ახალი ამბები

ქართულმა ოცნებამ სასამართლო სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმა წარადგინა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის ფარგლებში სასამართლო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარადინა.

ოხანაშვილის თქმით, დოკუმენტი სამუშაო ჯგუფმა „მაქსიმალური ჩართულობით“, მათ შორის, ომბუდსმენის ოფისის მონაწილეობით მოამზადა და მთელი რიგი ის შემოთავაზებებიც არის ასახული, რომლებიც მათ ჯგუფის წევრებისგან მიიღეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მიერ შემუშავებული სტრატეგია ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარების შესახებ მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ 200-გვერდიან დოკუმენტს ეფუძნება.

„სწორედ ეს დოკუმენტი არის ბაზისი ამ სტრატეგიის და შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამ დოკუმენტიდან გამომდინარე დავაიდენტიფიცირეთ, პირველ რიგში, ის სიტუაცია, თუ სად არის ქართული მართლმსაჯულება განვითარების მხრივ [და] რა გამოწვევები უდგას ქართულ მართლმსაჯულებას“, – ხაზი გაუსვა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმირების სამოქმედო გეგმა ასახავს ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა:

  • მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა, დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების გონივრულ ვადაში შესასრულებლად და საქმიანობის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად;
  • სასამართლოში საქმეთა ნაკადის შემცირება და სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება, რისთვისაც აუცილებელია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების სათანადო განვითარება და ხელშეწყობა, როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით;
  • სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება და მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა პროფესიული განვითარების კიდევ უფრო ხელშეწყობა;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვის მექანიზმების გაუმჯობესება;
  • მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება, ასევე, მართლმსაჯულების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების კიდევ უფრო განვითარება;
  • საზოგადოების ინფორმირებულობისა და მასთან კომუნიკაციის გაზრდის გზით სასამართლოს მიმართ ნდობის კიდევ უფრო გაძლიერება;
  • სასამართლოს დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესება;
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შემდგომ გაძლიერება;
  • სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ელექტრონული საშუალებების გამოყენების პრაქტიკის გაფართოება;
  • მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სერვისების დანერგვა;შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფა, აგრეთვე ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით სათანადო გარემოს შექმნა.

ანრი ოხანაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სფეროში სამომავლოდ განსახორციელებელი ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილების მიზანი არა მართლმსაჯულების დაბრკოლება და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების შეფერხება უნდა იყოს, არამედ „სასამართლო სისტემის შემდგომი გაუმჯობესება და რეპუტაციული ზიანისაგან სასამართლოს დაცვა“.

ამიტომ, მისივე თქმით, სხვადასხვა ფორმატში, განსაკუთრებით კი – ცალკერული პოლიტიკური პარტიების მხრიდან ისეთი შემოთავაზებები, როგორებიცაა მაგალითად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხვადასხვა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმის გაზრდა (ე.წ. ორმაგი 2/3) და სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევის წესის შეცვლა, „არ იქნება გათვალისწინებული“.

მისივე მტკიცებით, აღნიშნული შემოთავაზებები „არის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო, არ ეფუძნება დამკვიდრებულ საერთაშორისო პრაქტიკას და საბოლოოდ, მართლმსაჯულების შეფერხებასა და სასამართლოში მისთვის შეუფერებელი პოლიტიკური პროცესების გაღვივებას გამოიწვევს“.

დეპუტატისვე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო კვორუმის ორმაგ 2/3-მდე გაზრდის მოდელი „არ არსებობს განვითარებულ დემოკრატიულ სამყაროში და ჩვენ საცდელ ობიექტად ვერ გავხდით ქართულ მართლმსაჯულების სისტემას“.

ოპოზიციის შეფასება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, „დღეს, სასამართლოში მთავარი პრობლემა ხომ ხელისუფლების ზეგავლენაა მოსამართლეების საქმიანობაზე, მათ დანიშვნაზე, მივლინებებზე, დაწინაურებებზე“. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის დომინანტური მდგომარეობა, რომელიც ქართულ ოცნებას იუსტიციის საბჭოსა და სასამართლოზე აქვს, „როგორმე დაბალანსდეს ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით“.

„ფაქტობრივად, ქართულმა ოცნებამ შემოგვთავაზა მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები, რომლებიც რეალურად ვერც სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას ვერ განაპირობებს“, – განაცხადა, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ გეგმაში სასამართლოში „ორგანიზებული, დანაშაულებრივი კლანი დამარცხებაზე“ საუბარი არ არის. „შესაბამისად, ყველაფერი ეს ემსახურება ერთ რამეს, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – დასძინა მან.

„ქართული ოცნებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს მართვა და კონტროლი, რომ მნიშვნელოვანი და სერიოზული ცვლილებების დიდი მოლოდინი არ მაქვს“, – განაცხადა მოქალაქეების დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button