცვლილებებით 25%-იანი გენდერული კვოტებიც შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციულ პარტიულ სიებში პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი იქნებიან, რომ სულ ცოტა ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მომავალ პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, ცვლილება ქალთა წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში მინიმუმ 30 დეპუტატამდე გაზრდის (რაც საერთო რაოდენობის 20%-ია).

იგივე წესი იქნება გამოყენებული საპარლამენტო არჩევნებზე 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით და ასევე რიგგარეშე არჩევნების შემდეგ, 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე. 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან 2032 წლის არჩევნებამდე კი, პარტიულ სიებში ყოველი მესამე ადამიანი განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

სხვა ცვლილებები ასევე მოიცავს მეორე ტურის ზუსტი თარიღის დადგენას (არჩევნების პირველი ტურიდან მესამე შაბათს). ცვლილებებით აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირთა მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

ცვლილებების თანახმად, უფასო საეთერო დრო თანაბრად დაეთმობათ იმ პარტიებს, რომელთაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 3%-იანი ბარიერი გადალახეს. არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნების წესების დარღვევის შემთხვევაში, ნაციონალური მაუწყებლები 5 000 ლარით, ხოლო სხვა მაუწყებლები – 1 500 ლარით დაჯარიმდებიან.

საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ ინფორმაციისა და ფინანსური ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არასწორი მონაცემები წარდგენის გამო დამოუკიდებელი კანდიდატი 1 000 ლარით, პოლიტიკური პარტია კი – 5 000 ლარით დაჯარიმდება ან გაფრთხილება მიეცემა.

რასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 1 ივლისს განაცხადა, რომ კანონპროექტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად გაუმჯობესება სჭირდება.

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესახებ საუბრისას, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არსებულ მდგომარეობას ინარჩუნებს და საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის პოზიციების განმტკიცებას ემსახურება.

კოდექსი კვლავ შერეულ მოდელს ინარჩუნებს, სადაც საარჩევნო კომისიების 12 წევრიდან ექვსს პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ, ხოლო დანარჩენი ექვსი ადგილი საარჩევნო სფეროს პროფესიონალებით დაკომპლექტდება.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მიესალმა ცვლილებების მიღებას ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, თუმცა, აღნიშნა, რომ უფრო ამბიციურ რეფორმებს ელოდა, მათ შორის, ეუთო/ოდირის მიერ რეკომენდირებულ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.

ელჩმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ „ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული“ და დასძინა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები „გადამწყვეტი მომენტი იქნება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების – დაიცვას დემოკრატიული პროცესები და კანონის უზენაესობა – შესრულების შესაფასებლად“.  

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button